პარლამენტიც "ჩაშუშული" იქნება - კვირის პალიტრა

პარლამენტიც "ჩაშუშული" იქნება

"როცა ვთქვი, თბილისიდან ნელ-ნელა ვიპარებით-მეთქი, ზოგიერთს გაუხარდა, თუმცა, წასვლას არსად ვაპირებთ", - პრეზიდენტ სააკაშვილის ამ სიტყვების მიუხედავად, პარლამენტი მაინც იპარება ქუთაისში, თანაც ნაწილობრივ. 2012 წლის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს სხდომები, სესიები ქუთაისში გაიმართება, საკომიტეტო მოსმენები კი - თბილისში. ასე ორ ნაწილად გახლეჩილი პარლამენტი უპრეცედენტოა მსოფლიოს ისტორიაში. ქუთაისში პარლამენტის შენობა უკვე შენდება.

მაკეტის მიხედვით, ფეშენებელურ, გამჭვირვალე,  7-სართულიან შუშის შენობას ოვალური ფორმა ექნება, ინტერიერიც და ექსტერიერიც ულტრათანამედროვეა, სხდომათა დიდი დარბაზით, საგამოფენო ცენტრითა და კონფერენსდარბაზებით. "ჩაშუშულ" ქვეყანას (როგორც ცნობილმა არქიტექტორმა ვახტანგ დავითაიამ თქვა), პარლამენტიც შუშისა ექნება. პროექტი ესპანურ კომპანია "სი-ემ-დის" ეკუთვნის, რომელმაც ადრე ბათუმის ბულვარი და ოპერა დააპროექტა. რატომ მიენიჭა უპირატესობა ამჯერადაც მინას, როგორც სამშენებლო მასალას? - ამ კითხვით დეპუტატს, "ნაცმოძრაობის" გენერალურ მდივან ზურაბ მელიქიშვილსა და არქიტექტორ ალექსანდრე სარალიძეს მივმართეთ.

ზურაბ მელიქიშვილის კომენტარი ასეთი იყო: მე რატომ მეკითხებით? ჰკითხეთ იმათ, ვინც აშენებს, პარლამენტის აპარატს.

ალექსანდრე სარალიძე: -   ეს პროცესი ქართულ არქიტექტურაში ერთი ან რამდენიმე პიროვნების სურვილით და გემოვნებით მიმდინარეობს. რაც შეეხება მინის გამჭვირვალობის სიმბოლურ, პოლიტიკურ დატვირთვას, არქიტექტურაში ამგვარი ახირებები ჰქონდათ ვოლუნტარიზმისკენ, ერთმმართველობისკენ  მიდრეკილ ხელისუფალთ - მუსოლინის, ჰიტლერს, ხრუშჩოვს! ასეთი საკითხები ერთი ლიდერისა თუ პარტიის ნება-სურვილით არ უნდა წყდებოდეს.

ნინო კვიტაშვილი

გაზეთი "ყველა სიახლე", #11