"ოპოზიციიდან თუ რომელიმე შევა პარლამენტში, ამით რა? პირიქით, მომემატება საგინებელი - დილით თუ ხელისუფლებას ვაგინებ, საღამოს იმ ოპოზიციას..." - კვირის პალიტრა

"ოპოზიციიდან თუ რომელიმე შევა პარლამენტში, ამით რა? პირიქით, მომემატება საგინებელი - დილით თუ ხელისუფლებას ვაგინებ, საღამოს იმ ოპოზიციას..."

"ეპიდემია რომ დამთავრდება, დავუძახებ მეგობრებს და მაგრად დავთვრები"

"გაუფერულდა ქუთაისში ყოველდღიური ცხოვრება, ასეთმა ყოფამ ყველას ხასიათი გაგვიფუჭა, უღიმღამო სახეებია, ყველა თავის ფიქრებშია... ადრე ერთმანეთს რომ ვხვდებოდით, მაშინვე ანეკდოტებს ვუყვებოდით, ხალისი რომ შეგვეტანა ურთიერთობაში, არ გვინდოდა გაჭირვებასა და ცუდ ამბებზე საუბარი. ერთი თვეა, ჩემთვის არავის მოუყოლია ანეკდოტი და არც მე მომიყოლია. ვერ იცნობ ქალაქს, ვერსად გადიხარ, აღარც ქორწილია, აღარც კინო და თეატრი... ახლობელთან მისვლა გერიდება კაცს, ვაი, "კორონა" არ მივუტანოო. ვინმე ჩემიანის ინფიცირების წყარო რომ გავხდე, ხომ სატყვიედ მექნება საქმე. ადამიანი ამ განცდებით რომ ცხოვრობ, რომელ იუმორსა და ხალისზეა ლაპარაკი? როგორც ყველა, ეს ქალაქიც ნეგატივით, გაჭირვებასა და უიმედობაში ცხოვრობს", - გვეუბნება პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე. გოგი წულაია გულის ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ ისევ საბრძოლო ფორმაშია.

- საქართველოში იყო პერიოდი, დიდი თურქობა, და მგონი, იმ ეპოქაში ვართ, ყველაფერი ერთბაშად შემოგვესია. სხვათა შორის, იმ დროს შავი ჭირიც გავრცელდა საქართველოში და მგონი, ახლაც ასეა - პოლიტიკურ კრიზისს კორონავირუსი დაემატა. ქვეყანა ძალიან რთულ მდგომარეობაშია, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ყველანაირი კრიზისი გვაქვს.

კრიზისიდან გამოსვლის სურვილი და გზა უკვე გამოხატა საზოგადოებამ, როცა 52% მისცა ოპოზიციას და 48% ხელისუფლებას. ეს არის განაცხადი იმისა, რომ მათ გამოთქვეს ხელისუფლების შეცვლის სურვილი.

თუნდაც ამათი დათვლით, ხმები ზუსტად ისე გადანაწილდა, რომ ერთი პარტია კი არ ყოფილიყო დომინანტი და პარლამენტი ერთპარტიული, არამედ კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბებულიყო. ხალხის არჩევანი იყო სწორი და ვფიქრობ, ასეთი პარლამენტი იქნებოდა კრიზისიდან გამოსვლის საშუალება.

ვთქვათ არჩევნები არ გაყალბდა, მაგრამ 52/48-ზე ხომ იყო? შევარდნაძემ მაჟორიტარების ინსტიტუტი ზუსტად იმისთვის შემოიღო, რომ ხელისუფლებას უმრავლესობა ჰყოლოდა. როცა სააკაშვილი რევოლუციით მოვიდა, მაჟორიტარები იმ დღესვე მასთან გადალაგდნენ. როცა "ნაცმოზე" გაიმარჯვა "ოცნებამ" და აღმოჩნდა, რომ ბიძინა მოდიოდა უმრავლესობით, მაჟორიტარები იმ წუთშივე მისკენ გადახტნენ. მაჟორიტარების 90% ასეთი ხალხია და მათ იმედზეა ყველა ხელისუფლება.

