"გაზაფხულზე დაფნის გვირგვინები დაიდგეს თავზე" - კვირის პალიტრა

"გაზაფხულზე დაფნის გვირგვინები დაიდგეს თავზე"

"ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით "ზაფხულში თავის მოწონება იმ დროს დაიწყო, როდესაც საქართველოში ვირუსთან ომი ჯერ დაწყებულიც კი არ იყო".

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა, ახლა ხელისუფლება პრობლემებს აღიარებს, თუმცა, არსებულ ეპიდვითარებას სხვა ქვეყნებსაც მაინც ადარებს.

"როდესაც გაზაფხულზე აბსოლუტურად გაუმართლებელი "ლოკდაუნით" თავის მოწონება დაიწყეს, მაშინ ამბობდნენ, მთელი მსოფლიო ჩვენ გვეკითხებოდაო და დაფნის გვირგვინები დაიდგეს თავზე, როცა ჯერ საქართველოში კოვიდთან ომი დაწყებულიც არ იყო. ახლა, როდესაც გაუჭირდათ და თვითონვე აღიარებენ, რომ პრობლემებია, უკვე ცინიკურად გვეუბნებიან, შეხედეთ, რა ხდება ესპანეთში, ავსტრიაში, საფრანგეთშიო. მარტო რამდენიმე ადამიანს ეკუთვნის დაფნის გვირგვინი თურმე და თუ გვიჭირს, საქართველო ხომ გამონაკლისი ვერ იქნება. ეს პოლიტიკური ცინიზმია, რაც ჩვენს საზოგადოებას აღაშფოთებს",- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ჯერ კიდევ ზაფხულის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო.

"ზაფხულის განმავლობაში არა მხოლოდ მთავრობა უნდა მომზადებულიყო და ჯანდაცვის სექტორი სათანადოდ მოემზადებინა, არამედ ჩვენც, ადამიანები მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენდით. მეორე მხრივ, რაც ასევე უნდა გვახსოვდეს, რაც უფრო მკვეთრ შეზღუდვებს ვუწესებთ საზოგადოებას, მათ უჭირთ ამ მკაცრი შეზღუდვების შესრულება. ეს შეზღუდვები ყოველთვის არის მოკლევადიანი და მის მოხსნას ყოველთვის მოყვება ხოლმე ინფექციის აფეთქება. თუ ეს შეზღუდვები არის ზომიერი და საზოგადოებას შესრულება არ უჭირს, მაშინ თანმიმდევრულად ხორციელდება და ინფიცირებულთა რიცხვიც იკლებს",-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი შეფასებით, სახელმწიფომ არაფერი გააკეთა განვლილი თვეების განმავლობაში, ახლა კი კოვიდთან მიმართებით არათანმიმდევრული მიდგომა აქვს.

"მკაცრი ჩაკეტვა, მერე სრული ქაოსი, მერე ისევ მკაცრი ჩაკეტვა. პრაქტიკულად, როცა ეს თანმიმდევრულობა არ არის, შესაძლოა ჩვენ ასეთი დიდი აფეთქებებით მოგვიწიოს სიარული",-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, გაუმართავ მენეჯმენტის გამო, 112-ში დარეკვაც ჭირს და სასწრაფო დახმარებაც რამდენიმე საათის დაგვიანებით მოდის. "გორში, გუშინ ქუჩაში წაქცეული ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო, რომ სასწრაფო დროულად ვერ მივიდა. სასწრაფოს კი არ ვამტყუნებ, სასწრაფოც, ყველა ექიმი და მთელი მედპერსონალი გაიჭყლიტა ამ დიდი წნეხის გამო, რაც მათ დააწვათ გაუმართავი მენეჯმენტის გამო",-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მიერ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა "საბჭოთა სისტემის დროინდელია".

მისი განმარტებით, მთავრობამ სექტემბრის დასაწყისიდან იმიტომ არ დააწესა მკაცრი შეზრუდვები, რომ ეს "წინასაარჩევნოდ არ აწყობდა".

"ყველაზე სამწუხარო იყო ის, რომ თავად მთავრობის წარმომადგენლებმა მოგვიწოდეს, მიდექით-მოდექით და თქვენით "იჩალიჩეთ" თვითგადარჩენაო. ეს არის საბჭოთა კავშირი, როდესაც ხვდები, რომ სისტემა აუწყობელია, მენეჯმენტი გაუმარტავი და შენ თუ არ მიდექი-მოდექი და "იჩალიჩე", ისე არაფერი გამოვა. ვიღაც პრივილეგირებულია და სანაცნობო წრე ჰყავს და ვიღაც ადამიანს, შესაძლოა "ზემოთ" არ ჰყავდეს ვინმე, ვისაც დაურეკავენ. შესაძლოა, ის განწირული აღმოჩნდეს",-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"