"ნაბიჯს გადადგამ თუ არა, იარაღიანი რუსი დაგადგება თავს" - ქართველები საოკუპაციო რეჟიმის ციხეებში - კვირის პალიტრა

"ნაბიჯს გადადგამ თუ არა, იარაღიანი რუსი დაგადგება თავს" - ქართველები საოკუპაციო რეჟიმის ციხეებში

"ქართველების დაკავებისთვის ბიბილოვის რეჟიმმა კომიკური მიზეზი დაასახელა, საქართველოში არსებული მძიმე პირობების გამო ადგილობრივი მოქალაქეები სამხრეთ ოსეთში გადმოდიან, რადგან იქ ძალიან უჭირთო"

"ჟურნალისტებმა თუ არ იხმაურეთ, ყველას მივავიწყდებით"

ზაზა გახელაძე

"თითქმის ერთი თვე ხდება, რაც ჩემი ქმარი დააკავეს. 20 ნოემბერს სამუშაოდ იყო ოსურ სოფელ ხელჩუასთან ახლოს. რუსებმა დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს "საზღვრის გადაკვეთისთვის". ვიცი, რომ ცხინვალის ციხეში მძიმე პირობებია, ახლა კორონაც დაემატა. ჩემი ქმარი ასაკოვანია და თუ დროულად არ ჩაერევიან, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. საწყალი და ღარიბი ხალხი ვართ, ალბათ, საკმარისი ხმაური ვერ ავტეხეთ, თორემ აქამდე მოგვხედავდნენ. დამწვარ და დაბომბილ სახლში ვცხოვრობთ. 2008 წლის ომის დროს ჩვენი სოფელი თითქმის დაიცალა. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენმა პოლიციამ ბლოკპოსტი ოსურ მხარეს გადასწია, ჩვენს სახლში დავბრუნდით. სხვაგან ცხოვრებას ისევ ჩვენი კერა გვირჩევნია. იმედია, ხელისუფლება რამეს იღონებს ჩემი ქმრის გასათავისუფლებლად. მედიის იმედიც გვაქვს, ჟურნალისტებმა თუ არ იხმაურეს, ყველას მივავიწყდებით", - ამბობს ცისანა თაზიაშვილი.

ირაკლი ბებუა

"ნაბიჯს გადადგამ თუ არა, იარაღიანი რუსი დაგადგება თავს"

"ბიბილოვის რეჟიმი და რუსი სამხედროები ხან სად ჩნდებიან, ხან სად, ხან ვითომ რაღაცის კითხვა სურთ და ჩვენებს ანიშნებენ, ახლოს მოდითო, მერე კი უცებ ავტომატს მიუშვერენ, არ გაინძრე, საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული ხარო! დილით რომ ჩვენი ტერიტორიაა, საღამოს უკვე მავთულხლართია გავლებული ან რკინის ბოძებით მონიშნული. არადა, ხან სოკოს საკრეფად დავდივართ, ხან სანადიროდ, ხან მოსავლის ასაღებად ან ბაღის მოსავლელად. რა ვქნათ, სულ ეზოში ხომ არ ვიქნებით ჩაკეტილი. არადა, ნაბიჯს გადადგამ თუ არა, იარაღიანი რუსი დაგადგება თავს. აქაურების დაკავებისთვის ბიბილოვის რეჟიმმა კომიკური მიზეზი დაასახელა, საქართველოში არსებული მძიმე პირობების გამო ადგილობრივი მოქალაქეები სამხრეთ ოსეთში გადმოდიან, რადგან იქ ძალიან უჭირთო. არადა, იქაურები თავის ტკივილისა და სიცხის წამალს ვერ შოულობენ და ჩვენ ვაწვდით ღობის აქედან", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთი მოსახლე, რომელიც მავთულხლართების ახლოს ცხოვრობს.

