"ლოკდაუნის" გამოცხადების პარალელურად არ ჩანს გეგმა, როგორ ვეხმარებით ჰოსპიტალურ სექტორს" - კვირის პალიტრა

"ლოკდაუნის" გამოცხადების პარალელურად არ ჩანს გეგმა, როგორ ვეხმარებით ჰოსპიტალურ სექტორს"

"კვირის პალტრის" სტუმარია ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, საუბრის თემა კი დღეისათვის ყველაზე აქტუალური - პანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვები.

- შეზღუდვები ეპიდემიის მართვის პირობებში ყოველთვის არის დამხმარე საშუალება, როდესაც ჰოსპიტალური სექტორი იღებს დიდ დატვირთვას, ეს დატვირთვა ოდნავ რომ შეამსუბუქოს, მაგრამ ეს პროცესი რომ ეფექტიანად მართო, მთავრობა გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს არა პოლიტიკური დღის წესრიგის, არამედ მათემატიკური მოდელის მიხედვით. ეს მათემატიკური მოდელი გულისხმობს, რომ მაგალითად, ვაჩერებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რაც შეანელებს ვირუსის გავრცელების ტემპს, მაგრამ ეს მაჩვენებელი დათვლილი უნდა იყოს. ამის შემდეგ უნდა გავთვალოთ, ვირუსის გავრცელების ასეთი შენელება რა შეღავათს გვაძლევს ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის თვალსაზრისით და ამის შემდეგ შეგვეძლოს ვთქვათ, რომ მაგალითად, დღიურად გვჭირდება უკვე არა 120, არამედ 80 საწოლი.

ცუდი საქციელია, მთელი გაზაფხულის განმავლობაში ზურაბ გურულს ვესროლოთ ტალახი და მერე, როცა "ლოკდაუნის" "გაპრავება" გვჭირდება, ერთი საათით ჩავრთოთ ამერიკიდან და გამოვაცხადოთ, რომ ყველას ვუსმენეთ. აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩიც რომ ჩართონ ამერიკიდან, შედეგი არ გვექნება, თუ არ არსებობს კომპეტენტური ადამიანების გუნდი, რომელიც სწორ რეკომენდაციებს გასცემს. პირველი პრობლემა არის ის, რომ გაზაფხულიდან მოყოლებული, არ გაკეთდა ის, რაც საჭირო იყო. მეორე - გამოაცხადეს "ლოკდაუნი" ისე, რომ არ გვიხსნიან, როგორ შეამცირებს ეს ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას. ემოციებით კი არ უნდა ვიმსჯელოთ, არამედ რიცხვებით. მესამე პრობლემა არის ის, რომ "ლოკდაუნის" გამოცხადების პარალელურად არ ჩანს გეგმა, როგორ ვეხმარებით ჰოსპიტალურ სექტორს.

- თქვენი აზრით, შეზღუდვების ორი თვის შემდეგ რა სურათი გვექნება? - 31 იანვარს გამოვა მთავრობა და იტყვის, რომ "ლოკდაუნის" გაგრძელება საჭიროა, გამოვლენ მისი "გამპრავებლებიც", რომლებიც იტყვიან, რომ სამწუხაროდ ინფიცირებულთა რიცხვი არ შემცირდა, რადგან ხალხი ცუდად მოიქცა და ახალ წელს ერთმანეთთან მიმოსვლა რომ არ დაეწყოთ, ვირუსი ასე არ გავრცელდებოდა, ამიტომ ახლა ლოკდაუნი უნდა გაგრძელდეს. ოღონდ ანგარიშს არ ჩაგვაბარებს, რა გაკეთდა 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე იმისათვის, რომ "ლოკდაუნის" გაგრძელება საჭირო არ ყოფილიყო.

ჰოსპიტალური სექტორი მართლაც სტრესულ მდგომარეობაშია, რადგან ინფიცირებული ექიმები, რომელთაც ფეხზე დგომა შეუძლიათ, მაინც დადიან სამსახურში და უმძიმეს პაციენტებს მკურნალობენ და ახლა მათ ამოსუნთქვა სჭირდებათ. საკითხი ასე დგას - შეძლებს თუ არა ჰოსპიტალური სექტორი ამით ამოსუნთქვას.

ეს "ლოკდაუნი", მისი გრაფიკი, გამოცხადებულია არა მათემატიკური მოდელის, არამედ სამოქალაქო და რელიგიური დღესასწაულების მიხედვით. სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ამ "ლოკდაუნის" ეფექტი უნდა ვიგრძნოთ ორ-სამ კვირაში, მთავრობა კი გვეუბნება, ორ-სამ კვირაში, საახალწლოდ, ისევ გაგიხსნით ყველაფერს, რომ ვიზეიმოთო. ანუ როცა უნდა ამოისუნთქოს ჰოსპიტალურმა სექტორმა, ყველაფერი გაიხსნება და პრობლემები დაგვემატება. კარგი კრიზისმენეჯერი არის ის, ვისაც ნაჯახის გამოყენება არ სჭირდება და საზოგადოებისათვის ეკონომიკური ზიანის მიყენების გარეშე ახერხებს ჯანდაცვის ამოცანების შესრულებას.