"ამ ყველაფერს გეგმავს სააკაშვილი, რომელსაც... - შეტევა ელჩებზე ანუ რას ემართლება საქართველოს მეგობრებს ყოფილი პროკურორი გვარამია?! - კვირის პალიტრა

"ამ ყველაფერს გეგმავს სააკაშვილი, რომელსაც... - შეტევა ელჩებზე ანუ რას ემართლება საქართველოს მეგობრებს ყოფილი პროკურორი გვარამია?!

"ფაქტია, ახალმა პარტიებმა, რომლებიც მეტს ელოდნენ, გაცილებით ნაკლები ხმა აიღეს, რადგან სხვისი დღის წესრიგით იმოქმედეს. შესაძლოა რომელიღაც ამომრჩეველმა იფიქრა, "ოცნება" არ მინდა, არც "ნაციონალებს" მივცემ ხმას, ვინ შეიძლება ავირჩიოო და რომ დაუკვირდა, "ფანჩატურის ოპოზიცია" მიიღო..."

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე კვლავ უარს ამბობს და ბრძოლისთვის ქუჩას ირჩევს. რამდენიმე ლიდერის განცხადებით, გაზაფხულზე აქციებს გეგმავენ. მათ რიტორიკაში გაჩნდა მინიშნებები რევოლუციურ სცენარზე. პოლიტოლოგ ამირან სალუქვაძის აზრით, ოპოზიცია საარჩევნო პერიოდშივე ქმნიდა საამისო მუხტს, თუმცა ახლა ქვეყანაში რევანშისტული რევოლუციის დრო არ არის.

- ოპოზიციისგან, რომელიც პროდასავლურობაზე ლაპარაკობს, დაუშვებელია ამგვარი კატეგორიულობით ლაპარაკი საელჩოებთან. ყოველივე ეს დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. კი აკეთებენ უღიმღამო განცხადებებს, განსხვავებული ღირებულებების მიუხედავად, მაინც ერთად ვდგავართო, მაგრამ სად ჩანს ეს, როცა ელჩებს თავს ესხმიან?! თუ ადრე დასავლეთის, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, ამერიკის რომელიმე კონგრესმენის თუნდაც "ტვიტერში" დაწერილი ერთი ფრაზაც სამოქმედო გეგმად და სტრატეგიად საღდებოდა, ახლა ევროკავშირის ელჩების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არჩევნების შედეგების აღიარების შესახებ თურმე არაფერს ნიშნავს. მეტიც, მათ რუპორ გვარამიას შეუძლია ხელაღებით გააქილიკოს ესა თუ ის ელჩი, რაც დაუშვებელია. ამ ყველაფერს გეგმავს ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ქვეყნის ინტერესები და მომავალი არ ადარდებს. ეს ხდება მაშინ, როცა საქართველო ძალზე საინტერესო ფაზაშია - ნატოსა და ევროსტრუქტურების ხელმძღვანელები საქართველოს წევრობის საკითხზე მსჯელობენ.

კონსტრუქციული ოპოზიცია რომ გვყავდეს, ქვეყანა მოგებული იქნებოდა. არ ვიცი, ოდესმე დადგება თუ არა დრო, როცა ოპოზიციას ზღვარი ან შინაგანი ცენზი ექნება, რათა ვისაც რა მოეპრიანება, ის არ თქვას. ამით ამომრჩევლის ბევრად მეტ ხმას აიღებდა. ისე კი "ოცნებასაც" ნუ გაუკვირდება ასეთი შედეგი და სირაქლემის პოზაში ნუ იქნება. იმედია, აცნობიერებენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება დაიმსახურეს. იმ 48%-დან ყველა მათი მომხრე არ არის, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც მხოლოდ იმიტომ მისცეს ხმა, რომ უკეთესი არჩევანი არ ჰქონდათ...

