"არ მინდა ვიფიქრო ის, რასაც ზოგიერთი წყარო ავრცელებს სანდრა რულოვსზე..." - კვირის პალიტრა

"არ მინდა ვიფიქრო ის, რასაც ზოგიერთი წყარო ავრცელებს სანდრა რულოვსზე..."

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი გამოჰკითხეს. "დოიჩე ველეს" რუსულენოვანი რედაქციის ინფორმაციით, ბერლინის ცენტრში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანიისა და კრემლის ურთიერთობა გააუარესა. მედიასაშუალება იუწყება, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის დაასახელეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი და მას ჩვენების მისაცემად ბერლინში ჩასვლა სთხოვეს. სატელევიზიო სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ რულოვსი მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა. თუმცა გერმანელმა გამომძიებლებმა ვერ შეძლეს რულოვსის დაყოლიება ბერლინში ჩასვლასა და ჩვენების მიცემაზე, ამიტომ ის ტელეფონით გამოჰკითხეს.

მამუკა არეშიძე, პოლიტოლოგი: - მას შემდეგ, რაც სანდრა რულოვსი საქართველოში დამკვიდრდა, ყურადღებას აქცევდა ორ რეგიონს - სამეგრელოსა და პანკისს. ყველას გვახსოვს მალხაზ მაჩალიკაშვილის ამბავშიც სანდრას აქტიურობა. რაც შეეხება ზელიმხან ხანგოშვილს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ის შესამჩნევი ფიგურა და ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი იყო. ამასთან, აქტიურად მონაწილეობდა ლაფანყურის მოვლენებში, როცა მოლაპარაკება დაიწყო იმ ჯგუფთან, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში აპირებდა გადასვლას. მაშინ მოსალაპარაკებლად წავიდა სამი კაცი - ხანგოშვილი, მაისურაძე და ჩატაევი. მერე ჩატაევი მეზობლებთან დარჩა, ხოლო მაისურაძე და ხანგოშვილი წამოვიდნენ. როგორც მაშინ ამბობდნენ, ხანგოშვილმა ისინი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

შემდეგ იყო ჩატაევზე (2010 წ.) და ხანგოშვილზე (2015 წ.) თავდასხმები. ხანგოშვილი რუსულ სპეცსამსახურებზე ეჭვობდა, თუმცა ჩეჩნები სხვა რამეს ამბობენ.

ერთი შეხედვით, სად ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომელი და სად პრეზიდენტი, მაგრამ სააკაშვილის მთავრობას სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო სპეციფიკური დამოკიდებულება ჰქონდა პანკისის ხეობასთან. ცნობილია, რომ ოპერაციამდე ლაფანყურში მებრძოლები მარტიდან აგვისტომდე ჩამოჰყავდათ. როგორც ნაწილი ამბობდა, ამ ამბავში ზელიმხანიც მონაწილეობდა. ამიტომ არ გამკვირვებია, როცა ზელიმხანმა მოითხოვა ხელშეწყობა, რომ ევროპაში წასულიყო. მისი სარეკომენდაციო წერილი სანდრა რულოვსმა გაამზადა. როცა რეგიონის მოსახლეობისადმი სანდრა რულოვსის სპეციფიკურ დამოკიდებულებაზე ვამახვილებ ყურადღებას, ამ დამოკიდებულების ლოგიკაში ჯდება ის, რომ მას დიასპორასთან ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობა ძალიან დიდ აქცენტს აკეთებდა პანკისის ხეობაზე. "ნაციონალურ მოძრაობას" პანკისში ვითარების მართვის პრეტენზია მას შემდეგაც ჰქონდა, რაც ხელისუფლებაში აღარ იყო. არ არის გამორიცხული, დიასპორასთან შეხვედრაც ამით იყო განპირობებული.

არ მინდა ვიფიქრო ის, რასაც ზოგიერთი წყარო ავრცელებს, რომ სანდრა, რბილად რომ ვთქვა, არა მარტო საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გერმანიის პროკურატურა არ გაახმაურებდა ამ ამბავს, ვითარების დრამატურგიაში რომ არ იყოს დაეჭვებული. სავარაუდოდ, ამ საქმის გახმაურება იმან განაპირობა, რომ მან უარი თქვა გერმანიაში ჩასვლაზე.

- ხანგოშვილის ოჯახი მკვლელობას რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებს, თქვენ რას იტყვით?

- ამბობენ, ზელიმხან ხანგოშვილი საველე მეთაური იყოო. კარგად ვიცნობ საველე მეთაურების კოჰორტას და ზელიმხანი არ იყო იქ ისეთი ფიგურა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა. ევროპაში არაერთი ჩეჩენი ყოფილი საველე მეთაური ცხოვრობს, უფრო გავლენიანი ფიგურები, ვიდრე ზელიმხან ხანგოშვილი იყო. ისინი ჩუმად თუ არიან, მათ თავს არავინ ესხმის, ზელიმხანს კი მედიასთან კადიროვის გინებით თავი არც გამოუდვია. რასაკვირველია, ევროპაში არაერთი თავდასხმა ხდება. შეგვიძლია გავიხსენოთ 4-5 გახმაურებული საქმე, როცა ის ხალხი დახოცეს, ვისაც თავის დროზე გავლენა ჰქონდა ჩეჩნურ წინააღმდეგობის მოძრაობაში, მაგრამ ყველა მათგანი გაანადგურეს იმიტომ, რომ ისინი უპირისპირდებოდნენ კადიროვს მედიასა და სოცქსელებშიც. ხანგოშვილზე მსგავსი არაფერი მსმენია. ერთადერთი, რაშიც შემიძლია ამ ვერსიის ავტორებს დავეთანხმო, ის არის, რომ ზელიმხან ხანგოშვილმა მართლაც ძალიან ბევრი იცოდა ლაფანყურის პროცესებზე. იმ ოპერაციას რამდენიმე კაცი გადაურჩა. ისინი ისევ სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გააპარეს თურქეთში. ერთ-ერთი, წარმოშობით დაღესტნელი იბრაგიმოვი მერე ავსტრიაში დააკავეს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, გამცილებლებს შორის ზელიმხან ხანგოშვილიც იყო. მან კარგად იცოდა, ვინ გადარჩა, ვის რა ფუნქცია ჰქონდა და ვინ სად მიდიოდა. რასაკვირველია, ეს რუსული სპეცსამსახურისთვის საინტერესოა. ერთადერთი პირი, ვინც იმ დღეს საზღვარი გადალახა, იყო რაბანი, რომელიც როგორც გაირკვა, რუსეთის სპეცსამსახურის აგენტი იყო რაზმში. რაბანი მერე მოსკოვში საპატიო პირობებში ცხოვრობდა. რასაკვირველია, ზელიმხან ხანგოშვილს ვერ დავწამებ, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, პირიქით, მაგრამ თუ რუსული სპეცსამსახურები მასთან დაპირისპირებული იყვნენ ლაფანყურის გამო, დასაშვებია, რომ ის ინფორმაციის მატარებელი იყო. შეიძლება ეს გამხდარიყო მასზე თავდასხმის მიზეზი, მაგრამ რა შუაშია სანდრა და დიასპორასთან მისი შეხვედრა, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

იხილეთ ასევე: რატომ უნდა შეხვედროდა სანდრა რულოვსი ზელიმხან ხანგოშვილს?!