"გულდაწყვეტილი ვარ. ბიძინა ივანიშვილს შეეძლო ეს ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ ექცია" - კვირის პალიტრა

"გულდაწყვეტილი ვარ. ბიძინა ივანიშვილს შეეძლო ეს ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ ექცია"

წინა წლის ბიუჯეტი კორუფციულადაა გაფლანგული და ახალ ბიუჯეტში მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მენეჯმენტი, რომელიც დღეს მთავრობას აქვს, არასწორია. მისი თქმით, არასწორია ბიუჯეტის დაგეგმარებაც, რადგან 2020 წლის ბიუჯეტიც "კორუფციულადაა გაფლანგული".

"რასაც ვუყურებთ, ჩინოვნიკების ხელფასები იზრდება. რომელი ბიუჯეტის დამტკიცებაზე გვეპატიჟებიან, როდესაც წინა წლის ბიუჯეტს არ განიხილავენ, აანალიზებენ. ამას აკეთებს ყველაზე მცირე, ხუთკაციანი შპს-ც კი - სანამ მიიღებს მიმდინარე წლის ბიუჯეტს, აუცილებლად გადახედავს და შეისწავლის წინა წლისას. მიმაჩნია, რომ იქ ჩადებული 60 მილიონით ჩინოვნიკების ხელფასები კი არ უნდა იზდებოდეს, არამედ ექიმების. ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელთა იმედზეც ვართ დარჩენილი. ძალიან კარგი იქნება, ამ თემებზე პარლამენტიდან ვსაუბრობდეთ, თუმცა როდესაც ხმები მოპარულია, ვერ შევეგუებით ამას და ვიბრძოლებთ სამართლიანი არჩევნების დასაბრუნებლად,"-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, საქართველო მსგავს ექსპერიმენტებს ვეღარ გაუძლებს, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება და სოციალური ფონი საბოლოოდ დამძიმდება.

"ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმით, რაც ამ ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანას დამართა ბიძინა ივანიშვილმა. მას შეეძლო, სხვა ადამიანებთან ერთად, სხვანაირი მართვის კულტურით, ეს ქვეყანა ექცია წარმატებულ სახელმწიფოდ. რეალურად კი მივიღეთ ჩამოქცეული ეკონომიკა და არამართვადი პანდემია. მათ წააგეს პანდემიასთან, წააგეს ლარის კურსთან, წააგეს ეკონომიკასთან ბრძოლა. როდესაც არ გამოგდის ქვეყნის მართვა, სხვას უნდა მისცე ქვეყნის მართვის საშუალება. ეს ქვეყანა ამდენ ექსპერიმენტს და არასწორ გადაწყვეტილებას ვერ გაუძლებს", -აცხადებს ხაზარაძე.

"ინტერპრესნიუსი"