"ხელისუფლება სარისკო პოზიციაშია" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება სარისკო პოზიციაშია"

"მიტინგებს ახლავს ქაოსის საფრთხე, ეს კი დასავლეთს არ სჭირდება, რადგან მას ამ რეგიონში ერთადერთი საყრდენი დარჩა - საქართველო. პოლიტიკური ოპოზიციის აჩემება, არ შევიდეს პარლამენტში, ემოციებით არის გამოწვეული და არა იმის შიშით, რომ რამე დააკლდებათ - პირიქით, ქუჩაში დარჩენილებს მარგინალიზაცია ემუქრებათ, მაგრამ დრო და დაფიქრებაა საჭირო, რომ ემოციები ჩაცხრეს და აზროვნება გახდეს რაციონალური"

შეიძლება ითქვას, რომ ახლა ქვეყანაში ერთდროულად პოლიტიკური და პანდემიური კრიზისია. ბევრს მსჯელობენ გამოსავალზე, რომ საზოგადოების უიმედობა რაც შეიძლება სწრაფად გააქარწყლონ და დაარწმუნონ, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება. სწორედ ამ კრიზისსა და გამოსავლის გზებზე ვისაუბრებთ პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან.

- იშვიათად მომხდარა, რომ პოლიტიკური და არაპოლიტიკური მოვლენები ასე გადაჭდობოდა ერთმანეთს. ისმის საზოგადოების ნაწილის საყვედური, რომ შეზღუდვები უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო. არის მეორე ნაწილიც, რომელიც უფრო რბილ ზომებს ელოდა, მისაზრებით: "რა მნიშვნელობა აქვს, შიმშილი მომკლავს თუ "კოვიდი". თუმცა ამაში ჩვენ ორიგინალურები არ ვართ - ყველა, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც შეზღუდვებზე მძაფრი რეაქცია აქვთ და ეს, ეტყობა, კანონზომიერი მოვლენაა. სწორედ აქ მოუწევს ხელისუფლებას დანის პირზე გავლა, რომ თან შეზღუდვა მოახერხოს და თან უკმაყოფილების იმ ზღვარს არ მიუახლოვდეს, რომლის მიღმა პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს.

ერთხელ უკვე იდგა ხელისუფლება ასეთი პრობლემის წინაშე. მაგალითად, არჩევნები არ უნდა ჩაშლილიყო, პოლიტიკურ პარტიებს ხელი არ უნდა შეშლოდათ წინასაარჩევნო კამპანიაში და, ამავე დროს, პანდემიის საფრთხეც უნდა გაგვეთვალისწინებინა. ცალკეულ შემთხვევებში დავთმეთ პოლიტიკის სასარგებლოდ და მივიღეთ გართულებული ეპიდსიტუაცია. შეიძლება რაღაც სირთულეების წინაშე ხელისუფლებამ კიდევ დათმოს. მაგალითად, დათმობის ტოლფასია საახალწლო დღეებში შეზღუდვების მოხსნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პანდემიის უფრო ძლიერი ტალღა, ვიდრე მანამდე იყო. ეს, რა თქმა უნდა, გამოცხადდა იმისთვის, რომ უკმაყოფილება თავიდან აერიდებინათ, მაგრამ ყველაფერი ხომ შედეგით იზომება! ხელისუფლების მიმართ კრიტიკულია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ მიტინგების დროს შეზღუდვების მოხსნამ დაავადების გავრცელებას შეუწყო ხელი. ასევე კრიტიკული იქნება მათი დამოკიდებულება, ვინც ახალი წლის დღეებში შეზღუდვების მოხსნით ახსნის ინფიცირების მასშტაბის ზრდას, თუკი ეს მოხდება. ასე რომ, ამჟამად ხელისუფლება სარისკო პოზიციაშია.

- პოლიტიკურ კრიზისზე რას იტყვით? - პანდემია გადაეჭდო პოლიტიკას, რადგან სწორედ ხალხმრავალი თავშეყრისკენ პოლიტიკოსების მისწრაფებამ გაზარდა პანდემიის რისკიც და, ალბათ, ინფიცირებულთა რაოდენობაც. არის ეჭვი, რომ ეს მოვლენა შემთხვევითი არ იყო და ოპოზიციური პარტიები ცდილობდნენ, ხელისუფლებას პანდემიასთან დაკავშირებით სირთულეები შეჰქმნოდა.