გენადი ბესტაევი

რამდენიმე დღის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებ 63 წლის მირიან თაზიაშვილს ცხინვალის "სასამართლომ" ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს მის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეატყობინა.

ზართიაანთკარელი ტყვე

ცხინვალის ციხეშია გენადი ბესტაევიც, რომელიც ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით მეხუთედ დააკავეს, რადგან მავთულხლართები რუსებმა პირდაპირ მის ეზოში გაავლეს და როგორც კი თვალს მოჰკრავდნენ, აკავებდნენ და ცხინვალში მიჰყავდათ.

"ბესტაევის ცოლ-შვილი ცხინვალში ცხოვრობს, ნათესავები კი მის სოფელში, ზართიაანთკარში. სახლში რომ შესულიყო, მავთულხლართი უნდა გაევლო. ამიტომ წლების განმავლობაში სთხოვდა ხელისუფლებას, რამე მიშველეთ, სადმე თავშესაფარი მომეცითო... აქამდე "საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებდნენ, ახლა რატომღაც მიდგომა შეცვალეს, უფრო გაამკაცრეს", - ამბობს ერთ-ერთი მოსახლე.

ზაზა გახელაძე ისევ ტყვეობაშია

"თითქმის ნახევარი წელია ცხინვალის ციხეშია. ჩემი შვილი სანადიროდ იყო, ბუნებრივია, თოფი ჰქონდა, ამაზე მოსდეს შარი და ფეხში ესროლეს. ჯერ მისთვის ჩვენებაც არ ჩამოურთმევიათ. ახლა ამბობენ, შესაძლოა დეკემბრის ბოლოს გაიმართოს სასამართლო პროცესიო. "წითელი ჯვრის" მეშვეობით გვქონდა რამდენჯერმე კონტაქტი. არ ვიცით, რას უპირებენ და ასე გაურკვევლობაში გადის თვეები. არ ვიცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფეხი ისევ აწუხებს თუ არა", - ამბობს სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური.

ირაკლი ბებუას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გალის რაიონში დაკავებულ 27 წლის ირაკლი ბებუას, რომელიც გალში მარტოხელა ბებიის მოსავლელად იყო ჩასული, აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის" 9 წელი მიუსაჯა.

ირაკლი ბებუამ დაკითხვისას განმარტა: "არც ერთი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, არც დროშასთან და არც ხალხთან, ქედს ვიხრი აფხაზების წინაშე... ეს აქტი მხოლოდ იმიტომ ჩავიდინე, მსურს აფხაზებმა და ქართველებმა უწინდელივით ისევ ერთად, მეგობრულად იცხოვრონ". აფხაზური ე.წ. სასამართლოს ინფორმაციით, ბებუა ბრალს მხოლოდ ხელყუმბარის ნაწილში არ აღიარებს.

თამუნა ბებუა, ირაკლი ბებუას ბიძაშვილი: "ვიცოდით, რომ აფხაზური მხარე ასე ადვილად არ გამოუშვებდა. ძალიან გვეშინია მისი ჯანმრთელობის გამო ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალობა სჭირდება. ჩ-ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში იყო ჩართული, მკურნალობდა... როგორც მისი სახაზინო ადვოკატი ამბობს, ირაკლი ახლა დრანდის ციხეშია, სადაც შერყეული ჯანმრთელობის მქონე ადამიანისთვის პირობები ნამდვილად არ არის. ამიტომ გვეშინია მდგომარეობა არ დაუმძიმდეს. ირაკლი ბებიას მოსანახულებლად ჩავიდა. საბუთების პრობლემა შეექმნა და იმაზე დიდხანს მოუწია დარჩენამ, ვიდრე გეგმავდა. როცა მოაგვარა, ეპიდემია დაიწყო და გზა ჩაკეტეს. ჩვენ, ახალგაზრდებიც, ვაქტიურობთ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც გავგზავნეთ წერილი ირაკლის შესახებ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე 10-11 დეკემბერს რაღაც შეიცვლება."