"ოპოზიცია ექსტრემისტული რიტორიკის ტყვეობაში აღმოჩნდა" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია ექსტრემისტული რიტორიკის ტყვეობაში აღმოჩნდა"

"ოპოზიციის დღევანდელმა პოლიტიკურმა კონფიგურაციამ განსაკუთრებით, არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების შემდგომ, აღარ დაიტოვა შანსი, განმეორებითი არჩევნების გარდა, სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას დასჯერდეს"

აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე "კვირის პალიტრა" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა:

- მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით დავიწყებ - არაერთი მოწოდებისა და რჩევის მიუხედავად, ოპოზიცია პარლამენტში არ შედის. რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- საგულისხმოა, რომ ზოგმა დასავლელმა პარტნიორმა თავის განცხადებებში პოლიტიკური სიმწიფე ახსენა. მართალი გითხრათ, მეც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ოპოზიცია ექსტრემისტული რიტორიკის ტყვეობაში აღმოჩნდა და, როგორც ადრეც მომხდარა, ამჯერადაც კარგავს შანსს შექმნილი ვითარებით სარგებელი ნახოს.

მიხეილ სააკაშვილი ისევ ახერხებს თავის დღის წესრიგს დაუქვემდებაროს პროცესები და ამაში მას ქართული პოლიტიკის ის მანკიერი ტრადიცია ეხმარება, როცა ზომიერი და რაციონალური პოზიცია როგორღაც უხერხული და მიუღებელი ჩანს. ამ ვითარებაში ხელისუფლებას არ უჭირს შექმნას შთაბეჭდილება, რომ მას პროცესების მართვა და განეიტრალება შეუძლია. არადა, თითქოს ცხადია, რომ უკიდურეს მოთხოვნებს მაშინ შეიძლება მივმართოთ, როცა ამას კონკრეტული შედეგი ექნება და არა ნებისმიერი კრიტიკული მომენტისას. არადა, ამ ელემენტარულ წესს ყველა ჩვენგანი იცავს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის პოლიტიკოსებიც.

განმეორებითი არჩევნების მოთხოვნა მძლავრ საზოგადოებრივ მხარდაჭერას გულისხმობს. ასეთი მხარდაჭერა კი არც არჩევნებამდე ჩატარებულ გამოკითხვებში და არც არჩევნების დროს ჩატარებულ ეგზიტპოლებში არ ჩანს.

მართალია, ვინმემ შეიძლება 2003 წლის ნოემბრის არჩევნები გაიხსენოს, როცა ხელისუფლების რეიტინგი ოპოზიციის რეიტინგზე მაღალი იყო და მიუხედავად ამისა, მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ, განსხვავება არსებითია: ახლანდელი ოპოზიცია უკვე კარგად ნაცნობი და "საქმეში ნანახი" აქტორებისგან შედგება. პიარში არსებობს პრინციპი: მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ვამბობთ, არამედ ისიც, ვინ ამბობს, როდის და როგორ. როცა საარჩევნო დარღვევებზე ლაპარაკობს კაცი, რომელიც თავად არაერთხელ იყო ამგვარ დარღვევებში ეჭვმიტანილი, მისი ნათქვამი ჰაერში იფანტება. ამით კი მე და თქვენ ვზარალდებით, როგორც მოქალაქეები. ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ კიდევ გადაიდება იმ მექანიზმების შექმნა, რომლებიც საარჩევნო დარღვევებისგან დაგვაზღვევს.

არ ვიცი, რამდენად მართალია ხმები "სტრატეგია" აღმაშენებლის", "ლელოს", "გირჩისა" და "ევროპული საქართველოს" გაერთიანების შესახებ. არადა, პოლიტიკური ლოგიკა დღეს კი არა, უკვე დიდი ხანია ერთგვაროვანი ძალების ინტეგრაციას მოითხოვს, თანაც უბრალოდ თანამშრომლობას კი არა, სწორედ ინტეგრაციას. ფეოდალური პარტიკულარიზმისა და გაბერილი პოლიტიკური ეგოების ეპოქა უნდა დამთავრდეს. თუ ეს ხმები მართალია, აჩენს იმედს, რომ დღევანდელი პოლიტიკური კონფიგურაცია ოდნავ მაინც შეიცვლება და პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი დღის წესრიგისაგან გათავისუფლდება.

