"შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონსაც დაიჭერენ!" - კვირის პალიტრა

"შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონსაც დაიჭერენ!"

18 მარტს ქუთაისის ოპერის თეატრში გამართული "ქართული პროზის ანთოლოგიის" პრეზენტაციაც ერთი რიგითი ლიტერატურული საღამო იქნებოდა, რომ არა მწერალი ზაზა ბურჭულაძე.

"მაგის წიგნს რავა დავიჭერ ხელში და წავიკითხავ!" - განაცხადა დარბაზიდან პროტესტის ნიშნად გასულმა ერთმა აღშფოთებულმა მამაკაცმა. არადა, აღსაშფოთებელი ბევრი არაფერი იყო. რა და როგორ მოხდა, ამის ვიდეოჩანაწერი ქართულ ინტერნეტგვერდებზე სწრაფად გავრცელდა, ჰოდა, ინტერნეტის ქართველმა მომხმარებელმაც გვარიანად იფხანა ენა.

მოკლედ გეტყვით, რაც მოხდა ქუთაისში. როგორც ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, მწერლები რიგრიგობით ადიოდნენ სცენაზე და საკუთარ ნაწარმოებებს წარადგენდნენ. ზაზა ბურჭულაძე სცენაზე ქამარში პისტოლეტგარჭობილი გამოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს მხოლოდ სათამაშო იყო და მეტი არაფერი, მაგრამ როგორც ანტონ ჩეხოვი ამბობს, თუ პირველ მოქმედებაში სცენაზე თოფი ჩნდება, ის ბოლო მოქმედებაში აუცილებლად გაისვრის. ბურჭულაძე ბოლო მოქმედებას არ დალოდებია.

"აქ მხოლოდ ჩემი შიშებია, მართლა არ გირჩევთ წაკითხვას, არაფერია იქ წასაკითხი, თუ კიდევ რამეა, შემიძლია მასაჟი გავუკეთო, ვისაც უნდა", - განაცხადა ნაწარმოების წარდგენისას ბურჭულაძემ. უნდა აღინიშნოს, რომ მისი გამოსვლისას დარბაზში მცირე ხმაური იყო, როგორც მერე გაირკვა, სავარაუდოდ, ის ხალხი, ვინც მოგვიანებით პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, საკმაოდ კრიტიკულად შეხვდა ბურჭულაძის გამოსვლას. რას ამბობდნენ ისინი ან ბურჭულაძეს სცენაზე რა ესმოდა - ძნელი სათქმელია. ის-ის იყო, უნდა დაეტოვებინა სცენა, რომ წამყვან გოგონას მიკროფონი ხელახლა გამოართვა და შესძახა:

"ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი!" რასაც დარბაზში ჯერ ტაში მოჰყვა, შემდეგ კი ჩოჩქოლი და იქაურობა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს ადამიანებმა, ვინც შემდეგ ქუთაისის ინტელიგენციის სახელით ლაპარაკობდა და ამბობდა: "მწერალი რომ ასე შეურაცხყოფს ქუთაისის ინტელიგენციას, ჩვენ იმ დარბაზში არ გავჩერდებით." ბურჭულაძემ კი ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა: "შედგა ის, რაც მინდოდა, დარბაზი ბოზებმა დატოვეს." თუმცა საკითხავია, ვის საპროვოკაციოდ წარმოთქვა ეს სიტყვები ბურჭულაძემ.

ვის გულისხმობდა - მხოლოდ დარბაზში მყოფ ადამიანებს, თუ უფრო შორს მიმავალი გეგმებიც ჰქონდა? ის პროვოკაციული შემოქმედებითა და ქცევით კარგა ხანია ყველასგან გამოირჩევა, მისი ერთი ნაწარმოების წაკითხვაც კი საკმარისია, რომ მიხვდე, რას უნდა ელოდე მისგან. სავარაუდოდ, იმ დარბაზში მისულ ქუთაისის ინტელიგენციას, როგორც თვითონ ამბობდნენ - მწერლებსა და "არტის" შემქმნელებს, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ მის ნაწარმოებებზე.

დღეს ეს დიდ ცოდვად ვერ ჩაითვლება, მაგრამ, ალბათ, არ უნდა წახვიდე იმის მოსასმენად, ვის შემოქმედებაზე წარმოდგენაც არ გაქვს. გარდა ამისა, დარბაზიდან გამოსულ ადამიანებს უკვე სხვა პრეტენზიებიც გაუჩნდათ. როგორც აღმოჩნდა, მათ არც ღონისძიების მუსიკალური გაფორმება მოეწონათ, არც წამყვანის ჩაცმულობა. ჩემი ყურადღება ერთი ქალბატონის კომენტარმა მიიქცია, რომელიც ამტკიცებდა: "არ შეიძლება, შეურაცხყოფა მიაყენო და ასეთი უცენზური სიტყვები იხმარო ქალაქში, ეს არ არის სოფელი და არ არის პროვინცია". უკაცრავად და, სოფელმა რა დააშავა? სოფლის შეურაცხყოფა რატომ შეიძლება?

კიდევ ერთი: ბურჭულაძემ გაბედა და ხმამაღლა თქვა: ქურდებს სიცოცხლეო, რაც ამ ქვეყანაში, შესაძლოა, ადამიანს ციხეში გამომწყვდევადაც დაუჯდეს. რა გასაკვირია, რომ მათ, ვინც დარბაზი დატოვეს, სწორედ ამისი შეეშინდათ. "ორგანიზებული დანაშაულის და რეკეტის შესახებ" კანონით, ადამიანი ქურდული სამყაროს წევრად მიიჩნევა, თუ ის დანაშაულის ჩადენისაკენ წააქეზებს ვინმეს. ჰოდა, ეს შეძახილი, შესაძლოა, ვინმემ წაქეზებადაც მიიჩნიოს. ამაზე მიანიშნებს არაერთი კომენტარი, რომელიც ინტერნეტში გამოჩნდა.

ვიღაც ამტკიცებდა: ეს თავმოტვლეპილი პირდაპირ სცენაზე უნდა დაეპატიმრებინათო. ჰოდა, ბურჭულაძე, შეიძლება, შენც დაგიჭირონ, მეც დამიჭირონ და ტრიფონიც... მით უფრო რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღშფოთება ვერ დამალა: როგორ გაბედეს ჩემს გარემონტებულ ოპერის თეატრში ასე დრომოჭმული ლაპარაკიო...

ნათია დოლიძე

"ყველა სიახლე"