"ამ დარგების გარეშე ქვეყანა წელში ვერასდროს გაიმართება..." - როდის დასრულდება ეკონომიკური კრიზისი?!
"ამ დარგების გარეშე ქვეყანა წელში ვერასდროს გაიმართება..." - როდის დასრულდება ეკონომიკური კრიზისი?!
"სულ მაჩანჩალა მდგომარეობაში ვიქნებით, თუ პერსპექტივაზე გათვლილ აზროვნებასა და ქმედებას არ დავიწყებთ"

"ქვეყანაში სპეციფიკური ეკონომიკური კრიზისია, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია მედიცინაში შექმნილი პრობლემით. შესაბამისად, სანამ მედიკოსები ვაქცინას და მკურნალობის ეფექტიან საშუალებას არ შეიმუშავებენ, ეკონომიკური კრიზისი ვერ დასრულდება", - ამბობს პროფესორი ლადო პაპავა.
როგორ შეიძლება მცირედით მაინც შევაჩეროთ კრიზისის მასშტაბი და ხალხის გაღარიბება ეფექტიანი მკურნალობის მეთოდების შემუშავებამდე, ამის შესახებ ლადო პაპავა გვესაუბრება:

- ხშირად სვამენ კითხვებს, შესაძლებელი იყო თუ არა ეკონომიკური
კრიზისის თავიდან აცილება. კრიზისი იმიტომ არის კრიზისი, რომ გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო იწყება და შეუძლებელია მისი წინასწარ გათვლა. მით უფრო შეუძლებელია კრიზისის არიდების მექანიზმების წინასწარ შემუშავება. თუ ვინმეს რაიმე წინასწარ უნდა განესაზღვრა, მედიკოსებს, კერძოდ, ვირუსოლოგებსა და ეპიდემიოლოგებს. სამწუხაროდ, მათ ასეთი პროგნოზი არ გაუკეთებიათ.
ჩვენი ეკონომიკა ეპიდემიის
დაწყებამდეც სუსტი იყო, ძალიან ბევრი სექტორი საერთოდ განუვითარებელი გვქონდა.

საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემაა ჩავარდნა ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაში, ანუ მატერიალურ წარმოებაში. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ბოლო წლებში აქცენტი კეთდებოდა მომსახურების სექტორზე, მაგალითად, ტურიზმსა და საფინანსო სექტორზე. შესაბამისად, გავხდით ქვეყანა, რომელიც თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ტურისტების შემოსვლა-არშემოსვლაზე.

სხვათა შორის, ტურისტების ნაკლებობას მხოლოდ პანდემია და მსგავსი პრობლემები არ განაპირობებს, პოლიტიკაც ანგარიშგასაწევია. შეგახსენებთ - 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა და რუსი ტურისტებისთვის ჩვენი ქვეყანა დაიხურა. ასეთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა რომ არ დაგვაზარალოს და ოდნავ მაინც მყარად დავდგეთ ფეხზე, საჭიროა ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება: მრეწველობის, სოფლის მეურნეობის... ამ დარგების გარეშე ქვეყანა წელში ვერასდროს გაიმართება.

- რატომ ვერ მოხერხდა ამ დარგების განვითარება და რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული?
- ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა "აწარმოე საქართველოში", მაგრამ ასევე ძალიან დიდი შეცდომაა, როცა ეს პროექტი ფულს გასცემს რესტორნებსა და სასტუმროებზეც. პროექტს ჰქვია "აწარმოე საქართველოში" და არა, "დაასვენე ან დრო ატარებინე საქართველოში". ისედაც მწირი რესურსი უმიზნოდ არ უნდა გაიფლანგოს.

რაც შეეხება გრძელვადიან პროექტებს. ქვეყანა ვერასდროს იქნება ეკონომიკურად მოწინავე, თუ არ შეუძლია მაღალი დამატებული ღირებულების შემცველი პროდუქციის წარმოება. მაღალი ღირებულების პროდუქტი მხოლოდ ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით იქმნება. ამას ეკონომისტები ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას ვუწოდებთ. უამისოდ საქართველო ვერასდროს გახდება ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ასევე უნდა გახდეს პრესტიჟული სამეცნიერო საქმიანობა, განსაკუთრებით ზუსტ, საბუნებისმეტყველო, კომპიუტერულ დარგებში.