სიძულვილის ენაზე მოსაუბრე ძალებს ქვეყნის აშენების გეგმა არც ჰქონდათ. ხმაურიანი სახელები კი ჰქვიათ - "სტრატეგია აღმაშენებელი", "მარშალის გეგმა" და ა.შ., მაგრამ სინამდვილეში ყველა მათგანის პროგრამა ლექცია იყო. ასეთი დამოკიდებულებით უფრო წააგო ოპოზიციამ, ვიდრე მოიგო.

- თუმცა ამ ძალას თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს. - დიახ და ამიტომაც დიდხანს იტივტივებენ. ისიც ფაქტია, რომ ახალმა პარტიებმა, რომლებიც არჩევნებისგან მეტს ელოდნენ, გაცილებით ნაკლები ხმა აიღეს, რადგან სხვისი დღის წესრიგით იმოქმედეს. შესაძლოა რომელიღაც ამომრჩეველმა იფიქრა, "ოცნება" არ მინდა, არც "ნაციონალებს" მივცემ ხმას, ვინ შეიძლება ავირჩიოო და რომ დაუკვირდა, "ფანჩატურის ოპოზიცია" მიიღო... საერთაშორისო საზოგადოებრიობას დეტალური ინფორმაცია აქვს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ხალხის განწყობაზე. კარგად იციან არჩევნების ჩატარების ანატომიაც და ეს გაირკვა კიდეც მოლაპარაკების დროს. გასულ წლებში ხელისუფლებას სთხოვდნენ, საარჩევნო ურნები გაგვიხსენითო და იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ხსნიდნენ.

დღეს ხელისუფლება თავად ეხვეწება, გავხსნათ უბნები, რომელთაც აირჩევთ და შევადაროთ სიებსა და ხელმოწერებს. შეიძლება ვიდეოჩანაწერების ნახვაც, თუ სადმე დარღვევა ან ზეწოლააო. საქართველოში ასეთი რამ პირველად ხდება.

- რაზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკონტროლებს, მათ შორის საგამოძიებო უწყებებს... - ვიდეოჩანაწერს როგორ აკონტროლებს? თუ წაშლის, თორემ როგორ შეცვლის?! შეიძლება ექსპერტიზა გაკეთდეს, ხომ არ არის კადრები დამონტაჟებული. ტიტანური შრომა იქნება გასაწევი, მაგრამ თანახმაა ამაზე ხელისუფლება და ამ შოუებსა და პოპულისტურ განცხადებებს არ სჯობია საქმე გააკეთონ?

- განაცხადეს, რომ გაზაფხულზე აქციებს გეგმავენ, რისთვის ემზადება ოპოზიცია? - გაზაფხულზე, როგორც თავად ამბობენ, ხალხის დამშევას ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ეს გაუბედურებული ხალხი ქვებით გარეკავს ხელისუფლებას... თუმცა ამას ხედავს საერთაშორისო თანამეგობრობა, ხედავენ ელჩები. ჩვენს პარტნიორებს რევოლუციური სცენარი არ სურთ. ისინი საქართველოს მომავალს ბევრად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, ვიდრე ეს რევანშისტული ოპოზიცია. ამიტომ მოუწოდებენ მას ფასილიტატორები ცივილიზებული ბრძოლისკენ - შედით პარლამენტში და იქ იკამათეთო. თუ პარლამენტში გამოიძიებენ, რომ ვიღაცას ნამდვილად დააკლდა ხმები, შეიძლება ვიღაცამ მართლაც დაკარგოს უმრავლესობა. ოპოზიცია მაინც არ თმობს, მაინც არჩევნებს ითხოვს, პოლიტიკურ შატალოზე მიდის. ძნელია მათ პოლიტიკოსები ვუწოდო. ჩვენს ოპოზიციას ვერ გაუცნობიერებია, რომ ხელისუფლებასთან ერთად თავადაც იზიარებენ პასუხისმგებლობას. უკვე აშკარაა, რომ რევოლუციურ გზას ადგანან...

