"თუკი რევოლუციური სცენარი მომწიფდა, ამაში "ოცნების" დიდი დამსახურება იქნება­" - კვირის პალიტრა

"თუკი რევოლუციური სცენარი მომწიფდა, ამაში "ოცნების" დიდი დამსახურება იქნება­"

"ოპოზიციას ახლა ისეთი ხელსაყრელი პირობები შეექმნა, არასდროს რომ არ ჰქონია - ლამის 60 მანდატი ეჭირა ხელში, ის კი ქუჩაში დარჩა. აი, ამ ოპოზიციას ჭკუისა რა უნდა მოსთხოვო?! ჭკუისა იმიტომ მოგახსენეთ, რომ რევოლუციასაც ჭკუა უნდა"

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს "კვირის პალიტრასთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აფასებს.

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - ერთპარტიული პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს განიხილავს თუ რამე სხვას უნდა ველოდოთ?..

- რევოლუციური სცენარი ახსენეს ოფიციალური განაცხადის დონეზე - ან ვადამდელი არჩევნები, ან რევოლუციური სცენარიო.

უნდათ ლეგიტიმური რევოლუცია, ხავერდოვანი თუ მშვიდობიანი, მხოლოდ ზედსართავი სახელებია. რევოლუციას სჭირდება პირობები, თავისთავად რევოლუცია არ ხდება. ეტყობა, ამიტომ თქვა ნიკანორ მელიამ, დროთა განმავლობაში ხალხი მიხვდება და რევოლუცია მოხდებაო, ანუ დღეს რევოლუციაზე არ ლაპარაკობს, ამას მომავალში გულისხმობს. ეს უკვე დიდი მიღწევაა, რადგან ხვდებიან, რომ დღეს შეუძლებელია, ეს მოხდეს.

- ანუ იმედი აქვთ, რომ გაზაფხულზე ხალხს მოშივდება და ქუჩაში გამოვა?

- სწორედ მაგაზე აქვთ გათვლილი.

- ეს სწორი გათვლაა?

- სწორი კითხვაა. მშიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მშიერია, მოწამლულს არ შეჭამს. რაც უნდა მშიერი იყოს ქართველი საზოგადოება, რაც უნდა ეკონომიკურად გაუჭირდეს, ის გეზს არ აიღებს იმ პარტიისკენ, რომლის გამოც შეიძლება უარესი ელოდეს, მით უმეტეს, რომ თუ ეკონომიკური გასაჭირი დაგვიდგა - და ყველა პროგნოზი გვაფიქრებინებს, რომ ეკონომიკური მომავალი არცთუ მომხიბვლელი გვექნება არც ჩვენ და არც სხვა ქვეყნებს - იქიდან გამოსავალს რომელი პარტია იპოვის? ოპოზიცია ისეთ სურათს ხატავს, თითქოს ეკონომიკური სირთულეები "ოცნების" ბოროტი განზრახვის შედეგი იქნება და ხმას არ იღებს იმაზე, რომ ამ სირთულეებს შეიძლება ობიექტური, ყველა ქვეყნისთვის მეტ-ნაკლებად ერთნაირი საფუძველი ჰქონდეს, ანუ"ნაცმოძრაობას" სურს, ისევ და ისევ ტყუილზე ააგოს საზოგადოების ოპოზიციური განწყობა.