- მაგრამ ყველა ეს პრობლემა მათაც ხომ შეაწუხებს? - დიახ, ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ ზოგჯერ პარტიული ინტერესი ბევრ რამეს ფარავს. რამდენიმე წლის წინ ჩვენ გვახსოვს ოპოზიციონერი ჟურნალისტების გულდაწყვეტა, როცა ზაფხულში ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩაქრა. ასეთ დამოკიდებულებას ხშირად ვნახავთ, მაგრამ ნუ ჩავთვლით, რომ ეს ქართული მოვლენაა - აგერ, ხომ ვხედავთ, ნახევარი ამერიკა დაანგრიეს და ვარაუდობენ, რომ პოლიტიკური მოტივით. პოლიტიკა ამიტომაც არის მძიმე, რომ ხშირად აიძულებს ადამიანებს, გადადგან ნაბიჯები, რომლებიც ზოგჯერ მათთვისვეა სახიფათო. ასე რომ, პოლიტიკურ ბრძოლასა და პანდემიას ახლა გადაკვეთის წერტილები გამოუჩნდა, თუმცა მე არ ვიჩქარებდი დასკვნების გაკეთებას. ფაქტია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც არჩევნების პირველი რაუნდის დროს "კორონას" ანგარიში არ გაუწიეს, მომდევნო რაუნდისას სცადეს, რეგულაციები დაეცვათ, თუ დისტანციით არა, პირბადით მაინც. გამოდის, დაუფიქრებლობასთან გვაქვს საქმე.

- ყოველდღიურად 5 ათასამდე ინფიცირებული გვყავს, მოსახლეობის განწყობა პესიმისტურია - ფასები იზრდება, მათ კი სახლში უწევთ ყოფნა და ბევრი ამის გამო შემოსავალს კარგავს. არავინ იცის, რა მოხდება ხვალ... სად არის გამოსავალი? - გამოსავალი ყოველთვის ერთია. ჩვენ დღეს კოვიდთან ბრძოლაში ვართ და როდესაც ბრძოლაში ჯარისკაცი იწყებს ფიქრს იმაზე, მხედართმთავარი მართალია თუ არა, ის ვერ გაიმარჯვებს. მცდარი კანონიც კი სჯობია უკანონობასო, ბერძნებს უთქვამთ, ბრძოლაში კი კანონი არის ის, რასაც მხედართმთავრები გეგმავენ. ამიტომ ჯობია მათ თუნდაც მცდარ გეგმას მეთოდურად მიჰყვეს საზოგადოება, ვიდრე თითოეულმა თავისი სიმართლე ამტკიცოს - ეს ქაოსია. ჩაივლის ეს ამბავი და მერე გავარკვიოთ ბევრი რამ, მანამდე კი თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიომოთ. ალბათ, სხვანაირი საინფორმაციო პოლიტიკაც არის საჭირო, რომ იმედი, ოპტიმიზმი გაჩნდეს, თანაც ისე, რომ ამან დაუდევრობა არ გამოიწვიოს. სხვათა შორის, პირველი ტალღისას ოპტიმიზმი გაჩნდა, მაგრამ დაუდევრობის შეჩერება ვერ შეძლეს. კოვიდთან დაკავშირებული ბევრი უცხოური ფსიქოლოგიური გამოკვლევა არსებობს და ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, სასურველია საზოგადოებაში პანიკა გაიზარდოს, რომ წესები შესრულდეს.

- თქვენი აზრით, პოლიტიკური მოვლენები როგორ განვითარდება? - ხელისუფლება ეცდება, ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შეუსვლელობა მას არ დაჰბრალდეს. არც მანდატებს გააუქმებს. ითქვა კიდეც, კენჭისყრის დროს ჩვენ უფლებამოსილებას ვცნობთო. უნდა ცნონ, რადგან თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ ხელისუფლების ბრალი იქნება პარლამენტის ერთპარტიულობა, რაც ქვეყნისთვის ცუდია. იმ ერთმა პარტიამ შეიძლება შეცდომები დაუშვას და პარლამენტში ამის მთქმელი არ ეყოლება, ქუჩიდან თქმას კი ის წონა და ფასი არ ექნება. გასათვალისწინებელია საგარეო ფაქტორიც. ვხედავთ, რომ დასავლეთი ცდილობს, ოპოზიცია დაარწმუნოს, შევიდეს პარლამენტში და მოუგვარებელი საკითხები იქიდან მოაგვაროს. ოპოზიციური და კრიტიკული არ იყოო, არავინ ეუბნება ამ პარტიებს, ლაპარაკია ინსტრუმენტზე. შენი ოპოზიციურობის ინსტრუმენტი საპარლამენტო ტრიბუნა უნდა იყოს თუ მიტინგის მიკროფონი? მიტინგებს ახლავს ქაოსის საფრთხე, ეს კი დასავლეთს არ სჭირდება, რადგან მას ამ რეგიონში ერთადერთი საყრდენი დარჩა - საქართველო. სამაგიეროდ ქაოსი, რომლის პირობებშიც დასავლეთს გაუჭირდება ჩვენთან ნორმალური ურთიერთობა, ხელს აძლევს რუსეთს. პოლიტიკური ოპოზიციის აჩემება, არ შევიდეს პარლამენტში, ემოციებით არის გამოწვეული და არა იმის შიშით, რომ რამე დააკლდებათ - პირიქით, ქუჩაში დარჩენილებს მარგინალიზაცია ემუქრებათ, მაგრამ დრო და დაფიქრებაა საჭირო, რომ ემოციები ჩაცხრეს და აზროვნება გახდეს რაციონალური.