"ივანიშვილი და სააკაშვილი წესით, ერთმანეთს უნდა ებრძოდნენ, მაგრამ იმდენად სარგებლობენ და იკვებებიან ერთმანეთით, რომ..." - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი და სააკაშვილი წესით, ერთმანეთს უნდა ებრძოდნენ, მაგრამ იმდენად სარგებლობენ და იკვებებიან ერთმანეთით, რომ..."

"ოპოზიცია პარლამენტში უპირობოდ რომ შევიდეს, ეს პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნება"

ექსპერტი გია ხუხაშვილი kvirispalitra.ge-სთან საუბარში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთდამოკიდებულებას, ჯანდაცვის მინისტრის საქმიანობას აფასებს და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, სისტემას მართავდეს ადამიანი, რომელიც არანაირი ავტორიტეტით არ სარგებლობს არც მოსახლეობაში და არც - პროფესიულ წრეებში. რაც შეეხება წინასაახალწლო ეკონომიკურ მდგომარეობას, სიტუაციიდან გამომდინარე, რთული იქნება.

- ბატონო გია, რას ფიქრობთ, საბოლოოდ, როგორ გადაწყდება პარლამენტში პარტიების შესვლა-არშესვლის საკითხი?

- შეთანხმების საკითხია. ეს თემა ორივე მხარის კომპრომისის ბაზაზე უნდა მოხდეს, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა დათმონ. ოპოზიცია პარლამენტში უპირობოდ რომ შევიდეს, ეს პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნება. ისეთ შესვლას რა აზრი აქვს, თუ საკუთარი ამომრჩევლის თვალში ავტორიტეტს აბსოლუტურად დაკარგავენ. აქედან გამომდინარე, კომპრომისის გარეშე პერსპექტივას ვერ ვხედავ.

- ამ შემთხვევაში, ხელისუფლება რა კონკრეტულ დათმობაზე უნდა წავიდეს?

- გამომდინარე იქიდან, რომ "წითელი ხაზები", ორივე მხრიდან, ურთიერთგამომრიცხავია, კრიზისის დასრულების შანსს ვერ ვხედავ. ამიტომ ერთადერთი ვარიანტი დროებითი ზავია, კრიზისის კონსერვაცია და სხვა ფორმატში გადატანა. ასეთი დროებითი გადაწყვეტის ფორმულაც არსებობს: ოპოზიციამ თქვას, რომ იგი, ერთი მხრივ, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ აღიარებს დეფაქტო შემქნილ ვითარებას და ანგარიშს უწევს იმ რისკებს, რაც ქვეყანაშია, პანდემიისა და სოციალური პრობლემები გამო - ამიტომ, პარლამენტში შემდეგი პირობებით შევა: პირველსავე სესიაზე უნდა მოხდეს საგამოძიებო კომისიის ინიცირება, არჩევნებთან დაკავშირებული თემების გამოსაძიებლად. ხელისუფლებამ, თავის მხრივ, პირობა უნდა დადოს, რომ თუკი საგამოძიებო კომისიის შედეგად, დოკუმენტურად დადგინდება, რომ არჩევნებზე იმ რაოდენობისა და ხარისხის დარღვევები იყო, რასაც შედეგის არსებითად შეცვლა შეეძლო, ამ შემთხვევაში ის რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდება, რაც საშუალებას მოგვცემს, კრიზისი ქუჩიდან საპარლამენტო ფორმატში გადავიტანოთ. ეს კი პანდემიასთან დაკავშირებულ რისკებსაც აგვაცილებს თავიდან. გარდა ამისა, ამ პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაც შეიძლება, რაც მაინც გასაკეთებელია. ქუჩაში გასვლას წინ არაფერი უდგას. საერთოდ, ჯობია, ნებისმიერი კრიზისი საპარლამენტო ფორმატში იყოს, ვიდრე, ქუჩის პროტესტის სახით, ბუნდოვანი და სარისკო განვითარება.

- მართალია, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მოიგო, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი თავს მშვიდად და გამარჯვებულად გრძნობს?

- გააჩნია, გამარჯვებას რას ეძახის ადამიანი. გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი და მთავარი ბონუსი ძალაუფლებაა და ესეც პირადი ინტერესების მოსაგვარებლად სჭირდება მას, ამ კუთხით, შეიძლება თვლიდეს, რომ გამარჯვებულია. თუმცა, დალხენილი არ არის. "ქართული ოცნების" ბრიყვებისგან განსხვავებით, არ შეიძლება მას არ ესმოდეს ის, რომ ეს გამარჯვება ე.წ. პიროსის გამარჯვებაა, რაც შეიძლება მისთვის, საბოლოო ჯამში, ბევრად უფრო უარესი მარცხით დასრულდეს. ასე რომ, შეიძლება ამ ეტაპზე ამა თუ იმ მეთოდებით გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სამაგიეროდ, საკუთარი მომავალი კიდევ უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა.

- მაგალითად, რა მხრივ?

- იმ მხრივ, რომ თუ საზოგადოების დიდ ნაწილში დღეს არის განწყობა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არალეგიტიმურად მართავს, რაც უფრო დრო გადის, ეს განწყობა კიდევ უფრო აგრესიული ხდება. მუდმივად ხომ ვერ იქნება? ოდესღაც ხომ მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა და, შესაბამისად, რაც დრო გადის, ეს წასვლა ბევრად უფრო მტკივნეული და მძიმე სცენარებით ხდება. ერთია, რბილად წასვლა და რბილად წასულებიც გვინახავს, მაგალითად, შევარდნაძე, და ცუდად წასულიც - სააკაშვილი. უარესებიც ყოფილა.

