ვალერი გელბახიანი: "წარმოიდგინეთ, რა მოელით, თუ მათ გვარებს დავასახელებ" - კვირის პალიტრა

ვალერი გელბახიანი: "წარმოიდგინეთ, რა მოელით, თუ მათ გვარებს დავასახელებ"

"კვირის პალიტრას" ქვეყანაში მოსალოდნელ ამბოხებასა და პოლიტიკური ძალების გეგმებზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი ვალერი გელბახიანი ესაუბრა: - ხალხის უკმაყოფილება დღითი დღე მატულობს, სულ ველი, რომ პროცესები რევოლუციურად განვითარდება.

ხომ ხედავთ, რა ხდება იმ ქვეყნებში, სადაც დიქტატორული რეჟიმებია. ჩემი აზრით, ასეთივე სცენარით განვითარდება მოვლენები საქართველოშიც. რასაკვირველია, ხელისუფლება გულხელდაკრეფილი არ არის და საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად ემზადება. იცის, რომ პოლიციის ან სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად წააგებს, ამიტომ ალტერნატიული მექანიზმის შექმნას იწყებს.

ვიცით, რომ ხელისუფლებას ზონდერბრიგადები ჰყავს. არსებობს რურუების არალეგალურად ფორმირებული რაზმიც, ასევე, დიდი ლიახვის ხეობის ერთ-ერთი დეპუტატის შექმნილი 300-კაციანი ზონდერჯგუფი. ხელისუფლებამ ასეთივე რაზმების შექმნა იმერეთის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებშიც დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი პროვოკაციისთვის ემზადება.

ძალადობის გასამართლებლად მას სჭირდება არგუმენტი, რათა საერთაშორისო საზოგადოებრიობას დაანახოს, რომ ხელისუფლება კი არ ებრძვის ოპოზიციას, არამედ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები ებრძვიან ერთმანეთს. ვითარება სამოქალაქო ომისკენ მიდის და სწორედ ეს არის პროვოკაცია. ხელისუფლება პროცესებს იქამდე მიუშვებს, სადამდეც მართვას შეძლებს. ერთი მხრივ, ის თავად უწყობს ხელს ძალადობრივ ექსცესებს, მეორე მხრივ, საერთაშორისო საზოგადოებრიობას არწმუნებს, რომ ძალის გამოუყენებლად სტაბილურობა ვერ იქნება.

თუმცა, მგონია, რომ ხელისუფლება დამარცხდება, რადგან მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება. ოპოზიციას უკანდასახევი გზა აღარ დარჩა. ხელისუფლებამ ხალხს ამბოხების გარდა სხვა გზა აღარ დაუტოვა. ამ შემთხვევაში ოპოზიციას მოსახლეობის წინაშე მხოლოდ ის პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ უკან არ დაიხიოს.

- გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ზოგიერთი მაღალჩინოსანი დატოვებს თანამდებობას.

- ეს ინფორმაცია ძალზე სანდო წყაროსგან მივიღე. ოპოზიციას აქვს მოლაპარაკება ზოგიერთ თანამდებობის პირთან. საშუალო და ზედა რგოლების წარმომადგენლები ჰპირდებიან ოპოზიციის ლიდერებს, რომ თუკი დაიწყება მასობრივი გამოსვლები, ისინი დემონსტრაციულად დატოვებენ თანამდებობებს, სოლიდარობას გამოუცხადებენ ქართველ ხალხს...

- ისეთივე მოლაპარაკებები ხომ არ არის, როგორიც თავის დროზე სოდ-ის უფროს ერეკლე კოდუასთან გქონდათ?

- გამორიცხული არაფერია, Kკოდუამ მართლაც მოგვატყუა  და დავისაჯეთ კიდეც. თუმცა,  გეტყვით, რომ 2007 წელს არა მხოლოდ კოდუა, ბევრი თანამდებობის პირი იყო ჩემთან კავშირში. ისინი პოსტებს დღემდე ინარჩუნებენ. ცხადია, მათ დასახელებას არ დავიწყებ, მე არა ვარ სააკაშვილის ინფორმატორი. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოელით, თუ მათ გვარებს დავასახელებ.

მე ყველასთან შევწყვიტე ყოველგვარი კონფლიქტი. ახლა დიდმარხვაა და თქვენი გაზეთის მეშვეობითაც მოვუხდი ბოდიშს ოპოზიციონერებს, რომელთაც რაღაც ვაწყენინე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "ქართული პარტიისა" და "სახალხო კრების" გაერთიანება, მათი კოორდინაციული მოქმედება. ეს გუბაზ სანიკიძემაც განაცხადა. გაბუტვის დრო ნამდვილად არ არის.