"აქამდე თუ კავკასიის ლიდერი ქვეყანა ვიყავით, გავხდებით კავკასიის "აუტსაიდერი" ქვეყანა" - კვირის პალიტრა

"აქამდე თუ კავკასიის ლიდერი ქვეყანა ვიყავით, გავხდებით კავკასიის "აუტსაიდერი" ქვეყანა"

"სასწაულის მოლოდინში არ უნდა ვიყოთ, წმინდა გიორგი ვერ გამოჩნდება და ახალ ძალას ბაზალეთის ტბის ძირას ვერ გვაპოვნინებს. თუმცა ახალგაზრდა ლიდერებიც გამოჩნდნენ, საპროტესტო ორგანიზაციებს უდგებიან სათავეში და შესაძლოა ამ აქტივიზმიდან აქტიურ პოლიტიკაში გადავიდნენ და მესამე ძალის ნაწილი გახდნენ..." ქვეყანაში და მის საზღვრებსგარეთ მიმდინარე პროცესები, ერთპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის უარი დეპუტატის მანდატებზე და ყარაბაღის ომის შემდგომ სამხრეთ კავკასიაში შეცვლილი ვითარება, ერდოღანის განცხადება რეგიონში "ექვსეულის თანამშრომლობაზე" - ამ საკითხებზე პოლიტოლოგი გიორგი რუხაძე გვესაუბრება:

- რამდენიმეწლიანი პოლიტიკური სამზადისის შედეგად ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ. ვისაც ოფიციალურად ჯერ კიდევ არ განუცხადებია მანდატებზე უარი, "გირჩის" რამდენიმე დეპუტატსა და ალეკო ელისაშვილს ვგულისხმობ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შევლენ, განსხვავებულ სურათს ვერ მივიღებთ - პარლამენტი მაინც ერთპარტიული დარჩება და საქართველოს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანას, უფრო დასწევს უკან.

ამ ეტაპიდან საქართველო ავტორიტარიზმისკენ გადადგამს ნაბიჯს და თუ არაფერი შეიცვალა, აქამდე თუ კავკასიის ლიდერი ქვეყანა ვიყავით, გავხდებით კავკასიის აუტსაიდერი ქვეყანა და არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვისი ბრალია. მთავარია, დემოკრატიის განვითარება არ შეფერხდეს, თორემ საქართველო მის გარეშე იგივეა, რაც აზერბაიჯანი ნავთობის გარეშე, ანუ ინტერესი შემცირდება. ამიტომ პოლიტიკურმა სპექტრმა, მათ შორის მმართველმა გუნდმა, რამე უნდა იღონონ. პოლიტიკური სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

შეიძლებოდა ოპოზიცია წასულიყო დათმობაზე, როგორმე მორიგებულიყვნენ და მივიღებდით მრავალპარტიულ პარლამენტს, მაგრამ "ქართული ოცნების" ეს ცდა, რაშიც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებიც ეხმარებოდნენ, ჩაიშალა. ახლა, ასეა თუ ისე, დიდწილად ხელისუფლების ვალია ქვეყანას განსაცდელი ააცილოს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ რამხელა დარტყმებს მიიღებს საქართველო ამის გამო, თანაც ამ ვითარებაში, რაც რეგიონშია.

ცალკე საკითხია საგარეო, ფინანსური და ინვესტიციების შემოდინების ფაქტორები. შესაძლოა ამ საფრთხეებს დღეს ბევრი ვერ ხედავს, მაგრამ რა რეალობის წინაშე დადგება ქვეყანა, ხვალ დაინახავენ, რადგან ეს იმოქმედებს მის მომავალზე, საერთაშორისო დახმარებებზე. ბოლოს და ბოლოს, ასოცირების ხელშეკრულება იმიტომ კი არ მისცეს საქართველოს, რომ დემოკრატიული პროცესები შეფერხებულიყო...

- მუდმივად გვესმის, რომ მნიშვნელოვანია მესამე ძალის გამოჩენა. ხედავთ ამის პირობას? - იკვეთება კონტურები, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რაზე შეთანხმდებიან პარტიები. ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ, ორი დიდი პარტიაა - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა". ეჭვგარეშეა, რომ "ოცნებამ" ხმების დიდი ნაწილი აიღო და მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი დაიწერა თუ დაიმატა. ამომრჩეველთა ხმების ერთი მესამედი აიღეს "ნაციონალებმა", სხვებმა, ცალ-ცალკე აღებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, მმართველ გუნდზე ათჯერ ნაკლები. ბევრისთვის და ჩემთვისაც სადავოა "ოცნების" მიერ გამოცხადებული 48%, მაგრამ პროპორციაზე არავინ დაობს. "ევროპულმა საქართველომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", "ლელომ", "გირჩმა", მთლიანობაში 15% ან ოდნავ ნაკლები აიღეს. ასე რომ, თუ მესამე ძალის კონტურები გამოიკვეთება, ეს მოხდება ამ პარტიების თანამშრომლობით და ერთიანი პოზიციონირებით.

