დეპრესიული ფურნიე?! - კვირის პალიტრა

დეპრესიული ფურნიე?!

4-წლიანი სასჯელი და  2.000-ლარიანი ჯარიმა ერთი კალმის გამო(?!)

ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ" 15 მარტს  2010 წელს "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" ფარგლებში აღებული ვალდებულებების კვლევის შედეგების ამსახველი ე.წ. ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინა. შედეგები შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაფასა. ამ შეხვედრიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანგარიშის მოსმენის შემდეგ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ სიტყვა ითხოვა და განაცხადა:

თქვენი მოსმენის შემდეგ მე, როგორც ევროპელ დიპლომატს, ტოტალური დეპრესია დამეუფლა. გამოდის, ევროკავშირის ძალისხმევა ქვიშაზე დაღვრილი წყალია, რომელიც უკვალოდ იკარგება. არავითარი პროგრესი არ არის იმ მიმართულებით, რასაც ევროპული ფასეულობები ჰქვია: არ არსებობს თავისუფალი მედია, სრული უნდობლობაა პროფკავშირის მიმართ, არ შეინიშნება პროგრესი ეკონომიკაში... ეს კატასტროფაა. თქვენი გამოსვლების შემდეგ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახალი ბოლშევიკური სახელმწიფო ამიწერეს", - ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ მისი ნათქვამი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი (?!).

თამარ ჩუგოშვილი, ახალგაზრდა იურისტთთა ასოციაციის თავმჯდომარე: "უახლოეს დღეებში ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე პირდაპირ ეთერში ერთმანეთის წინაშე წარდგებიან საფრანგეთის ელჩი და სოროსის ფონდის ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი. იქ გაირკვევა, ვინ რა თქვა და ამიტომ ჩემი კომენტარი ამ საკითხზე ზედმეტად მიმაჩნია. ფურნიე არ უარყოფს იმას, რაც გავრცელდა, უბრალოდ ამბობს, რომ ეს ყველაფერი სხვა კონტექსტში თქვა".

რა თქვა ფურნიემ და დაემართა თუ არა დეპრესია წარდგენილი ანგარიშის გამო, იმედია, ზემოხსენებულ პირდაპირ ეთერში გაირკვევა. ფურნიესი რა გითხრათ, მაგრამ ის ფაქტები, რაც ანგარიშშია მოყვანილი, დეპრესიის საფუძველს ნამდვილად იძლევა. დეპრესია დაგეუფლება, აბა, რა, როცა ქვეყანაში არასრულწლოვანს სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევენ რვალარიანი კალმის მოპარვის გამო! ცოდვა გამხელილი სჯობს და, რომ ვფიქრობ, ბავშვობაში მეზობლების ბაღჩაში რამდენი ტყემალი, ბალი და მჟავე ვაშლი მაქვს მოპარული, შიში მიპყრობს. დღევანდელი მიდგომით ხომ სამუდამო პატიმრობა არ ამცდებოდა!

თამარ ჩუგოშვილი: "რვალარიანი კალმის გამო ორი ადამიანი გაასამართლეს, მათ შორის ერთი - არასრულწლოვანი. ორივეს ამ ერთი კალმის ქურდობის ბრალდებით სასჯელის ზომად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. პროკურატურამ გამოიჩინა "კეთილი ნება" და ორივეს 2.000-2.000-ლარიანი საპროცესო გარიგება გაუფორმა 4-წლიანი პირობითი მსჯავრით. ეს ბავშვები სპორტსმენები, მორაგბეები არიან, ვარჯიშზე აგვიანდებოდათ, მაღაზიაში შევიდნენ კალმის საყიდლად. როგორც თქვეს, იმ წუთში გამყიდველმა ვერ მიაქცია ყურადღება. რადგან ძალიან ეჩქარებოდათ და ერთი კალამი აიღეს. კალმის დაკარგვის ამბავი პოლიციას გამყიდველმა შეატყობინა.

ჩვენ ერთ-ერთი დაკავებული ბავშვის ოჯახმა მოგვმართა. როგორც კი ამ საქმეზე მუშაობა დავიწყეთ, პროკურატურამ ძალიან სწრაფად გააფორმა საპროცესო გარიგება. არ ვიცი, ამის შემდეგ ოჯახმა რა რეკომენდაცია მიიღო პროკურატურისგან, მაგრამ ვინაობის გამჟღავნება აღარ ისურვეს. ეს ერთეული შემთხვევა არ არის.

მოქალაქეებს, მათ შორის - არასრულწლოვანებს პასუხისგებაში აძლევენ კალმის, ერთი ბოთლი ლუდის გამო, ან ისეთ შემთხვევებშიც კი, როცა დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. როცა პროკურატურა სჩადის ასეთ გაუგონარ უკანონობას, ეს სასამართლომ უნდა გამოასწოროს, სწორედ მას ევალება გარემოებების შეფასება და კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს მიუკერძოებლობაზე, დამოუკიდებლობასა და პრინციპულობაზე ლაპარაკი ზედმეტია. სასამართლო აკეთებს იმას, რასაც პროკურატურა უბრძანებს".

P.S. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მოზარდს კალმის ქურდობის გამო ციხეში სვამენ, ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ სამართალდამცველს კი აწინაურებენ. (2007 წელს, ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელმა გიორგი ჩიქოვანმა, მეტსახელად "მაიმუნამ", ქალი გააუპატიურა, რასაც პოლიციელებიც შეესწრნენ. პროკურატურამ საქმე აღძრა, გირაოც შეუფარდა, რომელიც არც გადაუხდია. ცოტა ხანში კი დააწინაურეს კიდეც.) ვითომ არ არის ეს დეპრესიის საფუძველი?