"არ შეიძლება დაშვება პრეცედენტის, რომ საქართველოში ძალაუფლების მიტაცება შესაძლებელია" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება დაშვება პრეცედენტის, რომ საქართველოში ძალაუფლების მიტაცება შესაძლებელია"

ჩვენი ყველა წინადადება არის ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ. მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ განვიხილავთ სხვა წინადადებებს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპიზიციას მესამე რაუნდთან დაკავშირებით სიახლე არ აქვს.

"ყველა თემაზე ვიკრიბებით რუტინულად ჩვენ, პარტიები. ჩვენ ჯერ არანაირი სიახლე არ გვაქვს, არც მესამე რაუნდთან დაკავშირებით და ოპოზიციური პარტიების პოზიციაც უცვლელია.

ჩვენი ყველა წინადადება არის ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ. მე არ განვიხილავ სხვა წინადადებებს და არც ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ არის ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება, რაზეც ალბათ, ალეკო ელისაშვილი საუბრობს, იმიტომ, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურად და ნორმალურად ჩატარებას სჭირდება არსებითი ცვლილებები", - განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, სხვა წინადადებით რომ მივიდეს მმართველი გუნდი, მაგალითად 2024 წელს ბარიერის დაწევა, ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ არჩევნების გარდა ოპოზიცია სხვა შეთავაზებას არ დათანხმდება.

"არა, არ შეიძლება დაშვება პრეცედენტის, რომ საქართველოში ძალაუფლების მიტაცება შესაძლებელია, იმიტომ, რომ ეს გზა მერე მიდის ავტორიტარიზმამდე. ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როდესაც დააყენა საკითხი ვადამდელი არჩევნები ხელახალი არჩევნების ნაცვლად", - განაცხადა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"