ველოდები, რომ დონორი ორგანიზაციები შეეცდებიან ISFED-ის რეპუტაციის გადარჩენას, რადგან სააგენტო "უკრაინის სიახლეების" დირექტორის განცხადებით, ორგანიზაციამ (იგივე "სამართლიანი არჩევნები") ოფიციალურად აღიარა, რომ ხმების დათვლის დროს შეცდომა დაუშვა და შესაბამისად, შემცირდა მმართველი პარტიისა და გაიზარდა ოპოზიციის ხმები. სინამდვილეში, ეს შეცდომა კი არა, დაგეგმილი აქციაა, რომელიც შემდეგ შეცდომად აღიარეს. "საერთაშორისო გამჭირვალობაც" ამბობდა თავიდან, პარალელური დათვლები არ ჩაგვიტარებიაო, თვე-ნახევრის შემდეგ კი ირკვევა, რომ მათი მონაცემები ცესკოსას ემთხვევა...

- უკრაინული სააგენტოს განცხადებით, უტყუარი მტკიცებულება აქვთ, რომ "სამართლიან არჩევნებს" სააკაშვილი კურირებდა და მონაცემები ფალსიფიცირებულია.

- სააგენტო "უკრაინის სიახლეების" დირექტორის განცხადებით, "სამართლიანმა არჩევნებმა" "შეცდომა" 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" დროსაც დაუშვა... ვფიქრობ, ეს საქმეც გამოსაძიებელია... რაც შეეხება ახლანდელ რეალობას, ბოლოდროინდელი პროცესებიც რევოლუციურ სცენარს ემსახურებოდა.

ოპოზიციური ტელევიზიები ცდილობდნენ შეექმნათ აზრი, რომ "ოცნება" ხელისუფლებას დამოუკიდებლად ვერ აყალიბებს... "მთავარი არხი", "ტვ-პირველი", "ფორმულა", ყველა ერთნაირად იყო მომართული, ეგზიტპოლებზე მუშაობდნენ, ამას ემატებოდა სხვა ორგანიზაციებიც, მათ შორის "სამართლიანი არჩევნები" და ბოლოს, ისეთი შედეგი დადეს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ცესკოს მონაცემებისგან. სხვა საკითხია, რაზე ლაპარაკობენ საჯაროდ ოპოზიციის ლიდერები, მაგრამ ცხადი იყო, რომ რევოლუციაზე იყო აქცენტი...

- როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში არის რევოლუციური განწყობა?

- საზოგადოებამ ერთხელ უკვე დაინახა, რა მოიტანა რევოლუციამ. რევანშისტული რევოლუცია ბევრად უარესი შედეგის მომტანი იქნება, როგორც ქვეყანაში, ისე მის საგარეო პოლიტიკაში. სამხრეთ კავკასიაში განვითარებული პროცესები ცხადყოფს, რომ მწვავე საგარეო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ყარაბაღის ომის შემდგომ კავკასიის ტერიტორიაზე რუსეთ-თურქეთის ჭიდილი ვიხილეთ და ეს არ დასრულებულა. ამ სრულიად არაორდინარულ სიტუაციაშია საქართველო და ამ დროს ხელოვნურად იქმნება დაძაბულობა, რაც ვის წისქვილზე ასხამს წყალს, დღესავით ნათელია.

ხელისუფლებასთან უამრავი პრეტენზია მაქვს... მისთვისაც მისაღები იყო ასეთი ოპოზიცია. არადა, ოპოზიციასთან დიალოგის არეალის გაფართოება, სხვა პარტიების შემოყვანა შეეძლო, მაგრამ... ისიც ცხადია, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა სურს, სტრატეგია არ გააჩნია. მხოლოდ ის შეძლო, რომ "ფანჩატურის ოპოზიცია" თავის თამაშში ჩაითრია და ხმები წაართვა...