იხდის თუ არა ნოღაიდელი "კავკასიის" ეთერში გამოსასვლელად დიდძალ თანხას - კვირის პალიტრა

იხდის თუ არა ნოღაიდელი "კავკასიის" ეთერში გამოსასვლელად დიდძალ თანხას

"პარტიის ყრილობაზე სწორედ იმ ადამიანებმა გადააყენეს ნოღაიდელი, რომლებსაც ყველა ცნობს მიტინგებზე, როგორც მერაბიშვილის ხალხს"

"თუ ვინმეს ჰგონია, 100 ათას ლარად გავიყიდებით, ძალიან შემცდარა!"

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ახალი ლიდერის, სერგო ჯავახიძის ზურაბ ნოღაიდელთან დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა, - ნოღაიდელის ძაგების შემდეგ ჯავახიძე ტელეკომპანია "კავკასიასაც" გადასწვდა და "რუსოფილად შერაცხილი" პრემიერ-მინისტრისგან მოსყიდული უწოდა. ჯავახიძის თქმით, ნოღაიდელი აქუბარდიასთან "თითო გამოსვლაში" 20 ათასს იხდის, ამ დროს თურმე ეკრანზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო მესიჯები იბლოკება. პარტიის ახალგამომცხვარი ლიდერი ამტკიცებს, რომ ამაშიც ფულია გადახდილი.

ჩვენი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღეში საქართველოში დაბრუნდება და ამ საკითხზეც ისაუბრებს, მანამდე კი ზურაბ ნოღაიდელის თანამებრძოლს, პეტრე მამრაძეს ვესაუბრეთ:

-  რასაც სერგო ჯავახიძე ამბობს, სისულელეა. "კავკასიის" ეთერში ის და რამდენიმე პერსონა გამოჩნდა და რა აღარ ილაპარაკეს ნოღაიდელზე. სერგოს გარდა, არავის ვიცნობ. მაშინვე ვიკითხე, ნუთუ ჩვენი პარტიის წევრები არიან ეს ადამიანები-მეთქი? სერგო გამგეობის სხდომებს ესწრებოდა, მაგრამ ხმა არასდროს ამოუღია. მოგვიანებით, როცა იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა ეს თვითმარქვიები, რაღაცები გავიგე.

ბოლო დროს თურმე პარტიის ოფისში სერგო ავტომობილით მოჰყავდა უცნობ პირს, რომელიც ახლო წარსულში დანაშაულის გამო იხდიდა სასჯელს და სამართალდამცავებმა პირობით გაათავისუფლეს. შესაძლოა აქ არის ძაღლის თავი დამარხული. როგორც მითხრეს, თავის დროზე სერგოც მჯდარა ციხეში, მაგრამ რისთვის, დაზუსტებით ვერ გეტყვით.

- ჯავახიძე ამბობს, რომ ნოღაიდელს მისი ვალი აქვს, 76 ათასი ლარი და სულაც არ შეუტანია პარტიის ბიუჯეტში შეწირულობის სახით.

- ზურას 20 წელია ვიცნობ და ვიცი, სიტყვის კაცია. შეუძლებელია, ვალი აეღო და არ გადაეხადა. სერგოს ფულზე პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს, ასეთი რამ არ მახსენდება.

- არც ის იცით, იხდის თუ არა ნოღაიდელი ფულს პირდაპირ ეთერში გამოსასვლელად? ამბობდნენ, რომ ნოღაიდელს "მაესტროზე" გავლენის მოპოვება სურდა, რაზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა. ახლა უკვე ტელეკომპანია "კავკასიაზე" ლაპარაკობენ. ეს შემთხვევითია?

- ნოღაიდელის დეკლარაციები  ყოველთვის საჯარო იყო. ყველაფერს გამჭვირვალედ აკეთებდა. ალბათ, ამიტომ მივიდა მასთან ზოგიერთი პოლიტიკოსი დაფინანსების სათხოვნელად, რაზეც ნოღაიდელმა უარი თქვა. შეიძლება უარით  გაწბილებულები ავრცელებდნენ ასეთ ინფორმაციას.

ნინო ჯანგირაშვილი: - ყველა გადმორიცხვა, რომელიც გამოაქვეყნა ერთ-ერთმა გაზეთმა, დასტურდება ანგარიშფაქტურებით და ეს არის სარეკლამო მომსახურებისთვის გადმორიცხული თანხა. რა თანხაზე იყო საუბარი, არც მახსოვდა და ერთ-ერთმა გაზეთმა დაიანგარიშა, რისთვისაც ჩემს კოლეგებს დიდ მადლობას ვუხდი. 5 თუ 6 თვეში ნოღაიდელის პარტიას 100 ათასი ლარის ღირებულების რეკლამა განუთავსებია ჩვენს ტელევიზიაში.

თუ ვინმეს ჰგონია, 100 ათას ლარად გავიყიდებით, ძალიან შემცდარა! ბევრად უფრო  დიდ თანხებზეც არ გავყიდულვართ. რაც შეეხება  ნოღაიდელის საეთერო გამოსვლებს, ჩვენთან ამისთვის ფულს არ იხდიან! შავ ფულს "კავკასიაში" არავინ იხდის და თუ საპირისპიროს ვინმე დამიმტკიცებს, საერთოდ წავალ ამ ტელევიზიიდან. ჯერ ერთი, ეს დანაშაულია და თუ დამნაშავე ვარ, დამიჭირონ!

ასეთი ბრალდებაც მოვისმინე, სტუდიაში ვიყინებოდით, აქუბარდიას კი "გრელკა" ედოო. ამგვარ ბრალდებაზე რა ვქნა? ვიცინო, ვიტირო? თუ ვამტკიცო, "გრელკა" არ ედო-მეთქი? ეგ ამბავი "ვანოს შოუებს" მიაწოდონ, ამდენი წელია აქუბარდიას "პლიტაზე" ლაპარაკობენ და ახლა "გრელკაზეც" ილაპარაკებენ!

რაც შეეხება ბრალდებას, რომ ნოღაიდელის დროს ეთერში ზარები და ესემესები არ გადიოდაო, ამოვიღეთ არქივიდან მისი სტუმრობის ამსახველი გადაცემები და ისეთი სალანძღავი ესემესები ახლავს, ვერც წარმოიდგენთ. ახლა რაც შეეხება იმ ბატონებს, რომლებმაც  პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს ნოღაიდელი.

ერთ-ერთმა ჩვენმა ჟურნალისტმა  არქივში იცით, რა აღმოაჩინა? იმ ყრილობაზე, რომელზეც ნოღაიდელი გადააყენეს, სწორედ ის ადამიანები ისხდნენ პარტიის მანდატებით და კენჭისყრაში მონაწილეობდნენ, რომლებსაც ყველა ჟურნალისტი და პოლიტიკოსი კარგად ცნობს მიტინგებზე, როგორც ვანო მერაბიშვილის ხალხს.

საინტერესოა, რატომ შეუვსო დარბაზი ვანო მერაბიშვილმა ამ ვაჟბატონებს? ჩვენ ამის მტკიცებულებას წარმოვადგენთ. ვანომ, მაგ ტიპებმა და ნოღაიდელმა ერთმანეთთან გაარკვიონ საქმეები და "კავკასიისთვის" ლაფის შესხმას თავი დაანებონ.   პირდაპირ გეუბნებით, ისინი, ვინც ახლა ჩვენ ტალახს გვასხამენ, მოქმედებენ შსს-სა და პირადად მერაბიშვილის დავალებით.