- მაგრამ ჩვენ, ალბათ, ორიენტირი კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის გზებზე უნდა გვქონდეს...
- თქვენ ახლა ზუსტად ის რეაქცია გქონდათ, როგორიც თითქმის ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს ამ თემაზე საუბრისას.
სანამ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები გრძელვადიანი ამოცანებით არ დაინტერესდებით, ქვეყანა სულ მაჩანჩალა იქნება.
როგორ გირჩევნიათ, სწრაფად მსხმოიარე თუ ხეჭეჭურის გემრიელი მსხალი, რომელიც ნაყოფს მხოლოდ 12-15 წლის შემდგომ იძლევა? მე გეუბნებით, ქვეყანა ვერ განვითარდება "ხეჭეჭურის ეფექტის" მქონე ეკონომიკური მოდელის გარეშე.

- მაგრამ ხეჭეჭურის ხის გაზრდამდე შიმშილით არ უნდა მოვკვდე.
- შეცდომაა იმის თქმა, რომ ახლა რთული ვითარებაა და ამის დრო არ არის. დღეს თუ არ დავიწყეთ საქმე, ხვალ გვიანი იქნება. თუ დღეს დავიწყებთ, შედეგს 10-15 წლის შემდეგ მივიღებთ. თუ გაისად დავიწყებთ, შედეგი 11-16 წლის შემდგომ იქნება და ა.შ.
როგორც წესი, პოლიტიკოსებს გრძელვადიანი პროექტები დიდად არ აინტერესებთ, რადგან მათი პოლიტიკური ცხოვრება ოთხწლიანი საარჩევნო პერიოდით შემოიფარგლება, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა კი ოთხ წელში შედეგს ვერ მოგცემს. ამიტომაც ვიქნებით სულ ასეთ მაჩანჩალა მდგომარეობაში, თუ პერსპექტივაზე გათვლილ აზროვნებასა და ქმედებას არ დავიწყებთ.

სწორედაც ახლა, თუნდაც პანდემიის პერიოდში, უნდა დავიწყოთ ფიქრი ბიუჯეტიდან სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებაზე. სწორედ კრიზისის გამო გრანტის არმქონე სტუდენტებს უჭირთ სწავლის საფასურის გადახდა. ადეკვატური საბიუჯეტო დაფინანსება უნდა მიეცეთ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, განსაკუთრებით უნდა გაეზარდოს დაფინანსება სამეცნიერო ნაწილს. თუ მეცნიერების განვითარებაზე არ ვიფიქრეთ, მალე მასწავლებლის გამზრდელი კვალიფიციური მასწავლებელი (ანუ პროფესორი) აღარ გვეყოლება.

ბევრი ცნობილი ეკონომისტის აზრით, მართალია, პანდემიამ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, მაგრამ ამასთანავე შექმნა ახალი გამოწვევებიც. თუ მათ ვერ ავუწყობთ ფეხს და ახალ შესაძლებლობებს არ გამოვიყენებთ, წელში ვერასდროს გავიმართებით.

მყისიერად რაც შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს, არის მოსახლეობისთვის სოციალური პაკეტების მიცემა და ბიზნესის დახმარება, თუმცა ვინაიდან სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვართ, დახმარება მწირი იქნება. რა თქმა უნდა, 1.000 დოლარი კარგი იქნებოდა, მაგრამ ბიუჯეტი ამის საშუალებას არ გვაძლევს და უნდა დავჯერდეთ 300 ლარს, რომელიც 100 დოლარიც კი არ არის. რატომ ვართ სუსტად განვითარებული ეკონომიკის ქვეყანა? იმიტომ, რომ ეკონომიკის რეალური სექტორი არ განგვივითარებია ჯეროვნად, სამწუხაროდ, არც მომავალზე გვიფიქრია.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები