"გახარიამ ეს ყალბი სენტენციები ივანიშვილს მოუყვეს. ოპოზიციაზე ამას არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია" - კვირის პალიტრა

"გახარიამ ეს ყალბი სენტენციები ივანიშვილს მოუყვეს. ოპოზიციაზე ამას არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია"

"გახარიას შეუძლია, რომ ეს ყალბი სენტენციები შეინახოს თავისთვის და მოუყვეს ივანიშვილს", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მის განხილვაში მონაწილეობა ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს, ვისაც მოქალაქეებმა ნდობა გამოუცხადეს.

კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას ოპოზიციის რეკომენდაციები ბიუჯეტის შესახებ არც ერთხელ არ გაუთვალისწინებია.

"გახარიას ამ ყალბ შემოთავაზებას, რა თქმა უნდა, არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რომ არ შევიდეს პარლამენტში. არანაირი ბიუჯეტის განხილვა მნიშნელოვანი თემა არ არის, ჩვენ წლების მანძილზე პარლამენტში ვიყავით და არც ერთხელ, არც ერთი რეკომენდაცია ჩვენს მიერ მიცემული ბიუჯეტთან დაკავშირებული ან გადასახადების შემცირებაზე, ან პენსიების გაზრდაზე და ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებაზე, არ გაუთვალისწინებიათ. არც ერთი ჩვენი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებიათ კოვიდთან ბრძოლის დროს, მომზადებასთან დაკავშირებით, რომ ასეთი კრიზისი და კატასრტოფა არ მიგვეღო და ახლა გაახსენდა გახარიას, რომ ოპოზიციის მიერ ბიუჯეტის განხილვა არის მნიშვნელოვანი.

ამრიგად, ეს ყალბი სენტენციები შეუძლია შეინახოს თავისთვის და მოუყვეს ივანიშვილს, თუ მას სურდა, რომ პარლამენტში მართლა ყოფილიყო ოპოზიცია და მართლა ყოფილიყო სერიოზული დისკუსია, მას არჩევნები არ უნდა გაეყალბებინა და თვითონ იქნებოდა ოპოზიცია ამ პარლამენტში. ახლა, როდესაც მან არჩევნები გააყალბა, ის ამ პარლამენტში ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს და ვერანაირი ასეთი ყალბი საბაბი ამისთვის მას არ გამოადგება", - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიასმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მის განხილვაში მონაწილეობა ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს, ვისაც მოქალაქეებმა ნდობა გამოუცხადეს. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მწვავე დისკუსია შედგება.

"ინტერპრესნიუსი"