დღეს ხელისუფლება მომგებიან პოზიციაშია. ოპოზიციამ სერიოზული პოლიტიკური კრიზისი ვერ შექმნა. პარლამენტში შესვლაზე უარს დაფინანსებების მოთხოვნა დაურთო, რამაც მდგომარეობა მოქალაქეთა თვალში უფრო უცნაური გახადა. იმედია, მოლაპარაკების მესამე რაუნდამდე ოპოზიციური პარტიების უკვე ნახსენები ჯგუფი მაინც შეძლებს რადიკალური დაპირისპირების ჩიხიდან გამოსავლის გამონახვას.

თუმცა შეიძლება დაგვებადოს კითხვა, არის თუ არა დაინტერესებული "ქართული ოცნება", რომ დიალოგი რაციონალურ ოპოზიციურ ძალასთან ჰქონდეს? წარმოიდგინეთ, რამდენად წინ წაიგდებდა ოპოზიცია საქმეს, განმეორებითი არჩევნების რადიკალური მოთხოვნის ნაცვლად საარჩევნო დოკუმენტების გაყალბების საქმეთა გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისათვის რომ მიეღწია. ცხადია, "ქართული ოცნებისთვის" ეს დიდი დარტყმა იქნებოდა როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, მაგრამ როგორც ჩანს, თავად გამპროტესტებელ ძალებშიც ეწინააღმდეგებიან მოვლენათა ამგვარ განვითარებას. ვის მიერ ან რატომ, განსჯა თქვენთვის მომინდვია.

ოპოზიციის დღევანდელმა პოლიტიკურმა კონფიგურაციამ განსაკუთრებით, არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების შემდგომ, აღარ დაიტოვა შანსი, განმეორებითი არჩევნების გარდა, სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას დასჯერდეს. ვფიქრობ, გაცილებით მომგებიანი და დასავლელი პარტნიორებისთვის გასაგები იქნებოდა, რომ პოლიტიკური ქულები აეკრიფათ. ჯერჯერობით ისეთ მწვავე თემასაც ვერ იყენებენ, როგორიცაა კოვიდეპიდემიის გამო აღებული სესხები, სათამაშო ბიზნესით განადგურებული ოჯახები, ნარკომანიის ზრდა, რასაც, დარწმუნებული ვარ, მარიხუანასთან დაკავშირებულმა დისკუსიებმა შეუწყო ხელი, ასევე კრიმინალის ზრდამ და ასე შემდეგ. ბელორუსული მოვლენების რაღაც მსგავსის აქ დატრიალება შეუძლებელი იქნება და ამაში იოლად დავრწმუნდებით, თუ ორი ქვეყნის ეგზიტპოლების შედეგებს შევადარებთ.

რაც შეეხება "ოცნებას", ის წინა ხელისუფლებების შეცდომებს უშვებს. მესამე ვადა კრიტიკული იყო წინამორბედებისთვის. როგორც ჩანს, ორი საარჩევნო პერიოდი ის პირობითი ზღვარია, რომლის შემდეგაც ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, ეჭვები თუ მობეზრება ღრმავდება. ნაცვლად იმისა, ამ ვითარებაში ხელისუფლების დროებით დათმობაზე თუ არა, პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე მაინც იზრუნოს, "ქართული ოცნება"" კვლავ ერთპიროვნული მართვის ხიბლშია და ამას არ შეიძლება მისთვის და ქვეყნისთვის კარგი შედეგი მოჰყვეს.