დავუშვათ, არჩევნები არ გაუყალბებიათ, ამომრჩეველმა მაინც უთხრა ხელისუფლებას, არ მინდიხარო. მათემატიკაში მასწავლიდნენ, რომ 52 48-ზე მეტია. ამიტომ გამოსავალი არის ერთი რამ - კოალიციური მთავრობა. ბიძინაზე მეტი ძლიერები იყვნენ ფრანკო, პინოჩეტი და სხვები, მაგრამ არ წავიდნენ? ეს საქართველოა და ბიძინას ცოტა მალე მოუწევს წასვლა, ვიდრე მათ მოუწია. ამათ რომ ტვინი ჰქონდეთ, უნდა ეცადათ ოპოზიციაში გადასვლა, თავისი გაფუჭებული საქმე და ამხელა პრობლემები ახალი ხელისუფლებისთვის "შეეტენათ" და ეგინებიათ იმგენიზა. რაც უნდა სიტუაცია გადააგორონ და რამდენიმე კაციც არ უნდა შეიყვანონ პარლამენტში ერთპარტიულობის იმიჯის გასაქარწყლებლად, ხალხის უარყოფითი მუხტი არ განელდება. ოპოზიციიდან თუ რომელიმე შევა პარლამენტში, ამით რა? პირიქით, მომემატება საგინებელი - დილით თუ ხელისუფლებას ვაგინებ, საღამოს იმ ოპოზიციას. ხელისუფლებაზე ბოღმა არსად მიდის, ეს იქნება ზუსტად, რომ მოინელებს ამ ხელისუფლებას. პარლამენტში რომც შევიდეს 3%-იანი პარტიის დეპუტატი, ვინმეს დააჯერებს, რომ მისთვის ფული არ გადაუხდიათ?

როცა ხელისუფლებას მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე მხარდამჭერი, ვერასდროს იქნება მყარი, სულ რყევის ქვეშ და ჩამოსაგდებად გამზადებული იქნება. ვინც უნდა შევიდეს პარლამენტში, რა, ხალხს ხელისუფლებაზე გული მოუბრუნდება და იტყვის, დედა, რა კაი ყოფილაო?

- არჩევნებში მარცხს როგორ შეეგუეთ, თუ ასეთ შედეგს ელოდით? - ნამდვილად არ ველოდი, რომ ჩვენი პარტია 1%-საც ვერ აიღებდა. არც იმას ველოდი, თუ ადრე ქუთაისში 4000 ხმა მქონდა აღებული, ახლა 700-ს ავიღებდი, ეს დაუჯერებელია და ვთვლი, რომ ეს გაყალბებისა და მოსყიდვის შედეგია. შანსი არაა, 3300-მა კაცმა უცბად შეგიჯავროს და ხმა არ მოგცეს. რა დავუშავე ქუთათურებს?

- თქვენი სამიზნე ყოფილი მერი - ჭიღვარია თუ მოიკითხეთ? - ვიღას ახსოვს ჭიღვარია. 10 კაცი რომ გააჩერო ქუთაისში და ჰკითხო, ერთი ძლივს გაიხსენებს, რომ იყო ასეთი მერი. ახალ მერს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ისიც არჩევნების გაყალბების, ზეწოლის და მუქარის გზით არის მოსული. რომელ მერსაც მმართველი პარტია ასეთი გზით მოიყვანს, მას არასდროს ექნება იმის "ჟილკა" და საშუალება, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ქალაქის პრობლემები დაუყენოს.

- ეპიდემია რომ გადაივლის, პირველად რას გააკეთებთ? - დავუძახებ მეგობრებს და მაგრად დავთვრები. ამას კაცურად, გულახდილად გეუბნებით, გინდაც დამძრახონ.

- ბევრჯერ დაგაჯარიმეს და ჯარიმები ჩამოგეწერათ, თუ არავის სცალია თქვენთვის? - რაის ამომღები არიან, მე თუ გამყიდიან მონათა ბაზარზე, არ ვიცი, სხვა საიდან უნდა ამოიღონ? არც გასაყიდი მაქვს არაფერი და ხელფასსაც არსაიდან ვიღებ. ასე რომ, არ მეშინია ამისი.

- ეს ყველაფერი რომ გადაივლის, ხელისუფლებას მერე მოვთხოვთ პასუხს ყველაფერზეო, ამბობდით. მაინც რაზე მოსთხოვთ პასუხს? - კორონავირუსით ბევრი ახლობელი გარდამეცვალა, კარგი ქუთაისელები. დადგება დრო, როცა პრემიერსაც და ჯანდაცვის მინისტრსაც მოვთხოვთ პასუხს იმაზე, რომ დღეს თუ დღეში 36 კაცია გარდაცვლილი, მათი გადარჩენა შესაძლებელი იყო. ამ პროცენტით არ უნდა იხოცებოდნენ ადამიანები იმ მიზეზით, რომ საავადმყოფომ ვერ მიიღო, რომ ჟანგბადის ბალიში არ იყო... ან იმ ექიმს რატომ უნდა მოვთხოვოთ პასუხი, რომელსაც 48 საათი არ უძინია, 49-ე საათზე მიუყვანეს პაციენტი და გადაღლილობისა და უძილობისგან წაქცევაზე მყოფმა ვერ გადაარჩინა? მაგ შობელძაღლებს არჩევნებზე ოქმების დათვლა იმიზა "შეეშალათ", დაიღალნენო, ასე თქვენ. 12 საათში თუ დაიღალნენ და "შეეშალათ", ექიმს რატომ არ შეეშლება და არ დაიღლება, როცა 50 საათს გადაბმულად მუშაობს?

საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი ბევრჯერ იდგა, მაგრამ გადარჩა. მაინც მჯერა, ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც აუცილებლად გადარჩება.