"სინამდვილეში ძალიან მარტივად იყო საქმე" - რას ამბობს მარგველაშვილი "ოცნებასთან" უთანხმოებასა და პარტიებზე, რომელთანაც მოლაპარაკებები ჰქონდა - კვირის პალიტრა

"სინამდვილეში ძალიან მარტივად იყო საქმე" - რას ამბობს მარგველაშვილი "ოცნებასთან" უთანხმოებასა და პარტიებზე, რომელთანაც მოლაპარაკებები ჰქონდა

"ოპოზიციას დღეს არც სჭირდება ქუჩის აქციები, ისედაც მშვენივრად შეუძლია გაიტანოს პოლიტიკური ლელო"

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ ყველა იმ დარღვევის კომპილაცია გააკეთა, რაც 30 წლის განმავლობაში გვინახავს საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებზე და დღეს ამ ყველაფრის ნაკრები შემოგვთავაზეს... ასევე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი ხმა მოიპარეს... მოსყიდვა, მოქრთამვა, დაშინება და ძალადობა დაუბალანსებელმა ოქმებმა დააგვირგვინა", - ასე აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ ვითარებას. მისი თქმით, დღეს ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამედიცინო კრიზისია.

- იყო თუ არა შეცდომა, რომ "ქართულ ოცნებას" მხარს ვუჭერდი? რა გითხრათ, 2014 წლის იანვრიდან დავიწყე საუბარი იმის შესახებ, რომ არ შეიძლება გადაუხვიო იმ გზიდან, რომლის გამოც ხალხმა მხარი დაგიჭირა. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაგვარად აღიქმებოდა ჩემი განცხადებები - ხან ამბობდნენ, რომ ვიღაცას ვეკინკლავებოდი, ხან თურმე ბიძინა ივანიშვილთან არ გამომდიოდა ურთიერთობა... სინამდვილეში ძალიან მარტივად იყო საქმე - მე ჩემი ხედვის ერთგული ვიყავი, ჩემი ხედვა კი ასეთი იყო და არის: არ შეიძლება დანაშაულზე თვალის დახუჭვა არც პოლიტიკაში და არც ცხოვრებაში, მით უფრო, როცა საქმე ეხება დანაშაულს.

- თქვენი პირველი უთანხმოება "ქართულ ოცნებასთან" პრეზიდენტის რეზიდენციას უკავშირდებოდა. - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პრეზიდენტის სასახლე ნამდვილად იყო ამ დაპირისპირების გაფორმება. უფრო კონკრეტული მინიშნება თუ გნებავთ, გაიხსენეთ ჩემი პირველი კრიტიკული სიტყვა, რომელსაც პირველი ვეტო მოჰყვა. ის ფარულ მიყურადებას შეეხებოდა. სანამ "ქართული ოცნება" ოპოზიციაში იყო და აქციებს მართავდა, ჩვენს მხარდასაჭერად მოდიოდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც მობილურ ტელეფონებზე ასეთი სტიკერები ჰქონდათ დაკრული: "ნუ მისმენ". ფარული მოსმენა იყო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბრალდება სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამის შემდეგ შენ მოდიხარ ხელისუფლებაში და შემოგაქვს კანონი, რომელიც ხელ-ფეხს უხსნის მიყურადების სამსახურს. ამ ყველაფერზე აბსურდული პასუხი მივიღე, მიშა ამას ცუდად იყენებდა, ჩვენ კარგად გამოვიყენებთო.

- ფარული მოსმენა, ფარული ვიდეოჩაწერა ან რაიმე სხვა აკრძალული მეთოდი ხომ არ გახდა მიზეზი, რომ უარი თქვით აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე? - თქვენ, ალბათ, იმას გულისხმობთ, რომ კენჭი აღარ ვიყარე მეორე ვადაზე. სინამდვილეში მე აბსურდული საკონსტიტუციო ცვლილებების მსხვერპლი ვარ, რომელმაც პრეზიდენტს ყველა უფლებამოსილება ჩამოართვა. ნამდვილად არ მინდოდა მეორე ვადით პრეზიდენტობა შეკვეცილი უფლებებით. პრეზიდენტობის მეორე ვადაზე ხალხი მეტად გთხოვს პასუხს, მე კი რა უნდა გამეკეთებინა შეკვეცილი უფლებებით, რომ ხალხის გულისწყრომა არ დამემსახურებინა?

- ახლაც გქონდათ პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობა. - კი, და თუ იქნება შესაბამისი პოლიტიკური ვითარება, ამ სამსახურს ისევ გავაგრძელებ.

- რას გულისხმობთ? - საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი შემქმნელი მეც ვარ და ამას გავაგრძელებ. პოლიტიკოსობა, ქვეყნის მსახურება თანამდებობაზე ყოფნას არ ნიშნავს, უფრო პირიქით.