- გვახსოვს, ცოტა ხნის წინ, გუბაზ სანიკიძემ თქვა და ამან ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია, რომ ბიძინა ივანიშვილს არავისი ეშინია, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. თქვენი აზრით, რეალურად რისი და ვისი შიში აქვს ბიძინა ივანიშვილს?

- როგორც იტყვიან, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია (იცინის). ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთგვარი სიმბიოზია - ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ. შეიძლება ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ ბუნებაში ერთგვარი ბუნებრივი ანტაგონისტი სიმბიოზები არსებობს. ისინი, წესით ერთმანეთს უნდა ებრძოდნენ, მაგრამ იმდენად სარგებლობენ და იკვებებიან ერთმანეთით, რომ, პრინციპში, თავს კარგად გრძნობენ, თავიანთ ძალასა და კეთილდღეობას ერთმანეთის სიძულვილზე აშენებენ. მაგალითად, ასეთი სიმბიოზია ბუნებრივი ანტაგონისტი - ნიანგი და ჩიტი კოლიბრი. ნიანგი, როგორც მტაცებელი ჩიტ კოლიბრის უნდა ჭამდეს, ის კი უნდა გაურბოდეს. სინამდვილეში, კოლიბრი ნიანგს კბილებზე აჯდება და უწმენდს, ორივე სარგებლობს - ერთს კბილები ეწმინდება, მეორე - იკვებება. დაახლოებით, ასე არის ეს ორი, უკვე არცთუ ახალგაზრდა ქართველი ლიდერი.

- რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორს, რას ფიქრობთ ჯანდაცვის მინისტრის მუშაობაზე? ხშირად მას ისეთი ადამიანებიც კი აკრიტიკებენ, ვინც "ქართული ოცნების" მომხრეა... როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო სისტემის გამართულად მუშაობისთვის?

- მინისტრის შეცვლა, რა თქმა უნდა, საჭიროა და აგიხსნით, რატომ. თეორიების განვითარებას არ დავიწყებ, აქვს თუ არა მას განათლება ან - როგორი. არც მის დიპლომს ვამოწმებ და არც მის კომპეტენციას. პრაგმატულ პარამეტრს გეტყვით. მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა და პოლიტიკურ ფიგურას ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, მის სიტყვას კი ფასი არ აქვს საზოგადოებაში. ის უნდა სარგებლობდეს ნდობით, გამოირჩეოდეს გარკვეული დამაჯერებლობით და როდესაც ლაპარაკობს, მას უნდა ენდობოდეს როგორც სისტემა, ისე - მოსახლეობა. მით უმეტეს, ასეთ მწვავე სიტუაციაში, როდესაც ყოველ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მერწმუნეთ, ავტორიტეტი მას არც "ქართულ ოცნებაში" აქვს. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება სისტემას მართავდეს ადამიანი, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს. ის მინისტრი არ უნდა იყოს. წესით, ეს მისთვისაც ძალიან დამთრგუნველია და რატომ ეპოტინება? გასაგებია, რომ პატარა ადამიანები, გაუგებრობაში რომ მოხვდებიან და დაუმსახურებლად რაღაცას მიიღებენ, მერე, აღარ ეთმობათ ხოლმე. ალბათ, ასეთ ამბავთან გვაქვს საქმე. სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს, ასეთი ბევრი მინახავს, 10-დან 9 ასეთია.

- კვლავ ბიძინა ივანიშვილის მფარველობის ამბავია?

- რა თქმა უნდა, მას არც პროფესიული საზოგადოება ენდობა და სერიოზულადაც არავინ აღიქვამს. ყველამ იცის, რომ მისი დანიშვნა ბიძინა ივანიშვილის ახირება იყო და - მეტი არაფერი. თუმცა ვიცით, რომ ტიკარაძე ერთადერთი არ არის, ასეთი. შეიძლება, თვითონაც ასე ფიქრობს, ჩემისთანების მეტი რა ჰყავს და რატომ გადავდგეო? ამით ამართლებს თავის სიტუაციას.

- ბატონო გია, ეკონომიკური კუთხითაც შევეხოთ ვითარებას. ახალი წელი მოდის და ვხედავთ, რომ პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება და მოსახლეობის ნაწილს საკმაოდ უჭირს. რას შეიძლება ველოდოთ უარესი სცენარის განვითარების შემთხვევაში? - დიახ, სამწუხაროდ, უარესობას უნდა ველოდოთ. სამომხმარებლო კალათა მართლაც დამძიმდა, მეორე მხრივ, შემოსავლების ინდექსაცია არ ხდება და 100-200 ლარს რომ ვიღაცას გადაუგდებენ, კარგად გვესმის, ეს რას ნიშნავს. ხელისუფლებას ეკონომიკური გაჯანსაღების არანაირი გეგმა არ აქვს, ეს ჩანს და გულწრფელებიც არიან, არც არაფერს გვპირდებიან. ასე რომ, ვითარება, სამწუხაროდ, რთულია.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)