"არასდროს არ ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ" - კვირის პალიტრა

"არასდროს არ ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ"

ჩვენ არასდროს არ ვიყავით არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში. არასდროს არ ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ, - ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი შეკითხვას, რატომ არ ესწრებოდა "პატრიოტთა ალიანსი" ოპოზიციასა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრას.

ირმა ინაშვილის განმარტებით, ოპოზიციის მიერ შედგენილ წინადადებათა პაკეტში 2 პუნქტი მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამ პუნქტთაგან ერთ-ერთს კი მათი გუნდი ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულად აღიქვამს.

"დღეს ყველა ტელეარხი და ჟურნალისტი მეკითხება,- რატომ არ ვიყავით ელჩებთან შეხვედრაზე. გპასუხობთ ყველას:

ჩვენ არასდროს არ ვიყავით არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში. არასდროს არ ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. ელჩებს ჩვენ ვხვდებით ან მარტო ან ე.წ. რაუნდებზე, სადაც არის ხელისუფლებაც და საერთოდ სულყველა;

რამდენადაც მე ვიცი (შეიძლება, სწორად არც ვიცი), ეს იყო 7 პარტიის შეხვედრა და მე კვლავ ვამბობ: ჩვენ ვმოქმედებთ მარტო, ცალკე და დამოუკიდებლად!

ჩვენი მოთხოვნები იგივეა, რაც იყო. პირველი- ახალი არჩევნები გაზაფხულზე! მეორე- გაზაფხულზევე ჩატარდეს ელექტრონული არჩევნები. მესამე- გაზაფხულზევე არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო ყველასათვის. მეოთხე- გაზაფხულზევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ან გაყალბებისთვის სისხლის სამართლის სასჯელი გახდეს 12 წლიდან ზემოთ. მეხუთე- საარჩევნო გარემოს ანუ ცესკოს და ა.შ. შეცვლა.

რაც შეეხება იმ 7 პარტიის პაკეტს, ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ გადმომიგზავნა ეს მასალა. იქ 2 პუნქტია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ დღეს არაფერს ვიტყვი ამაზე, ვინაიდან თავად წინადადების პაკეტის ავტორები არ ასაჯაროვებენ მათი პაკეტის შინაარსს, ველოდებით მესამე რაუნდს. ამ პუნქტთაგან ერთ- ერთს მე და ჩვენი გუნდი პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას", - წერს ირმა ინაშვილი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"