საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 4 მილიონი ლარით იზრდება - კვირის პალიტრა

საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 4 მილიონი ლარით იზრდება

2021 წელს საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი იზრდება. კერძოდ, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების საბიუჯეტო დაფინანსება და 64,7 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სხვა უწყებებს, 2021 წელს არ შეცვლილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება და 2020 წლის მსგავსად 6,3 მილიონი ლარია, ასევე საქართველოს საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსება 2020 წლის დონეზეა და 25 მილიონ ლარს შეადგენს.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის ბიუჯეტი 70,3 მილიონი ლარია, რაც დაახლოებით 2,3 მილიონი ლარით ნაკლებია 2020 წლის დამტკიცებულ გეგმაზე. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, 69,2 მილიონ ლარს შეადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება და 2020 წლის დამტკიცებულ გეგმას (68,7 მლნ ლარი) ნახევარი მილიონი ლარით აღემატება. მიმდინარე წელთან შედარებით ნახევარი მილიონი ლარით იზრდება და 16 მილიონ ლარს შეადგენს მთავრობის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება.

ამასთან, 41,4 მილიონი ლარია გამოყოფილი საქართველოს პროკურატურის დაფინანსებისთვის; 60,4 მილიონი ლარი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის; 13,8 მილიონი ლარი საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის; 137,5 მილიონი ლარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის.

"ინტერპრესნიუსი"