თქვენმა კითხვამ გამახსენა ორიოდე დღის წინ ქუჩაში შემთხვევით შემხვედრებთან ასევე შემთხვევითი დიალოგი. ერთს ვიცნობდი და იმან დაიწყო საუბარი ამ პრობლემებზე, მეორე, რომელსაც არ ვიცნობდი, ჩაერთო - რა გინდათ, კაცო, მოვიდნენ ეს "ნაცები", რა გაგიხდათ მათი მოსვლაო. არგუმენტები იყო, რომ ბევრი რამ აქვთ აშენებული. ამათ რა აქვთ აშენებულიო? ისინი რაღაცებს ცდილობდნენ, მაგრამ ყველა რევოლუციასა და ცვლილებებს მსხვერპლი მოჰყვება და ამიტომაც იყო ხალხი ციხეებშიო. ჩემმა ნაცნობმა დასძინა, ვინც ციხეში იჯდა, მათი 90% იმსახურებდა ციხეში ყოფნასო... მე შევედავე, გზები ამათაც ხომ გააკეთეს-მეთქი, თანაც ამდენი, გაზიც გაიყვანეს... ვეღარავინ შემეკამათა. ეს იმიტომ მოგახსენეთ, რომ "ოცნებას" აქვს ერთი დიდი ხარვეზი - რასაც აკეთებს, ვერ აჩვენებს, ამის ნიჭი არა აქვს. მაგალითად, ჩამოვიდა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალჩინოსანი და აღფრთოვანდა ჩვენი კოვიდსასტუმროებით - ქართველებმა ეს როგორ მოიფიქრეთ, ევროპაშიც უნდა გადავიღოთო. გამოდის, შენ მსოფლიოსთვის რაღაც შესაშური, ჭკვიანური, მისაბაძი გააკეთე და არ უნდა ამას პიარი?! ეს დაახლოებით იგივეა, მზარეულმა გემრიელი საჭმლის გაკეთება იცოდეს, მაგრამ მისთვის მიმზიდველი იერის მიცემა და სუფრასთან მიტანა არ შეეძლოს. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ თუკი რევოლუციური სცენარი მომწიფდა, ამაში "ოცნების" დიდი დამსახურება იქნება. არა მარტო იმის გამო, რომ რაღაც ვერ გააკეთა (ასეთიც ბევრია), რაც გააკეთა, ისიც ვერ დაგვანახა... ახლა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცეს, თითქმის უცვლელად, არადა, ხალხს ცვლილება უნდა, შენი მომხრეც კი ამას ელოდება და შეცვალე, რა, რისი შეცვლაც შეგიძლია! კი ბატონო, კრიზისში ჩართული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ახლა ვერ შეცვლი, მაგრამ ყველა სტრუქტურა ხომ არ არის კრიზისში ჩართული?! ხალხს უნდა დაანახო, რომ ცვლილების მომხრე ხარ, მერე დასაყვედრებელი რომ არ ჰქონდეს არცთუ ჭკვიან ოპოზიციას, ხელისუფლებას არაფრის შეცვლა არ უნდაო.

ნორმალური ოპოზიცია არ გვყავს, კონსტრუქციული კი არა, ნორმალური, ამ სიტყვის ინტელექტუალური გაგებით. იმის გათვლა არ შეუძლიათ, რა არის მათთვის სასარგებლო და რა - არა;

ოპოზიციას ახლა ისეთი ხელსაყრელი პირობები შეექმნა, არასდროს რომ არ ჰქონია - ლამის 60 მანდატი ეჭირა ხელში, ის კი ქუჩაში დარჩა. აი, ამ ოპოზიციას ჭკუისა რა უნდა მოსთხოვო?! ჭკუისა იმიტომ მოგახსენეთ, რომ რევოლუციასაც ჭკუა უნდა. ეს ოპოზიცია იმასაც ვერ ხვდება, რომ 2003 წელს რევოლუცია, რაზეც ახლაც ოცნებობენ, აშშ-ისა და რუსეთის მხარდაჭერის შედეგი იყო. გავიხსენოთ, მაშინ ივანოვი ჩამოვიდა, მოგვიანებით - ბუში. ამ ორმა ქვეყანამ ხავერდოვანი რევოლუციების კარგად შედგენილი სცენარი ბევრ ქვეყანაში გამოიყენა და ქართული მხარე, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მხოლოდ შემსრულებელი იყო.

ახლა ამათ არც საერთაშორისო მხარდაჭერა აქვთ, არც სცენარი და სტრატეგია. ამის მოფიქრებას ჭკუა უნდა, ჭკუა კი არა აქვთ, ამიტომ რევოლუციის მომხდენი ვერ არიან.

- მაშ, რა მოხდება?

- არაფერი, ასე იქნებიან ღლიცინში. მაგრამ არის მეორე პრობლემა. სულ ტრაბახობდნენ, ჩვენ "მოქალაქეთა კავშირის" მსგავსად არ გავქრით პოლიტიკური არენიდანო. პოლიტიკაში დარჩნენ, რადგან პოლიტიკა აბჯრად, საფრად სჭირდებოდათ, რომ მერე, თუ ვინმეს დაპატიმრება დაემუქრებოდა, ეყვირათ, ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს იშორებსო, როგორც ახლა გაჰყვირიან ვიღაცებზე.

- რისი გაკეთება შეიძლებოდა, რომ პროცესები ასე არ წარმართულიყო?

