"ახლა პარლამენტი ქუჩაშია, შენობაში კი დარჩნენ გამყალბებლები" - კვირის პალიტრა

"ახლა პარლამენტი ქუჩაშია, შენობაში კი დარჩნენ გამყალბებლები"

"ყველაზე სკეპტიკოსებისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო, ხელისუფლებაში მოსვლიდან მერვე წლისთავზე თუ ასეთი ვითარება შეიქმნებოდა"

პარტია "სამართლიანობისთვის" დამფუძნებელ ეკა ბესელიას აზრით, მე-10 მოწვევის პარლამენტს, რომელსაც ოპოზიციის უმეტესობამ ბოიკოტი გამოუცხადა, ლეგიტიმაცია არა აქვს.

- დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს. ამ ვითარებამდე მიიყვანა ქვეყანა "ქართული ოცნების" ძალაუფლებით ტკბობის სურვილმა.

"ოცნებას" პარლამენტში შესვლაზე ორიენტირებული ისეთი წევრები ჰყავს, რომ ვეღარ გათვალეს ასეთი შედეგი, არ უფიქრიათ, რომ მარტო დარჩებოდნენ და ეგონათ, მოიძებნებოდა ისეთი ვინმე, ვინც პარლამენტში "პოლიტიკური აქსესუარის" ფუნქციას შეასრულებდა.

ახლა ხელისუფლებაში უამრავი შემთხვევით მოსული კადრია, სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი აქვთ და მათთვის მთავარია, პოსტზე იყვნენ. ყველაზე სკეპტიკოსებისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო, ხელისუფლებაში მოსვლიდან მერვე წლისთავზე თუ ასეთი ვითარება შეიქმნებოდა.

ახლა პარლამენტი ქუჩაშია, შენობაში კი დარჩნენ კონფორმისტები და გამყალბებლები. ეს კი ნიშნავს, რომ ასე პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს და ფუნქციას დაკარგავს.

პარლამენტში 6 წელი ვიმუშავე. თუ რაიმე მიღწევით ტრაბახობს "ოცნება" 2012 წლის შემდეგ, არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, სადაც ჩემი გაბედული გადაწყვეტილება არ ყოფილიყოს. არ მეშინოდა პარტნიორებთან ერთად ახალი სტანდარტების დანერგვის. პარლამენტში ახლა ვერ ვხედავ კადრებს, რომლებიც რეფორმების გატარებას ან ჩვენი დანატოვარი საქმის გაგრძელებას შეძლებენ, ან სულაც იმის თქმას ივანიშვილისთვის, რაღაც ისე არ არის, სადღაც შეცდომას ვუშვებთო.

ამ დღეებში რაც მესმის, მადლობების კორიანტელია. როცა ქვეყანა თავზე გემხობა, კომუნისტური და საბჭოური გადმონაშთი გაცოცხლდა და ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ, როგორ უნდა გქონდეს დაკარგული რეალობის შეგრძნება, რომ თავს კომფორტულად გრძნობდე?!

ამ პარლამენტს თავისი ფუნქცია ვეღარ ექნება - დებატები არ გაიმართება, ოპოზიციის ზედამხედველობა არ იარსებებს და ბოლოს, ის კონსტიტუციურად ვერ შედგა, რადგან ორი მესამედი, 100 დეპუტატი უნდა ჰყავდეს, რათა გადაწყვეტილებები მიიღოს.

საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ მშვიდობიანად გაგრძელდეს პროცესები, მაგრამ ამ რეალობაში რაღად გვინდა ეუთოსა და ოდირის შეფასებები, როცა კონსტიტუციურად ჩანს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ეს პარლამენტი ვერ შედგა. უმრავლესობა მხოლოდ სხდომის გამხსნელი კვორუმია, კანონში კი წერია, თუ 100 დეპუტატი მაინც არა გყავს, პარლამენტის უფლებამოსილება ლეგიტიმური არ არის.

- ოპოზიცია ჩივის, რომ მმართველი გუნდი მასში განხეთქილების შეტანას ცდილობს. - ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ადამიანის ყიდვა იოლია, მაგრამ პოლიტიკოსი, რომელიც ამ სიტუაციაში ღირებულებებს დათმობს, არ უნდა იყოს პოლიტიკაში. ელისაშვილმა რაც უნდა თქვას თავის სამართლებლად, გამოძიებით გადავამოწმოთ გაყალბდა თუ არა არჩევნების შედეგებიო, ან მანდატი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ეს მოსალაპარაკებლად მჭირდებაო, ეს ნიშნავს, რომ "ოცნებასთან" დიდ ფულზე ვაჭრობს.