"ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო - აღარ ვაპირებ მათთან ერთად "გირჩის" კეთებას" - კვირის პალიტრა

"ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო - აღარ ვაპირებ მათთან ერთად "გირჩის" კეთებას"

ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად "გირჩის" კეთებას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

ჯაფარიძე თანაპარტიელებთან დაპირისპირების მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მთელი პასუხისმგებლობა მასზეა.

მისივე განმარტებით, "გირჩის" მთავარი ბრძოლა წინაა.

"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო.

მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად "გირჩის" კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს. მჯერა, რომ ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო. ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ. "გირჩის" მთავარი ბრძოლები წინაა", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

"გირჩის" პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

როგორც პარტიის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გადაწყვეტილებას "ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ის, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ".

"ზურაბ ჯაფარიძე აღარ აგრძელებს პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან. აღნიშნულის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ძალიან ბევრი მიზეზია, ერთმანეთს ვეღარ უგებენ და ვეღარ თანამშრომლობენ. დიდი ხნის ამბავია ეს. ჯერჯერობით არ არის გარკვეული, პარტია როგორ გაიყოფა. ერთადერთი, რაც გაირკვა, არის მხოლოდ ის, რომ პარტიულ თანამშრომლობას აღარ აგრძელებენ", - განაცხადეს პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"