ხათუნა სამნიძე­: "ქვეყნები წინ მიდიან, ჩვენ კი უკან ვბრუნდებით" - კვირის პალიტრა

ხათუნა სამნიძე­: "ქვეყნები წინ მიდიან, ჩვენ კი უკან ვბრუნდებით"

"როცა მმართველი გუნდის წევრებს ვეუბნებოდით, რომ ერთპარტიული პარლამენტი გარდაუვალი იქნებოდა, ნიშნის მოგებით გვპასუხობდნენ, აგერ ვნახავთო"

საქართველოს რესპუბლიკური პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. რესპუბლიკელების ხათუნა სამნიძისა და თამარ კორძაიას თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიას ეს 2 მანდატი, ძირითადად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველმა მიანიჭა."კვირის პალიტრასთან" ხათუნა სამნიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.

- როცა არჩევნების დამთავრებისთანავე პოლიტიკური ვითარება ძალიან დაიძაბა, ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და ბოიკოტს აპირებს. ამის პასუხად ხელისუფლებამ საჩივრები სასამართლოშიც კი არ განიხილა და შედეგების გასაჩივრება შეუძლებელი გახდა. შედეგად, როცა კრიზისული ვითარება შეიქმნა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რათა ქვეყანაში დემოკრატია განვითარდეს და პარლამენტი მართლაც ერთპარტიული არ გახდეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლობა იკისრეს. მართალია, ივანიშვილის გუნდი ძალიან ცდილობდა ოპოზიციის დაშლას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დაშალა და იმედია, ამ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა და გემოვნების პარტიებს ჭკუა ეყოფათ და განხეთქილების კერებს თავად არ შექმნიან. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით სწორად მივდივართ. ზეწოლის მიუხედავად, ყოველთვის ვაღწევდით, რომ შეთანხმების ერთიანი დოკუმენტი გვქონოდა. თუმცა იყო მსჯელობა, კამათი და განსხვავებული აზრი. ერთხანს კომპრომისის შეთავაზებასაც განვიხილავდით, მაგრამ ეტყობოდა, რომ ხელისუფლება საამისოდ მზად არ იყო. ამის მიუხედავად, ოპოზიციის არც ერთ წევრს არ უთქვამს, რომ მოლაპარაკება არ უნდა გაგრძელებულიყო.

გვეგონა, ამ ხნის განმავლობაში მმართველი გუნდი გაიაზრებდა, რომ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ერთპარტიული პარლამენტი.

- ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება.

- არ მიკვირს, რადგან ის კარგა ხანია ადეკვატური არ არის და რეალობას მოწყვეტილ განცხადებებს დამოუკიდებლადაც არ აკეთებს. წვალობს და როგორღაც ცდილობს ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალოს. ამ პროცესების კვალდაკვალ ჩვენ მაინც დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომელზეც ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას მუდმივად საუბრობდა.

- რას გპასუხობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები? - როცა მმართველი გუნდის წევრებს ვეუბნებოდით, რომ ერთპარტიული პარლამენტი გარდაუვალი იქნებოდა, ნიშნის მოგებით გვპასუხობდნენ, აგერ ვნახავთო. ამას ემატებოდა ჯიბრით, სიძულვილითა და აგრესიით აღსავსე განცხადებები, ვნახავთ, რაც მოხდებაო. ვნახეთ... ასე რომ, მოლაპარაკება გაგრძელდება და სანამ არ შევთანხმდებით, ბოიკოტს გავაგრძელებთ და მანდატებსაც ვთმობთ. გაერთიანებული ოპოზიციის მიდგომებში ტექნიკური თუ სხვა სახის მცირე განსხვავებებია, მაგალითად, ვინ როდის შეიტანს განაცხადს, ვინ რას დათანხმდება... მხოლოდ ალეკო ელისაშვილს არ ვგულისხმობ.

პირადად ჩემთვის ასეთი პარლამენტის მანდატის აღება ღირსების საქმე და გამოცდაა, რომელსაც მჯერა, წარმატებით ჩავაბარებთ.

მთლიანობაში საკვანძო თემაზე ერთი აზრი გვაქვს. რესპუბლიკელებმა პირდაპირ ვთქვით, რომ ჩვენთვის მოლაპარაკება ძალზე მნიშვნელოვანია.

- თუმცა მნიშვნელოვანია შედეგი. - დიახ, და ამ უმძიმესი ვითარების მიუხედავად, მაინც გვაქვს იმედი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. თუ ეს რესურსიც ამოიწურა და ხელისუფლება მაინც არ მოვიდა გონს, მიუხედავად იმისა, რომ ერთპარტიული პარლამენტი აქვს, ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის. არც იმის გაკეთებას აპირებს, რისი იმედიც კობახიძეს ჰქონდა - თავისი განცხადებებით ცდილობდა როგორმე ოპოზიციაში განხეთქილება შეეტანა. ეს იყო მისი ერთადერთი იმედი ჩვენს გასანეიტრალებლად, მაგრამ არ გამოუვიდა.

ჩვენი უცხოელი ფასილიტატორების განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს მზადყოფნას, რომ მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს შეთანხმებამდე. ეს ნიშნავს, რომ განახლდება რაუნდი, როგორც დაგეგმილი იყო.

- მოლაპარაკება აქამდე დახურულ სივრცეში მიმდინარეობდა, თუმცა მედიაში ჟონავდა ინფორმაცია, რის შესახებაც ოპოზიცია განმარტებებს აკეთებდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ფორმატი უნდა შეიცვალოს? - დიახ, ვფიქრობ, ეს აუცილებელიც არის. ის პუნქტები, რაც ელჩების თხოვნით აქამდე დახურული იყო, ახლა საჯარო იქნება - ღია ფორმატით მმართველი გუნდის სახე და მისი დამოკიდებულება უფრო გამოაშკარავდება. ამის შემდეგ საზოგადოების უფრო მეტი წნეხი იქნება, რათა "ქართული ოცნება" დათმობაზე წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა უფრო ღრმა კრიზისში შევა და ვითარება იმდენად დამძიმდება, "ქართული ოცნება" თავად დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

როგორი განცხადებებიც უნდა გააკეთონ, თუნდაც გუნდის ყველაზე უტიფარმა წევრებმა, მაინც შეუძლებელია ამ ვითარებაში თავს კომფორტულად გრძნობდნენ. შეუძლებელია იმით კმაყოფილი იყვნენ, რომ მსოფლიო ხედავს, თუ როგორ მიიყვანეს ერთპარტიულ პარლამენტამდე ქვეყანა. ასეთი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ქვეყნები წინ მიდიან, ჩვენ კი უკან ვბრუნდებით. ჩიხში ვართ, საიდანაც გამოსავალს ოპოზიცია სთავაზობს ხელისუფლებას და ახლა ჯერი მასზეა.

როცა პარლამენტი პოლიტიკური პროცესებისგან იცლება, ბრძოლისთვის ქუჩა უკიდურესი ზომაა. ამ სცენარს ძალიან ცუდად ვუყურებ. იმედია, მოვლენები ასე არ განვითარდება.