საქართველოში ძლიერია დემოკრატიული ინსტინქტი და ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მსგავსად, აქ, 25 და 30-წლიანი მმართველობა ვერ ჩამოყალიბდება.

- სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობა გვაქვს. რას მოასწავებს ეს და რამდენად სახიფათოა საქართველოსთვის? - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის ეს ყველაფერი ლამის შეუმჩნეველი დარჩა. ყარაბაღის ომმა დაანგრია ის მოდელი, რომლითაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროებს მართავდა. თვალდათვალ მცირდება მისი გეოპოლიტიკური როლი და რეგიონული გავლენა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყარაბაღში სამშვიდობოების განთავსებით რუსეთმა თავისი სამხედრო გავლენის სფერო გააფართოვა. ამას წინ ის უძღოდა, რომ ყველანი ვხედავდით, როგორი უმწეო იყო რუსული იარაღი ისრაელის და თურქეთის იაფი დრონების წინაშე და ათასი მიზეზით როგორ ეუბნებოდა დახმარებაზე უარს თავის უერთგულეს სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს. ყოველივეს შედეგს უახლოეს დროში ვნახავთ. პირველი და თვალსაჩინო შედეგი ის არის, რომ თურქულმა იარაღმა უკრაინის ბაზარზეც შეაღწია. თეზისს პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ, რომლითაც ათწლეულების განმავლობაში ინიღბებოდა რუსული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვაში, უკრაინაში და ა.შ., წყალი შეუდგა. რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგობის შესახებ საკითხს მე ასე დავსვამდი: თავისთავად ის, რომ რუსეთს "ბიზანტიურ მემკვიდრეობაში" ეცილებიან, დიდი ცვლილებების მაჩვენებელი არ არის?! ორასწლიანი პაუზის შემდეგ თურქეთი აქტიურად ერევა სამხრეთკავკასიური კონფლიქტის ბედის გადაწყვეტაში და სასურველ შედეგსაც აღწევს. თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში პუტინმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სუვერენული ქვეყანაა და უფლება აქვს მოკავშირეები თავად შეარჩიოს. არადა, სულ ორიოდე წლის წინ არც დაუშვებდა მსგავს აზრს. მოკლედ, რეგიონული პოლიტიკის მკვეთრად განსხვავებულ ფაზაში აღმოვჩნდით.

ომის დაწყებისთანავე აშკარა იყო, მკაფიოდ გაიზრდებოდა ჩვენი რეგიონული მნიშვნელობა და მაიკლ პომპეოს ბოლო მომენტში დაგეგმილი ვიზიტი სწორედ ამაზე მიგვითითებს. მოგეხსენებათ, შეერთებულ შტატებს თურქეთთან გაორებული დამოკიდებულება აქვს და მას მყარი რეგიონული საყრდენი სჭირდება. ამ დროს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში მხოლოდ რუსეთს შეიძლება აწყობდეს და იმედია, ოპოზიცია იქამდე არ მიიყვანს საქმეს, როცა დასავლეთს თავისი გზავნილების ადრესატი არ ეყოლება. ჩვენ შეიძლება თამაშგარე აღმოვჩნდეთ მაშინ, როცა ქვეყნის ბედი უნდა გადაწყდეს. უნდა გავიხსენო ზატულინი-მიგრანიანის დოქტრინა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დიალოგისა და თანამშრომლობის ყველა შესაძლო პლატფორმის მოშლით და ქაოსის პროვოცირებით უნდა იმართოს.

