"სამართლიან არჩევნებს" არავისთან აქვს ბოდიში მოსახდელი" - კვირის პალიტრა

"სამართლიან არჩევნებს" არავისთან აქვს ბოდიში მოსახდელი"

"ზეწოლა ნამდვილად არ ყოფილა, ეს რომ მომხდარიყო, მაშინვე შეიტყობდა საზოგადოება"

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების"(ISFED) მიერ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შესწორებული შედეგების გამოქვეყნებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხმების პარალელური დათვლის პირველადი, შიდა აუდიტის შედეგად გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილია ბათილი ბიულეტენებიც. ხარვეზის გასწორების შედეგად საარჩევნო სუბიექტების მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შეიცვალა.

ბევრი მიიჩნევს, რომ ეს შედეგები "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და, ბუნებრივია, ამას ოპოზიციის რეაქციაც მოჰყვა...

"კვირის პალიტრის" კითხვებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე უპასუხებს.

- თქვენი ორგანიზაციის შესწორებულ დასკვნას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა...

- ეს "სამართლიანი არჩევნებისთვის" მოულოდნელი, ძალიან მძიმე, შოკის მომგვრელი და განსაკუთრებით მძიმე ფაქტი იყო. არ ველოდით ასეთ რაღაცას, იმიტომ, რომ ეს სისტემა ყოველთვის გამართულად მუშაობს და არასდროს მსგავსი არაფერი მომხდარა.

ველოდით, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნება საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქციას გამოიწვევდა, მზად ვიყავით კითხვებისთვისაც და განსხვავებული პოზიციებისთვისაც. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად გავცე პასუხი ყველა კითხვას.

- როდესაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობდა, სწორედ თქვენს პირველ დასკვნას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვით "ქართულმა ოცნებამ" ხმების 45% მიიღო, ახლანდელი მონაცემებით კი მას დაახლოებით იმდენივე აქვს, რამდენიც ცესკო-ს შედეგების მიხედვით... - გამოვლენილმა ხარვეზმა გამოიწვია მცირედი ცდომილება ჩვენსა და ცესკოს მონაცემებს შორის სამ პარტიასთან დაკავშირებით. ესენი იყო "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი", მაგრამ ეს მანდატების რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს. ჩვენთვის ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი. რაც მე ვმუშაობ "სამართლიან არჩევნებში", ასეთი რამ არ მომხდარა. დისბალანსი ყოველთვის იყო, მაგრამ ასეთი მაღალი მაჩვენებლი - არასოდეს და რაც ამას მოჰყვა, იყო სრულიად გაუგონარი. ჩვენ ვთხოვდით ცესკოს, გადაეთვალა ეს შედეგები და გაგვეგო, მართლაც ტექნიკური ხარვეზი იყო თუ გაყალბება და ეს არ გააკეთეს. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ შეიძლებოდა რაღაცას მალავდნენ. ცალკე იყო "კარუსელების"ფაქტი. მე არ მახსოვს, ჩვენ კარუსელი გამოგვევლინა. მართალია, იყო ერთი ფაქტი პირველ ტურზე, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ე.წ. კარუსელის დატრიალება მხოლოდ ერთ უბანზე, რადგან ეს არის ორგანიზებული დანაშაული. კარუსელი არ არის ტექნიკური შეცდომა, მისი განხორციელება შეუძლებელია წინასწარი შეთანხმებისა და დაგეგმვის გარეშე.

ბევრ დარღვევაზე, რომლებზეც ვლაპარაკობდით წინასაარჩევნო კამპანიის დროს - ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა, მუქარა, ფიზიკური დაპირისპირება - რეაგირება არ ყოფილა. სწორედ ეს ახდენს სერიოზულ გავლენას არჩევნებზე.

ჩვენთვის პრობლემა სწორედ ეს დარვევები იყო და ხელისუფლებამაც ამაზე უნდა ილაპარაკოს. საარჩევნო ადმინისტრაციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რატომ არ გადაითვალა ბიულეტენები და რა პრობლემები იყო ამ საარჩევნო უბნებზე. ჩვენი შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება ცდილობდა, საზოგადოების ყურადღება გადაეტანა მცირე პროცენტულ სხვაობაზე და ეს წარმოეჩინა არჩევნების მთავარ პრობლემად, რაც აბსურდია.

ვერ ჩაითვლება პრობლემად ის, რაც გავლენას არ ახდენს მანდატების რაოდენობაზე, ვერც გაყალბების მტკიცებულებად გამოდგება, მაგრამ ამ ინფორმაციით მაინც მანიპულირებენ. არ შეიძლება მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანო, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ სასწრაფოდ უნდა მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია, რაც უნდა არასასიამოვნო ყოფილიყო ის.