- თუ ვინმეს მოეთხოვებოდა მაქსიმუმის გაკეთება, ეს ოპოზიცია იყო. მე ხელისუფლებას ვერაფერს მოვთხოვ, მით უმეტეს, რომ მან ძალიან ფრთხილად იმოქმედა.

შეიძლებოდა მეტის გაკეთებაზე გველაპარაკა, მაგრამ არა იმაზე, რომ "ოცნებამ" რაღაც ჩაჩეხა, ან ვიღაც დაიჭირა, რაც ლუკაშენკოსთან ხდება. ოპოზიციისთვის ხელი არ უხლიათ და თუ თვითონ აკეთეს სისულელეები ან შანსი ვერ გამოიყენეს, ეს ხელისუფლების ბრალია?

- ახლა რისი გაკეთება შეიძლება სიტუაციის გამოსასწორებლად?

- უნდა გაუშვა ყველა იქით, საითაც მიდიან, უნდათ გადაჩეხა? გადაიჩეხონ! 30 წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში იყო ასეთი პარტიები - რაღაცას ვერ მიაღწიეს და გავიდნენ პოლიტიკური ველიდან, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაღუპულა.

- ანუ პარლამენტი ერთპარტიული იქნება?

- ჯერჯერობით კი, თუმცა არც ეგ არის პრობლემა. სისულელეს მრავალპარტიული პარლამენტით გააკეთებ თუ ერთპარტიულით, აქვს მნიშვნელობა?! ოპოზიცია გინდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების ჭკვიანური ფილტრაცია შეძლოს. ახლანდელი ოპოზიცია ჭკვიანურ ფილტრაციას მოახერხებს? ამიტომ შეიძლება უფრო ბუნებრივ - ევოლუციის გზას ვადგავართ, ვინც ვერ ახერხებს პოლიტიკურ არენაზე გადარჩენას, გავიდეს ამ არენიდან. მთავარია ხელისუფლებამ თუ ხალხმა ხელი შეუწყონ ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენას.

- დღეს ხედავთ ასეთ ძალებს?

- არა. დღევანდელი პოლიტიკური ძალები მიწებებული არიან რომელიღაც ერთ კუთხეს და, რაც მთავარია, ინტელექტი არც ერთს არ ჰყოფნის საიმისოდ, რომ ჭკვიანური ნაბიჯები გადადგას. მე ჭკვიანური პოლიტიკა მინდა. "ნაცები", "ქოცები" - სულერთია, მაგრამ შეცდომებიანი პოლიტიკა აღარ მინდა, რადგან ეს ადამიანებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

- როგორ ვჩანვართ ახლა საერთაშორისო ასპარეზზე?

- ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირს, ნატოს, აშშ-ს ჰქონოდათ სრული ინფორმაცია იმაზე, რაც ჩვენთან ხდება. აშშ და ევროკავშირი ჩართული იყვნენ მოლაპარაკებაში, რომლის მაგიდა სწორედ ოპოზიციამ ააყირავა - ტერმინი ვისესხე კობახიძისგან...

მე რომ თქვენ დაგაბრალოთ, უჟმურია და სტუმრებს ვერ იტანს-მეთქი, იმიტომ, რომ თქვენ კი დამპატიჟეთ, მაგრამ მე არ მოვედი, სამართლიანი იქნება ჩემი ბრალდება? ეს მოხდა ახლაც. დაინახა ევროპამ, რომ ოპოზიციას კარი კი არ ჩაუკეტეს, როგორც ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება, არამედ თვითონ არ შევიდა პარლამენტში.

ერთპარტიულობა უნდა დააბრალო ხელისუფლებას მაშინ, როცა მას აქვს ერთპარტიულობისკენ მიდრეკილება, მაგრამ თუ ის კარს ხსნის, მობრძანდითო, ესენი კი მაინც არ შედიან, ხელისუფლებას რა დავაბრალოთ?

- ოჯახი შედგება ცოლისა და ქმრისგან. მარტო ქმარი თუა სახლში და ცოლი - ქუჩაში, ეს რა ოჯახია?

- გვინახავს ოჯახები, სადაც ერთი მეუღლე სახლშია და მეორე - ქუჩაში. ოჯახის ყველაზე კარგი განსახიერებაა შვილი. არსებობს ოჯახები, სადაც შვილს ერთ-ერთი მშობელი ზრდის. სწორედ ასეთი შვილია ახლა საქართველო. თუ ერთი მშობელი გაზრდის და ფეხზე დააყენებს, ეს ბედნიერება არ არის, მაგრამ შესაძლებელია.