ისევ დავუბრუნდები ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების პრობლემას. აზერბაიჯანს თავისუფლად შეუძლია მათ ადგილი თავის კონტროლირებად ტერიტორიებზე მიუჩინოს. ომი, რომლითაც პუტინმა სომხები "დასაჯა" საგარეო ვექტორებში დასავლური ორიენტაციის ნიშნების გაჩენისთანავე, თავისი შედეგებით თავად რუსეთისთვის აღმოჩნდა მრავალმხრივ წამგებიანი. საკმარისია მხოლოდ ის წარმოვიდგინოთ, თუ როგორი ექო ექნება ამ მოვლენებს ჩრდილო კავკასიის ხალხებში. როგორც რუსი ანალიტიკოსები წერენ, მართალია, სომხეთი ომის შედეგების მიხედვით იოლად შეიძლება იქცეს რუსეთის ისეთივე დანამატად, როგორიც აფხაზეთია, მაგრამ, ჯერ ერთი, აზერბაიჯანმა თავისი დიდი მოკავშირის მეშვეობით მისივე გავლენისგან თითქმის მთლიანად თავის დაღწევა მოახერხა და მეორეც - სომხეთში დღეს ზვავისებრად იზრდება ანტირუსული განწყობა.

ვიმეორებ: ჩვენთვის ეს ვითარება კარგი შანსია, დღევანდელმა ორომტრიალმა კი შეიძლება ხელიდან გამოგვაცალოს.

დასავლეთი თუნდაც დაინტერესებული იყოს ივანიშვილის ხელისუფლების წასვლით, კარგად იციან, რომ ერთსა და იმავე ქვეყანაში დროის საკმაოდ მოკლე შუალედში ორი ფერადი რევოლუცია ვერ მოხდება.

"ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა რომ მანკიერია, ამაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ. ბევრი რამ, უპირველესად კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ციფრული ჰაბის პროექტების ჩაშლა ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს და ისტორიულ პერსპექტივაში უკვე ორიოდე ათეული წლის შემდეგ გადაფარავს "ოცნებასთან" დაკავშირებულ ყველა სიკეთეს. საკადრო პოლიტიკა ხომ იმთავითვე მანკიერი იყო და თავიდანვე უცნაურ ადამიანურ გემოვნებას ეფუძნებოდა.

"ოცნებაში" არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ნდობის შედარებით მაღალ ხარისხს ინარჩუნებენ, მაგრამ მათი შესაძლებლობები ამ პარტიაში არსებული პირამიდული სისტემის გამო შეზღუდულია.

საინტერესოა, კიდევ რამდენ ხანს ეყოფა "ოცნებას" "ნაციონალების" მიმართ უარყოფითი განწყობა, როგორც პოლიტიკური კაპიტალი. საკმარისია, გამოჩნდეს ის, ვინც "ნაციონალებს" უკან ჩამოიტოვებს, საინფორმაციო ინიციატივას წაართმევს, და "ოცნებას" ეს კაპიტალიც აღარ ექნება.

- ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ათასებს აჭარბებს. რა დაგვანახა ამ ვირუსმა საზოგადოებაში, სახელმწიფო სისტემებში? - აშკარაა, სახელმწიფოს გაუჭირდა ვითარების გაკონტროლება. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. ჩვენი მოქალაქეები ჩემთვის მოულოდნელი სიმშვიდით და მზაობით დახვდნენ პირველ ტალღას. ის გარემოება, რომ საზოგადოებაში დღესაც არ არის პანიკა და ასე თუ ისე, ვინარჩუნებთ მშვიდ და საქმიან დამოკიდებულებას, ძალიან კარგია.

- ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა. ბაიდენის მმართველობისას ხომ არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს საქართველოსთვის, საზოგადოდ, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის? - როგორც ჩანს, ცვლილებები სერიოზულია. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილება ენტონი ბლინკენი - კაცი, ვინც კარგად იცნობს საქართველოს და ვისთვისაც რუსული "მუხლებიდან წამომდგარი" იმპერიალიზმი სრულიად მიუღებელია. ბაიდენმა თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში რუსული მმართველობის ფორმა კლეპტოკრატიად მოიხსენია. როგორც ჩანს, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება, თუმცა ჯერ ძნელია თქმა, რა ინტენსივობით და ფორმებით. ეს ჩვენთვის სერიოზული შანსია, ოღონდ ამ შანსს ადეკვატურად უნდა გამოყენება.