"ბიძინა ივანიშვილისა და "ოცნებისგან" ტყუილების აღარავის სჯერა" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილისა და "ოცნებისგან" ტყუილების აღარავის სჯერა"

საქართველო არის ჩვენი, ხალხის და მისთვის ვიბრძოლებთ. რომ დამიჭირონ, იქიდანაც არ გავჩერდები და ვიბრძოლებ, - ამის შესახებ "ლელოს" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მისი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სარჩელის შესახებ.

"მე და ბადრის, როდესაც ჩვენ წინააღმდეგ საქმე აღძრეს, შეგვეძლო ქვეყნიდან წასვლა. არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავი ქვეყნიდან ვიღებდით შემოთავაზებებს, დიდ ბრიტანეთში ცხოვრების უფლებაც კი მოგვანიჭეს, თუმცა მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება და ამას ხედავს ყველა. მე არსად არ წავალ, იგივეს გააკეთებს ბადრიც, რადგან ეს ქვეყანა ჩვენი და ჩვენი ხალხისაა. საქართველოს არ ეკუთვნის იმ მდომარეობაში ყოფნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩააგდო.

უიმედობა, გაჭირვება და უპერსპექტივობა - ეს არის ის, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანას მოუტანა. რაც არ უნდა დაგვაბრალონ და რა ტიპის სასამართლოც არ უნდა დაიწყონ, ეს არ იქნება ბერკეტი ჩვენს გასაჩერებლად. არ მეშინია მათი, რადგან დაიწყებენ იმ პროცესებს მოგონილ საქმეზე , როგორც წინაზე ქნეს, მე ამის არ მეშინია, აქ ვარ და ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. თუ დამიჭერენ, იქიდან ვიბრძოლებ. ბიძინა ივანიშვილისა და "ოცნებისგან" ტყუილების არავის აღარ სჯერა, დღეს გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ, ვერ ავაშენებთ სახელმწიფოს, თუ არ გვექნება სერიოზული სამართლიანი ბაზა, რაც თითოეული ადამიანის ხმაა, რომელიც უნდა დავიცვათ," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, "ლელო" არ შეეგუება "ქართული ოცნების" მიერ მიტაცებულ ხმებს და გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია.

მამუკა ხაზარაძის კომენტარს "ლელო საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"