"დიდი მად­ლო­ბა, რომ ლა­მის ტე­რო­რის­ტად გა­მო­მა­ცხა­დეთ" - თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ავ­სტრი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ ექიმს ირმა კვი­ცა­რი­ძეს პა­სუ­ხობს - კვირის პალიტრა

"დიდი მად­ლო­ბა, რომ ლა­მის ტე­რო­რის­ტად გა­მო­მა­ცხა­დეთ" - თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ავ­სტრი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ ექიმს ირმა კვი­ცა­რი­ძეს პა­სუ­ხობს

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ექიმს ირმა კვიცარიძეს პასუხობს:

"ქალბატონო ირმა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ. სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია აგრეთვე, რომ „პროფესიულ ჩარჩოებში ჩემთან დებატები“ გადაიფიქრეთ. ვფიქრობ, ისედაც კარგად იციან საქართველოშიც და მსოფლიოშიც, ვინ ვარ მე და ვინ ბრძანდებით თქვენ და ვის რა დამსახურება გვაქვს.

მინდა მხოლოდ ერთი განცხადება გავაკეთო. ვერც თქვენ და ვერც ვერავინ ვერ დამისახელებს ვერცერთ შემთხვევას, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე მე პირველმა გამოვაქვეყნე პოსტი ან სხვა რაიმე ფორმით გამოვხატე ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება რომელიმე ჩემი კოლეგის ან ვინმე სხვის მიმართ. ასეთი პრეცედენტი ბუნებაში არ ყოფილა. ყველა ჩემი კრიტიკული პოსტი, თუ შეფასება ყოველთვის იყო პასუხი, მხოლოდ და მხოლოდ პასუხი რომელიმე ჩემი კოლეგის ან არაკოლეგის მიერ ჩვენს საექიმო საქმიანობაზე აუგის თქმაზე.

არა აქვს მნიშვნელობა პირადად ჩემი სახელი და გვარი იყო დასახელებული, თუ როგორც ამბობენ „კოლმეურნეობის თავმჯდომარის“. ამასთან, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ყველა ჩემი პასუხი და განმარტება ყოფილიყო ობიექტური და მაქსიმალურად არგუმენტირებული (ვფიქრობ, სწორედ ეს აღიზიანებს ჩემს ოპონენტებს) და ამასთან არასოდეს მიმიმართავს პიროვნული შეურაცხყოფისთვის და არაკორექტული, მითუმეტეს ვინმეს ღირსების შემლახავი გამოთქმებისთვის" - ნათქვამია ცერცვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ირმა კვიცარიძემ ცერცვაძესთან დაკავშირებით პოსტი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა "მისი რეპუტაცია შელახა" და ამისთვის სამართლებრივ რეაგირებასაც აპირებდა.

"კოლეგებო, ახლახანს შევიტყვე რომ ბატონი თენგიზ ცერცვაძის მორიგი 1937 წლის რეპრესიების სტილში დაწერილი "ანონიმკის" ადრესატი , ჩვენი კოლეგა გიორგი კანდელაკია. მეტიც თუ ბატონი თენგიზის მიერ ჩვენთვის მოძღვნილი წერილები მხოლოდ სალანძღავ და შეურაცმყოფელ "იდეებს" შეიცავდა, გიორგი კანდელაკს პირდპირ ემუქრება. ჩვენ მოგვწვდა ღვრძლით, ჩვენი ქართველი კოლეგები კი ფაქტიურად რეპრესიებში ყავს.

ბევრმა გაატარა ბატონი თენგიზის შემოტევა, ერთმა კოლეგამ გერმანიიდან მას ბოდიშებიც მოუხადა და ჩვენ მიგვალანძღა ბატონი თენგიზის გულის მოსაგებად. მე პირადად არ ვაპირებ რომ ჩემი რეპუტაციის შელახვა და მის მიერ ჩემი სიცრუეში დადანაშაულება მას ასე გავუტარო. ბატონო თენგიზ, შესაძლოა ჩემს სამშობლოში დღეს ექიმს არავინ არ იცავს და ისინი თქვენნაირებს მძევლად ყავს აყვანილი, მაგრამ ის ქვეყანა თქვენ რომ სამოთხედ მოიხსენიეთ, დიახ ჩვენთან ავსტრიაში, იცავს და უფრთხილდება მის ექიმებს, ავსტრიის კანონმდებლობა იცავს ექიმს, მის უფლებებს და ექიმის რეპუტაციას.

გადაწყვეტილი მქონდა თქვენთან პროფესიულ ჩარჩოებში დებატები. აღარ ვაპირებ. თქვენ იუსტიციის ენით გჭირდებათ საუბარი, რასაც ჩემი ადვოკატი გააკეთებს. ვინმემ უნდა შეაჩეროს ეს ამაზრზენი საქციელი. კოლეგებო ნუ ხართ დამუნჯებული! სადაა თქვენი სოლიდარობა?! ჩემი სოლიდარობა გიორგი კანდელაკს!" - წერდა კვიცარიძე.