"სააკაშვილი ოშკზე დადგამს ხარაჩოს, ავა მასზე, დაიწყებს ტირილს და ამით გაიხანგრძლივებს ხელისუფლებას" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ოშკზე დადგამს ხარაჩოს, ავა მასზე, დაიწყებს ტირილს და ამით გაიხანგრძლივებს ხელისუფლებას"

რატომ გარიცხეს რესპუბლიკური პარტიიდან მურმან დუმბაძე

"აზიზიეს მეჩეთი პოლიტიკური მეჩეთია და არა სალოცავი"

"ტაო-კლარჯეთში ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენაზე ლაპარაკი "ნაციონალური მოძრაობის" პიარია და მეტი არაფერი. სააკაშვილი ოშკზე დადგამს ხარაჩოს, ავა მასზე, დაიწყებს ტირილს და ამით კიდევ ერთხელ გაიხანგრძლივებს ხელისუფლებას. ოშკი ტირილით კი არა, ღირსებით აღდგება", - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე, რომელსაც 21-წლიანი წევრობის შემდეგ  მოუხდა პარტიის დატოვება. რესპუბლიკურ პარტიასთან დუმბაძის დაპირისპირება თურქეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულებას უკავშირდება.

მურმან დუმბაძემ ხელშეკრულების შინაარსის საზოგადოებისათვის გაცნობის მოთხოვნით ბათუმში აქცია გამართა (რომელსაც მისი თქმით, მუსლიმანი ქართველებიც ესწრებოდნენ), რესპუბლიკურმა პარტიამ კი რელიგიური საკითხების აქციაზე განხილვა  არ მოიწონა. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ რელიგიური საკითხებისთვის ქუჩის აქციებით შეპასუხება ძალიან სახიფათოა.

მურმან დუმბაძის თქმით, მისთვის პარტიულზე მნიშვნელოვანი სამშობლოს ინტერესებია და ყოფილი თანაპარტიელების ქმედებებში დასავლურ სტრუქტურებთან კეკლუცობას ხედავს.

რას ემსახურება თურქეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულება და როგორ აფასებს თანაგუნდელების ქმედებას მურმან დუმბაძე ინტერვიუდან შეიტყობთ:

- რესპუბლიკური პარტიის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, ძალიან დიდი ფასიც რომ გადავიხადოთ, ჩვენ გვიღირს აზიზიეს მეჩეთის ბათუმში აგება, რათა ოშკი გადარჩესო. ეს უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა. გარდა ამისა, ქართველი ერის ღირსების დამაკნინებელიცაა. თურქეთის სახელმწიფო აზიზიეს მეჩეთს კი არ აშენებს, არამედ ოსმალეთის იმპერიას უდგამს მონუმენტს.

- რესპუბლიკურ პარტიასთან რა საკითხზე გქონდათ აზრთა სხვადასხვაობა?

- 27 თებერვალს აღმასრულებელი სამდივნოს სხდომაზე დავაყენე საკითხი, რომ რესპუბლიკურ პარტიას ოფიციალურად გამოეხატა თავისი შეხედულება ხელშეკრულების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიიდან გავიდოდი. 5 მარტს გაზეთ "რეზონანსში" დავით უსუფაშვილის ხელმოწერით რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური პოზიცია გამოქვეყნდა, რომლის შინაარსიც პრაქტიკულად ემთხვევა ჩემს შეხედულებას, ანუ ოფიციალურად რესპუბლიკური პარტია ეწინააღმდეგება ამ ხელშეკრულებას, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ მოხდა მოულოდნელი რამ - რამდენიმე დღის შემდეგ რესპუბლიკური პარტიიდან გამრიცხეს.

- თუ თქვენი და დავით უსუფაშვილის პოზიციები ემთხვეოდა, რატომ გაგრიცხეს?

- როგორც ჩანს, ამ საკითხზე დავით უსუფაშვილს არ დაეთანხმნენ, ის პარტიაში უმცირესობაში აღმოჩნდა. გამოდის, პარტიამ თავისი პოზიცია უკან წაიღო და ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს.

საქართველოს მთავრობა ვალდებულია ეკლესიას შეეკითხოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აგების, რესტავრაციის, მოხატვისა და კონსერვაციის შესახებ, მაგრამ საქართველოს მთავრობა იგნორირებას უკეთებს საპატრიარქოს აზრს.

სარფთან ვცხოვრობ და როდესაც ჩვენი სასულიერო პირები საბერძნეთში მიემგზავრებიან, სარფის საბაჟოზე მათი განმოსვა ხდება. კაბოსანი მღვდლის გავლაც კი აკრძალულია თურქეთის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ სეკულარული სახელმწიფოა, გამორიცხულია, მისი ხელმძღვანელობა დათანხმდეს რომელიმე ტაძარში წირვა-ლოცვის აღდგენას.

აზიზიეს მეჩეთი პოლიტიკური მეჩეთია და არა სალოცავი. როდესაც თურქეთის სახელმწიფოს აძლევ უფლებას, რომ ოსმალეთის იმპერიის დიდების მეჩეთი ააგოს და ამით იტრაბახოს, ეს არის ღირსებისა და ეროვნული გრძნობების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.