ოპოზიციური პარტიებისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა - რას აცხადებენ პოლიტიკოსები - კვირის პალიტრა

ოპოზიციური პარტიებისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა - რას აცხადებენ პოლიტიკოსები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიებისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდგომ პოლიტიკოსებმა განცხადებები გააკეთეს:

კობა ნაყოფია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: "დღეს იყო გაცვლა პოზიციების, ბატონ გრიგოლს დაგეგმილი ჰქონდა სხვა შეხვედრები, მათ შორის, სხვა საელჩოებთან. შემდეგ რაუნდზე იხილავთ ბატონ გრიგოლს და მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ, რომ ყველაფერი, რაც დღეს გადაეცა ელჩებს, არის სრულიად შეთანხმებული ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. დღეს პოლიტსაბჭოზე იყო ამ წინადადების განხილვა და ერთხმად დადასტურდა ის წინადადებები, რომლითაც მივმართეთ ფასილიტატორებს და გრიგოლ ვაშაძე არათუ საქმის კურსშია, არამედ მონაწილეობდა. დღეს მას ჰქონდა შეხვედრები. გრიგოლ ვაშაძე იზიარებს ყველა იმ პოზიციას, რა პოზიციასაც იზიარებს პარტია, ის გახლავთ პარტიის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარის გარეშე არც მაქვს უფლება სხვა წინადადებებით მოვიდე"

ალეკო ელისაშვილი, პარტია "მოქალაქეები": "ჩვენ შევთანხმდით, რომ არ ვილაპარაკოთ დეტალებზე. მართლა ვიტანჯები მეც, ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ გვაქვს სიტყვა ნათქვამი, რომ ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ. ძალიან კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მოვედით, კონკრეტული წინადადებით, რასაც ელჩები გააცნობენ "ქართულ ოცნებას". სულ რომ ჯვარს მაცვათ, დეტალებს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ სიტყვა გვაქვს ნათქვამი. ჩვენ ველოდებით შეთავაზებებზე "ქართული ოცნების" პასუხს პრესკონფერენციებით კი არა, იმ ფორმატით, რა ფორმატშიც მიდის ჩვენი ურთიერთობა. "ქართული ონებისგან" კომპრომისს და დათმობას რომ არ ველოდეთ მოლაპარაკების პროცესში, არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ გვეწვალა და არც ჩვენი ელჩები არიან პატარა ბავშვები, რომ ვაწვალებდეთ. უზარმაზარ შრომას ეწევიან, უზარმაზარი დრო და რესურსი აქვთ გამოყოფილი იმისთვის, რომ ნელ-ნელა მიდიოდეს ეს პოროცესი წინ. რა თქმა უნდა, ორივენი ვართ გაჯიუტებული, ცალკე ოპოზიცია და ცალკე "ქართული ოცნება" და ელჩები ცდილობენ, რომ ცალკე რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ"

მამუკა ხაზარაძე, "ლელოს" თავჯდომარე: "დღეს ჩვენ მოვიტანეთ შეჯერებული წინადადებათა პაკეტი. ძირითადი კომპონენტი არ შეცვლილა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ უამრავი სხვა საკითხია ამ პაკეტში. ჩვენმა ფასილიტატორებმა ელჩებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო დაახლოებით 2 დღე, სანამ ჩვენ მივიღებთ "ქართული ოცნებიდან" ჩამოყალიბებულ წინადადებას და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება. ჩვენ ველოდებით უახლოეს ორ დღეში ამ შეხვედრას. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არ შეიცვალა ფუნდამენტურად საარჩევნო კოდექსი და დღევანდელი ცესკოს შემადგენლობა, ბუნებრივია მოლაპარაკება ვერ შედგება"

დავით ბაქრაძე, "ევროპული საქართველო": "ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან და ჩვენი ხედვა როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი, როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო მათდამი, როგორც ფასილიტატორებისადმი, ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ "ქართულ ოცნებას" და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ პასუხს. მე კონკრეტულად ვერ გეტყვით, რას ეხება ეს დოკუმენტი, ვინაიდან ჩვენი მეგობრების თხოვნაა, სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი "ქართული ოცნებისგან", შეთავაზების დეტალებზე არ ვისაუბროთ. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შეთავაზება არის შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რასაც აქამდე აყალიბებდა ოპოზიცია, მათ შორისაა არჩევნებიც"