- იყო მოსაზრება, რომ "ლელოსთან" გქონდათ მოლაპარაკება.

- ვერ მოგიყვებით საუბრის შინაარსს, რომელიც მქონდა არა მარტო "ლელოსთან", არამედ ბევრ სხვა, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მიღმა მყოფ პოლიტიკურ პარტიებთან. ვფიქრობ, არცთუ უვარგისია ჩემი ხედვა, რომელიც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიღმა მყოფი პარტიებისგან მესამე პოლიტიკური ცენტრის წარმოქმნას გულისხმობს. ამ გაყალბებულ არჩევნებშიც კი 25% მოიპოვეს, თანაც მაშინ, როცა დიდ ნაწილს დამკვირვებლებიც არ ჰყავდა საარჩევნო უბნებში. სავარაუდოდ, მათი პოლიტიკური წონა უფრო გაიზრდება.

- პარლამენტის ბოიკოტირება არის თუ არა ოპოზიციის შეცდომა? - ოპოზიციის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, არ მიიღოს მონაწილეობა გაყალბებაში და არ მოუწეროს ხელი თაღლითობაზე ხელისუფლებას. ეს არის მთავარი გადაწყვეტილება, ხოლო პარლამენტში შესვლაზე უარი ტაქტიკური ნაბიჯია.

სრულიად ვუჭერ მხარს ოპოზიციის როგორც სტრატეგიულ, ისე ტაქტიკურ სვლებს. დღეს რომ ეთქვათ, ვიცით, არჩევნები რომ გაყალბდა, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს და შევალთ პარლამენტშიო, იქ დასრულდებოდა მათი ოპოზიციონერობაც და პოლიტიკოსობაც.

- ანალიტიკოსების რჩევაზე რას იტყვით, როცა ოპოზიციას პარლამენტში განსაზღვრული დათქმებით შესვლასა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას ურჩევენ? - ჩემს თაობას კარგად ახსოვს მწვრთნელი, ალპინისტი ლიოვა სარქისოვი. შეკრებებზე ზოგჯერ მოვიდოდა ვიღაც და ყურებს გამოუჭედავდა ლაპარაკით. ჩვენ რომ ვკითხავდით, ვინ იყო, რა უნდოდაო, ის გვპასუხობდა, მწვერვალზე არ ყოფილა და ალპინიზმის ცოდნაზე აქვს პრეტენზიაო. ასე არიან ანალიტიკოსებიც. არასდროს მიუღიათ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაში და ყველას ჭკუას არიგებენ. ეს ხალხი ფრონტის ხაზზე დგას და ჩვენი ხმების დასაცავად იბრძვის თავისი საპარლამენტო მანდატების ხარჯზე. ეს ძალიან სწორი და გამართლებული ბრძოლაა. თუ მათ დაუდგებიან გვერდით, ხომ კარგი, თუ არადა, "ალპინიზმის თეორეტიკოსების" რჩევები სულ არ მაინტერესებს.

მე თუ მკითხავთ, ოპოზიციას დღეს არც სჭირდება ქუჩის აქციები, ისედაც მშვენივრად შეუძლია გაიტანოს პოლიტიკური ლელო. დღეს "ქართული ოცნება" "კომუნისტურ კუთხეშია" მომწყვდეული. რამდენ ხანს გაქაჩავს ასე? ძალაუფლებას, ქვეყნის მართვას ლეგიტიმაცია სჭირდება. ხვალ-ზეგ აუცილებლად ჩამოიშლებიან.

- დღეს არსებული ვითარება არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დასავლელ პარტნიორებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაცია ეეჭვებათ. - დასავლეთი 30 წლის განმავლობაში მხარს იმიტომ გვიჭერდა, რომ ჩვენი ხალხის დემოკრატიისკენ სწრაფვას ხედავდა. დემოკრატია დასავლეთის, პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის წინა პირობაა. ერთპარტიული პარლამენტის წარმომადგენლები რა ენაზე დაელაპარაკებიან დასავლელ პარტნიორებს?!

დასავლეთს დემოკრატიული საქართველო სჭირდება. სწორედ დემოკრატიის განვითარებისთვის დახარჯა აქ ამდენი ფული და რესურსი. პომპეოს საქართველოში ვიზიტი რთულ ვითარებას დაემთხვა - ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, არჩევნებს, ეპიდემიას... ასე რომ, ამჯერად დემოკრატიის საკითხი არ იდგა დღის წესრიგში, მაგრამ მოვა დრო და ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება, უფრო მეტიც, მთავარ თემად დაბრუნდება.

ხათუნა ბახტურიძე