მატროსოვები პარლამენტში - კვირის პალიტრა

მატროსოვები პარლამენტში

"ბატონო პრეზიდენტო, სასწრაფოდ ჩაატარეთ შიდა რევოლუცია მთავრობაში!"

არაერთხელ აღვნიშნეთ, საქართველოში მორიგი რევოლუცია თუ გადატრიალება თავიდან რომ ავიცილოთ, რადიკალური ცვლილებებია საჭირო, რომელთა ინიციატორიც პრეზიდენტი უნდა იყოს. თუმცა სანამ ეს ცვლილებები დაიწყება, მანამდე, ალბათ, მთავრობაში პატარა შიდა რევოლუციაა საჭირო, რათა სააკაშვილი გავათავისუფლოთ თავისივე გარემოცვისგან. პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას, რა თქმა უნდა, თავისი გარემოცვისგან იღებს.

ჰოდა,

პარლამენტში მთავრობის წევრების გამოსვლას რომ ვუყურებთ, უკვე ნათელია, როგორ ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყავთ და საჯარო თუ ფარულ თათბირებზე რა ზღაპრულ სამყაროს უხატავენ პრეზიდენტს. ამას დაუმატეთ ნაციონალური ტელეარხების მიერ შექმნილი ვირტუალური რეალობა და აღარ გაგიკვირდებათ, რატომ არის სააკაშვილი დარწმუნებული, რომ საქართველო განვითარების ტემპებით გერმანიასა და ბელგიას უსწრებს.

თუმცა ამ პოლიტიკურმა რეალობამ რევოლუცია თუ მოიტანა, დარტყმის მთავარი ობიექტი სწორედ სააკაშვილი იქნება და არა - სუბელიანი, ქობალია ან კალმახელიძე.

საზოგადოების გაღიზიანება კი გროვდება და ამის მთავარი მიზეზი მთავრობის მოქმედებაა, სადაც ერთმანეთშია გადახლართული თვითკმაყოფილება, დემაგოგია, ცინიზმი, ციფრებით მანიპულირება და არაკომპეტენტურობა.

როდესაც მოქალაქე ისმენს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მტკიცებას, რომ სიღარიბე 3-4-ჯერ შემცირდა, საინტერესოა, როგორ ხასიათზე დადგება, ან რას ფიქრობს ფოცხოეწერში გადასახლებული დევნილი, როდესაც უყურებს, როგორ ამტკიცებს კობა სუბელიანი, რომ ლტოლვილები სმს-ებს უგზავნიან და მოუწოდებენ, არ დაეჩაგვრინოს ოპოზიციას. ალბათ, ის დევნილები უგზავნიდნენ სუბელიანს მესიჯებს, რომლებიც მიუცვივდნენ და ფაშისტი ეძახეს.

წამლების გაიაფებაზე ილაპარაკა ყველამ, ვისაც არ დაეზარა - ნიკა გილაურით დაწყებული და პეტრე ცისკარიშვილით დამთავრებული, თუმცა ცოცხალი თავით არ დაასახელეს ის აფთიაქები, სადაც პრეპარატებზე ფასმა დაიკლო - რეკლამაში ჩაგვეთვლებაო(?!).

ბიზნესმენები, ალბათ, აღფრთოვანებული დარჩებოდნენ გილაურის კიდევ ერთი თეზისით, რომ თურმე საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ბიზნესია  და არავინ ზღუდავს. ნაწილობრივ, მეწარმეები პრემიერს დაეთანხმებიან - შეზღუდვა ძალიან რბილი სიტყვაა იმის გამოსახატავად, რაც ბიზნესმა გადაიტანა. სხვა, უამრავი შესატყვისი არსებობს - ტერორი, რეკეტი, ძარცვა და ა.შ.

მოქალაქე ვერა ქობალიას მოსმენითაც დატკბებოდა. მისი თქმით, საქართველოში მონოპოლიები არ არის და ყველაფერი კონკურენციაზეა დამოკიდებული. საწვავს ჩვენთან, როდესაც ყველა ქვეყანაში იაფდება, ალბათ, უცხოპლანეტელები აძვირებენ. ქობალიას, როდესაც თავის უწყებაზე საუბრობდა, ციფრები არ დაუსახელებია. ორი ვარიანტია - ან ქობალიამ არ იცის, რა ხდება ქართულ ეკონომიკაში (არც მოადგილე-თანაშემწეებმა იციან), ან ისეთი საშინელება ხდება, რომ მხოლოდ ზოგადი საუბარია საჭირო. სავარაუდოდ, უფრო პირველ ვარიანტთან გვაქვს საქმე, რადგან ჩვენთან ციფრებით მანიპულაცია უმაღლეს დონეზეა აყვანილი.

სტატისტიკაფობია სჭირს ციხეების უფროს ხათუნა კალმახელიძესაც. როდესაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა ციხეებში ტუბერკულოზის შემთხვევის კონკრეტული ციფრები, მინისტრი პრესკონფერენციიდან გაიქცა. როცა არ იცი, როგორ ილაპარაკებ?

თუმცა გილაურმა და კახა ბაინდურაშვილმა ციფრების ზღვა რომ გადმოაფრქვიეს, დიდი ვერაფერი ხეირი. გილაურმა პარლამენტში განაცხადა, საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში 21,9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდაო. ცოტა ხანში ფინანსთა მინისტრმა თქვა - 19%-იანიო. წარმოიდგინეთ, როგორ მუშაობენ მთავრობაში, როდესაც პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის ელემენტარული მონაცემებიც კი ერთმანეთს არ ემთხვევა.

მოკლედ, გაღიზიანება გროვდება და როდის გადმოლახავს კალაპოტს, ძნელი სათქმელია. ხელისუფლებას ჰქონდა შანსი, მდგომარეობა განემუხტა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა მატროსოვივით გადაეფარა სუბელიანსა და კვეზერელს, ამით ჩააგდო მათი პასუხისმგებლობის საკითხი. არადა, ეს შეიძლებოდა გამხდარიყო იმ დიდი ცვლილებების ნიშანი, რომელთაც დიდი ხანია ელის ხალხი; ელის პირადად სააკაშვილისგან და არა - გილაურისგან ან ქობალიასგან.

კვირის ფრაზა

"ამ უბანში გოგოები და ბიჭები ერთმანეთს პოლიციის შენობასთან დაუნიშნავენ პაემანს".

ვანო მერაბიშვილი, ვაზისუბანში პოლიციის შენობის გახსნისას

"დავით უსუფაშვილის ჭკუა მომცა, ალასანიას - ვიზუალი, ლევან გაჩეჩილაძის - ჯიგარი და ქართველობა, სოზარის - სინდისი, ბურჯანაძის - გამბედაობა, სააკაშვილის - სიმაღლე, ბენდუქიძის - ფული, ვიქნებოდი იდეალური ოპოზიციონერი და მერე უკვე ვიცი, რასაც გავაკეთებდი".

გიორგი მარგველაშვილი, "მაესტრო", პირდაპირი საუბარი