ლევან გოგიჩაიშვილი: "ოცნება" ყველა მშვიდობიანი და კანონიერი გზით უნდა გავაშიშვლოთ" - კვირის პალიტრა

ლევან გოგიჩაიშვილი: "ოცნება" ყველა მშვიდობიანი და კანონიერი გზით უნდა გავაშიშვლოთ"

"ის, რომ პარლამენტი დღეს ერთპარტიულია, ოპოზიციის დასაფასებელი პრინციპულობაა და ის ორი-სამი დეპუტატი შევა თუ არა, არაფერს ნიშნავს"

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრი, საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს - პოლიტიკური კრიზისი, რომლის გაგრძელება იქნება რიგგარეშე არჩევნები.

- ვფიქრობ, მოსახლეობის 60%-ზე მეტს პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა არა ჰყავს. ეს არის პერსპექტივის გარეშე დარჩენილი ქვეყნის სურათი, ერთი კაცის თეატრი, რომელიც პოლიტიკურად დეგრადირებულია. ყოფილი ნომერი პირველი მოქალაქე უკვე გაფორმდა როგორც დიქტატორი, რომელსაც ჰყავს ყველაფერზე წამსვლელი თავისი ხალხი. მიკვირს იმ ახალგაზრდების, ვინც არ ფიქრობს, რა იქნება ხვალ მათ ცხოვრებაში ივანიშვილის გარეშე. არც ერთი რეჟიმი, არც ერთ ქვეყანაში სამუდამოდ არასდროს ყოფილა და სად მიდიან შემდგომ?.. როგორ აპირებენ ამ ბექგრაუნდით ცხოვრებას. როგორც ჩანს, არ ფიქრობენ ამაზე, რაც კიდევ უფრო მიანიშნებს, თუ რა თვალით უყურებენ არა მარტო სხვის, საკუთარ ცხოვრებასაც.

- ოპოზიციის მცირე ნაწილმა გამოთქვა პარლამენტში შესვლის სურვილი... - მცირე ნაწილის განწყობას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან შედგა ოპოზიციის ერთობა, რაც ნაწილობრივ, მაგრამ მაინც უნდა ჩაუთვალო იმ ადამიანებს გამბედაობად, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღება გარისკა და მნიშვნელობა აღარ აქვს, პოლიტიკურად მოგვწონს თუ არა. ეს ნაბიჯი ცუდი ნამდვილად არ არის - ის, რომ პარლამენტი დღეს ერთპარტიულია, ოპოზიციის დასაფასებელი პრინციპულობაა და ის ორი-სამი დეპუტატი შევა თუ არა, არაფერს ნიშნავს.

არსებობს ზოგადი სულისკვეთება, რომლის გარშემო გაერთიანება საჭიროა და ეს ახლა შესაძლებელი გახდა - ახლანდელი პარლამენტის მანდატი არაფერს ნიშნავს, თუ საკანონმდებლო ორგანოში ყველა არ იქნება წარმოდგენილი, ანუ საარჩევნო სისტემის მოცემულობა არ იქნება ასახული. იმ ორ-სამ კაცს, ვინც უნდა იყოს, ვეტყვი, რომ მათ პარლამენტში ყოფნას აზრი არა აქვს.

90 კაცის პირისპირ 3 კაცს არაფერი გაუვა და შესაბამისად, არც მოტივაცია ექნებათ და აღარც შემართება. ერთი სიტყვით, ასეთ პარლამენტში შესვლა პოლიტიკური კარიერისთვის კარგის მომტანი ვერ იქნება. ახლა საპარლამენტო ტრიბუნა დგას ქუჩასა და მედიაში, თქვენი გაზეთის ფურცლებზე, ტელევიზიაში, ინტერნეტსივრცეში.

- ოპოზიცია ქუჩაში რას შეცვლის ამომრჩევლის სასარგებლოდ? - ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვითარებას ასე შევხედოთ - შედეგი სწრაფად მიიღწევა მხოლოდ გადატრიალებითა და მძიმე კატაკლიზმებით. ახლა უნდა დავაკვირდეთ, ლოგიკურად მივყვეთ პროცესს და როგორმე ხელი უნდა შევუშალოთ, სერიოზული პრობლემები შევუქმნათ თუნდაც კორუფციულ სასამართლო სისტემას, "ოცნების" პროკურორებსა და კარის ბიზნესმენებს.

მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, უნდა მიხვდნენ, რომ მალე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ვინ სად და რითი შოულობს ფულს, რა კორუფციული სქემები აქვთ, ამ პანდემიისას აზარტულმა ონლაინთამაშებმა რომ წალეკა ქვეყანა და გაყურსულები აკეთებენ ფულს.

ყველა მშვიდობიანი და კანონიერი გზით უნდა გავაშიშვლოთ ამომრჩევლის წინაშე, რათა ყველამ დაინახოს მათი ნამდვილი სახე. ეს არის მთავარი ამოცანა, თორემ კიდევ ერთ წელიწადს ირაკლი კობახიძე იქნება თუ არა პარლამენტში, მნიშვნელობა არა აქვს.

- თვითმმართველობის არჩევნებამდე დროის ამგვარად გაყვანას გულისხმობთ? - დიახ, მასაც და დანარჩენ პროცესებსაც. ახლა არის შანსი, რომ "ქართული ოცნება" ფუნდამენტურად დავამარცხოთ. ეს პერიოდი ქვეყნის ისტორიაში უნდა დარჩეს ყველაზე სამარცხვინო ფურცლად, რომლის გამეორებაც არავის მოუნდება. შესაძლოა ისინი ახლა ფიქრობენ, რომ გაიმარჯვეს, სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. სააკაშვილმა მოძალადე ხელისუფლების იდეა გაამარგინალა და შესაბამისად, ძალადობით მმართველობის შენარჩუნება უკვე ძალიან ძნელი გახდა. მისგან განსხვავებით, ივანიშვილი თავისი სიხარბით კარგ საქმეს - ერთი კაცის მმართველობის მარგინალიზაციას აკეთებს. არადა, არიან ადამიანები, რომელთაც დღემდე სჯერათ, რომ ქვეყანას ერთი კაცის ძლიერი ხელი სჭირდება სამართავად, ჰოდა, ივანიშვილი ახლა ამ მითს ანგრევს. ამ ქვეყანაში ძლიერი ხელის მარგინალიზაცია უნდა მოხდეს. ყველამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააცნობიეროს, რომ ერთი კაცის მმართველობის იდეა ქვეყნისთვის დამღუპველია, ყოველ მომდევნო ხელისუფლებას ეცოდინება, რომ ერთი კაცის გარშემო ძალაუფლების კონცენტრაცია ქვეყანას აზიანებს. შესაძლოა ამას დრო დასჭირდეს, ან სულაც მალე მოხდეს, რადგან ესენი ძალიან სუსტები არიან და არც ის არის გამორიცხული, ხვალვე ჩამოიშალონ, როგორც ეს სჩვევია ერთი კაცის გარშემო ძალაუფლების კონცენტრაციას.

- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორები მოკავშირე ქვეყნების ელჩები იყვნენ. საინტერესოა, მათი პოზიციიდან დანახული ეს პროცესი. - ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის სანდო პარტნიორი ქვეყნის ელჩებს ესმით, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა და რაღაც ეტაპის იქით ვერაფერს გახდებიან. ძალიან დიდ ტვირთსაც ნუ ავკიდებთ მათ, ისედაც ძალიან დიდ ტვირთს იკიდებენ - თავიანთი ქვეყნის გადამხდელთა თანხებით ჩვენ გვეხმარებიან. ვიღაც ციურიხელი, რომელიც 24 საათს მუშაობს, თავისი ჯიბიდან გადახდილი გადასახადით ჩვენ გვეხმარება ინსტიტუციების გაძლიერებაში, სოფლის მეურნეობაში, ჯარის განვითარებაში. როგორმე თავად მივხედოთ ჩვენს ამბავს, შიდა პროცესი თავად წარვმართოთ. მთავარია, ყველას დავანახოთ, რომ დემოკრატია ჩვენთვის უმთავრესია. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, რათა ხელისუფლება იძულებული გახდეს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

- ფიქრობთ, რომ "ოცნება" დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს? - ამას ადვილად არ დათანხმდება, ამიტომ უნდა შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი, რის გამოც ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს.