"შეფიცულთა რაზმის" ხელმძღვანელი ხალხის დასაშინებლად დააკავეს?! - კვირის პალიტრა

"შეფიცულთა რაზმის" ხელმძღვანელი ხალხის დასაშინებლად დააკავეს?!

გასულ კვირას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროსთან "წინააღმდეგობის მოძრაობის" აქციას "მეც პატიმარი ვარ" ჯერ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება, მერე კი შვიდი კაცის, მათ შორის - "შეფიცულთა რაზმის" ხელმძღვანელის, მსახიობ გია ბურჯანაძის დაპატიმრება მოჰყვა.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, "გია ბურჯანაძე შემთხვევით არ დაუკავებიათ. უნდოდათ საზოგადოებისათვის ეჩვენებინათ, "შეფიცულები" და გია ბურჯანაძე საკუთარ თავს ვერ იცავენ და სხვას როგორღა დაიცავენო. როდესაც აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო გზა გადაიკეტა, პოლიციელებმა მონაწილეები ტროტუარზე აიყვანეს, მაგრამ იქ დგომის საშუალებაც არ მისცეს.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა პროვოკაციას, რომ შეხლა-შეხლა დაწყებულიყო და ხალხის დაკავების მიზეზი ჰქონოდათ. აქციის ორი მონაწილე დააკავეს, ორიც 400 მეტრის მოშორებით, ვაკე-საბურთალოს გზის გადაკვეთაზე, როდესაც შინ მიდიოდნენ. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები განგებ შეარჩიეს. გია ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მასზე ვიღაცამ  მიუთითა პოლიციელს, ეს დააკავე, შემაგინაო. რამდენიმე პოლიციელმა ხელი დაავლო და ხალხის თვალწინ დააკავა".

"ქართული პარტიის" განცხადებით,  "აქციის მონაწილეთა დაკავება სააკაშვილის რეჟიმის ძალადობრივი ქმედება, თავისუფალი აზრის ჩახშობის მცდელობა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება უხეშად ლახავს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და რეპრესიებს მიმართავს".

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მომხდარს ხელისუფლების მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა.

მოსამართლე ნანა დარასელიამ გიორგი ხარაბაძესა და მერაბ ჭიქაშვილს (მოძრაობა ""რატომ"") ოცდღიანი პატიმრობა შეუფარდა, აკაკი ჩიქოვანს - ათდღიანი. "შეფიცულთა რაზმის" ხელმძღვანელს, გია ბურჯანაძეს, ოთარ ბექაურს, ბესიკ ტაბატაძესა და ლადო სადღობელაშვილს კი  400-400-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.