როგორც ვიცი, მოლაპარაკების გარდა, სხვა საკონსულტაციო ფორმატიც არსებობს, ოღონდ რამდენად მზად არიან ამისთვის, არ ვიცი... რამდენიმე პარტიის კონსოლიდაციამ და ერთიანი გეგმის გარშემო გაერთიანებამ შეიძლება შექმნას მესამე ცენტრი.ასეთია არცთუ სახარბიელო რეალობა. სასწაულის მოლოდინში არ უნდა ვიყოთ, წმინდა გიორგი ვერ გამოჩნდება და ახალ ძალას ბაზალეთის ტბის ძირას ვერ გვაპოვნინებს. თუმცა ახალგაზრდა ლიდერებიც გამოჩნდნენ, საპროტესტო ორგანიზაციებს უდგებიან სათავეში და შესაძლოა ამ აქტივიზმიდან აქტიურ პოლიტიკაში გადავიდნენ და მესამე ძალის ნაწილი გახდნენ. თუმცა ეს მარტივი ვერ იქნება. ამის მცდელობა 2016 წელსაც იყო, რადგან საქართველოში პოლიტიკურ ამინდს, ძირითადად, "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ქმნიდნენ, მაგრამ მაინც ვერ ჩამოყალიბდა საჭირო იდეოლოგია და სტრატეგია.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდა და ეს მკაფიოდ აჩვენა ბოლო არჩევნებმა - კი არ გავიზარდეთ, უკან დავიხიეთ. არადა, ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით ნამდვილად განვითარდა - გვაქვს უკეთესი საარჩევნო სისტემა, ვიდრე გვქონდა 2012 წელს, მაგრამ ქართველმა საზოგადოებამ ვერ მოახერხა ქაღალდზე დაწერილი რეალობაში დაენერგა და გამოეყენებინა. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის აზრით, პროცესები რევოლუციამდე არ მივა, არც მე მაქვს ამის სურვილი, ვიმედოვნებ, სხვა გამოსავალი მოიძებნება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციამ პრინციპული ერთიანობა შეინარჩუნა.

- ვისი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანა ასეთი რეალობის წინაშე დგას? - პასუხისმგებლობა ნაწილდება ხელისუფლებაზე, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, თუმცა პოლიტიკური ძალების წვლილი ყველაზე დიდია. ჩვენი პარტნიორები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, თუმცა ოპოზიცია მაინც არ თმობს.

დასავლეთი იმიტომ ცდილობს პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების მიღწევას, რომ ქვეყანას არ ჰყავდეს ერთპარტიული პარლამენტი და არ შევიდეს ავტორიტარული სახელმწიფოების კატეგორიაში. რადგან არჩევნების სამართლიანობის შესახებ კითხვები არსებობს, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა, იმუშავებდნენ ამ საკითხზე და დარღვევების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებასაც მეტი ექნებოდა. ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. ამიტომ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში დასავლეთის პოზიცია უცვლელი იქნება.

- რას გულისხმობთ? - ისინი კვლავ შეეცდებიან საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი არ ჰყავდეს და ხელისუფლებაზე ზეწოლაც გაძლიერდება. სხვათა შორის, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება სწორედ არჩევნებია. ამიტომ იმართება ხშირად არჩევნები ევროპის შედარებით პატარა ქვეყნებში, თუნდაც ბელგიაში ან ნიდერლანდებში. როგორც კი ქვეყანა ჩიხში შედის, გამოსავალი არჩევნებია. რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერებს, ისინი არ ეთანხმებიან უცხოელ ფასილიტატორებს, თუმცა აგრესიული განცხადებები მათ შესახებ არც ერთს არ გაუკეთებია და იმ ერთი ტელევიზიის დირექტორს კი, ალბათ, თავად ექნება ახსნა, თუ რატომ ისაუბრა ამ ტონით დიპლომატებზე, რომლებიც მხოლოდ ეხმარებიან პოლიტიკურ ძალებს მოლაპარაკებაში. ოპოზიციას არავინ არაფერს აძალებს და ვერც იმაში ვხედავ ტრაგედიას, რომ ლიდერები არ მიჰყვებიან ელჩების რჩევებს. მით უფრო, რომ ელჩები რომელიმე ძალის მხარეს არ დგანან, ისინი წარმოადგენენ თავიანთი ქვეყნების ინტერესებს, რომელთაც სურთ ქვეყანაში პროცესები მშვიდად წარიმართოს.

- თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში "ექვსეულის პლატფორმის" ჩამოყალიბებაზე, რომელიც ქვეყნების თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. როგორც ირკვევა, მან იგულისხმა აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში, სომხეთი... ამ სიტუაციაში როგორი შეიძლება იყოს საქართველოს პოზიცია? - ერდოღანმა ისიც დასძინა, რომ პუტინმა ეს იდეა მოიწონა. რეგიონში უჩვეულო პროცესები მიმდინარეობს, ამ დროს კი საქართველო ჩაფლულია თავის პრობლემებში, რასაც დაემატა კოვიდპანდემია. არადა, ეს ინიციატივა ნამდვილად დასაფიქრებელია - იმ შემთხვევაში, თუ "ექვსეული" შედგა, გასათვალისწინებელია, რამდენად შედის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებში ამ ფორმატში საქართველოს ჩართვა, მით უფრო მაშინ, როცა რეგიონში დასავლური გავლენები შესუსტებულია...

დავუშვათ, საქართველომ მიიღო მასში მონაწილეობა, მაშინ დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, რა ფორმით და რა დოზით. უნდა გავმიჯნოთ, თუ ხეირს ველოდებით, როგორ მოხდება ეს და თუ საფრთხეა, რა სახის და რა მიმართულებით. ისე კი ასეთ საკითხებზე, საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთობლივად უნდა მსჯელობდნენ...

- რაც შეეხება ყარაბაღის თემას, მართალია, სამმხრივი შეთანხმება დაიდო, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ვითარება არც ისე მშვიდია.

- დიახ, რამდენიმე შეტაკება მოხდა, თუმცა არა მგონია, ამან შეთანხმება დაარღვიოს. წვრილ-წვრილი შეტაკებები ისევ მოსალოდნელია. რაც მთავარია, ჩვენი ხელისუფლება, იმის გათვალისწინებით, რომ გვყავს როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი ეთნიკური უმცირესობები, ვითარებას აკონტროლებს.