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ თქვენი შესწორებული შედეგები თითქმის დაემთხვა ცესკოს შედეგებს. თეა წულუკიანი თქვენგან ბოდიშს ითხოვს... - ეს "ქართული ოცნების" სტრატეგიის ნაწილია. ის ისევ ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს, რადგან მათ არ სურთ ლაპარაკი რეალურ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ პასუხს ვითხოვთ. ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს მცირე პროცენტული სხვაობა, რომელიც არაფერზე გავლენას არ ახდენს, არის სკანდალური ინფორმაცია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ცდაა. მათ სურთ, ქვეყანა დაარწმუნონ, რომ ჩვენი ორგანიზაცია თავს ვერ ართმევს მოვალეობებს.

"სამართლიან არჩევნებს" არავისთან აქვს ბოდიში მოსახდელი. ჩვენ ვართ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა აუდიტი. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველა დარღვევა "ქართული ოცნების" ჩადენილია. პირიქით, კარგი იქნება თუ მოგვბაძავენ და გამჭვირვალობისა და ობიეტურობის ჩვენს სტანდარტს გადაიღებენ.

- გარკვეული ჯგუფები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მმართველი პარტია ზეწოლას ახორციელებდა თქვენ ორგანიზაციაზე მონაცემების შესაცვლელად. ასეა? - არა. ამ შემთხვევაში "ქართულ ოცნებასთან" მე სერიოზული პრეტენზიები და კითხვები მაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩაატარეს ეს არჩევნები, რადგან

რაც ხელისუფლებაში არიან, ეს იყო ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები, მაგრამ ზეწოლა ნამდვილად არ ყოფილა. ეს რომ მომხდარიყო, მაშინვე შეიტყობდა საზოგადოება.

- ალეკო ელისაშვილი ISFED-ის პარალელურ დათვლაზე ამბობს, რომ ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას. - ეს ოპოზიციური პარტიების გადასაწყვეტია. რაზე აგებენ ისინი თავიანთ სტრატეგიას, რაზე დაყრდნობით იღებენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ეს "სამართლიანი არჩევნების"საქმე არ არის".

- გვარამიამ განაცხადა: "...25-წლიანი უმწიკვლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ საათში ჩაიდო სამარეში. ასე ანადგურებს "ქართული ოცნება" ყველაფერს..." - მესმის, რომ საზოგადოება იმედგაცრუებულია, რადგან აქამდე მცირედი ხარვეზიც კი არ გვქონია და ჩვენგან შეცდომას არ მოელოდა, მაგრამ ასეთი შეცდომები ხდება და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენზე მეტად გაოგნებული ვერ იქნება ვერც გვარამია და ვერც სხვა ვინმე, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა, რათა საზოგადოებას სცოდნოდა, რა მოხდა. ვერავის მოვატყუებთ, ვერაფერს დავმალავთ და კარგი იქნებოდა, საზოგადებას სწორად აღექვა ჩვენი საქციელი.

- მმართველი პარტიიდან, მაგალითად, კალაძე, თალაკვაძე დადებითად გამოეხმაურნენ თქვენს დასკვნებს. - ვიცოდი, რომ ჩვენს განცხადებას მმართველი პარტიის ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. როგორც გითხარით, ისინი ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და რეალური პრობლემები დაავიწყონ. კობახიძის ბრიფინგზე მოვისმინე, რომ ხელისუფლება არანაირ პრობლემებს არ აღიარებს. აბა, რა ქნან, კარუსელებზე ხომ არ ილაპარაკებენ, ან 8%-იან დისბალანსზე, ან ამომრჩევლის მოსყიდვაზე...

- როგორ ფიქრობთ, თქვენი შესწორებული დაკვნა მოახდენს გავლენას ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მოლაპარაკებასა და პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლაზე? - პარლამენტში პარტიების შესვლა-არშესვლა არ არის ჩვენი საქმე. პარტიებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თავიანთი სტრატეგია. რაც შეეხება მოლაპარაკებას, ძალიან მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების მონაწილე ყველა მხარეს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია რეალური მონაცემების შესახებ, რათა ყველა იყოს თანაბარ მდგომარეობაში. ვინ როგორ გამოიყენებს ამ ინფორმაციას, მისი გადასაწყვეტია.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები და უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. რაც შეხება შედეგს, პარლამენტში მივიღეთ ერთი პარტია, რაც მძიმე სანახავი იყო.

ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა. შიდა აუდიტი PVT-ის სტანდარტული პროცედურაა და ოთხ ეტაპს მოიცავს: 1. დამკვირვებლების მიერ გამოგზავნილი მონაცემების აუდიტი; 2. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შესწორების ოქმების გადამოწმება; 3. ცდომილების ხარისხის გამოთვლის სისწორის აუდიტი; 4. არჩევნების დღის პროცესთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმება.

შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ორგანიზაციის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიმდინარეობს ხარვეზის გამომწვევი მიზეზების მოკვლევა, რაშიც ჩართულია სამართლიანი არჩევნების" გამგეობა.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნები" კომპლექსურად აკვირდებოდა მთელ საარჩევნო პროცესს. მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსშიც.