"ვიღაცებს მუდმივად ჰქონდათ და დღესაც აქვთ ინტერესი საქართველოს პოლიტიკაში ჩარევის და ახლა ამის შანსი ეძლევათ..." - კვირის პალიტრა

"ვიღაცებს მუდმივად ჰქონდათ და დღესაც აქვთ ინტერესი საქართველოს პოლიტიკაში ჩარევის და ახლა ამის შანსი ეძლევათ..."

"საერთაშორისო ასპარეზზე ცუდად ვჩანვართ, ოღონდ ეს არ არის ისეთი სიცუდე, რის გამოც ისეთივე სანქციებს მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ, როგორიც მაგალითად, ბელორუსიის წინააღმდეგ მიიღეს. პრობლემა არ არის ქუჩის დაპირისპირება, მაგრამ როცა რეგიონში სიტუაცია იცვლება, ეს უკვე სახიფათო ხდება - ვიღაცებს მუდმივად ჰქონდათ და დღესაც აქვთ ინტერესი საქართველოს პოლიტიკაში ჩარევის და ახლა ამის შანსი ეძლევათ..."

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ქმედებების შეფასება და მოვლენების განვითარების პროგნოზი ვთხოვეთ.

- პროგნოზი, ხომ იცით, უმადური საქმეა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის, ანუ ოპოზიცია გააგრძელებს ბოიკოტს და არ შევა პარლამენტში, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ასე რომ, ორივე მხარე თავის პოზიციაზე დარჩება და პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდება ისე, როგორც დღემდე იყო. თუმცა, ოპოზიციას აქვს იმედი, რომ გაზაფხულზე გამოცოცხლდება ქვეყანა თუ დამშეული ხალხი...

- ექსპერტთა ნაწილი რევოლუციურ მესიჯებს კითხულობს ოპოზიციის მოწოდებებში... - მშვიდობიანი რევოლუცია აბსურდული სიტყვათშეთანხმებაა, რას ნიშნავს, ვერ გეტყვით, მაგრამ იმის იმედად ყოფნა, რომ ხალხი დაიმშევა და ქუჩაში გამოვა, მთლად სწორი პერსპექტივა არა მგონია.

კარგია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გაჩნდნენ ადამიანები ოპოზიციაშიც კი, რომლებიც ოპოზიციისგანვე ითხოვენ განმარტებას, რას და როგორ აკეთებენ. მხედველობაში მყავს "გირჩი" და ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები". მათ ხმამაღლა გამოხატეს თავიანთი პოზიცია, თუმცა მათ შესვლას პარლამენტში აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ხელისუფლება არაფრის დამთმობი არ არის და სურვილიც რომ ჰქონდეს, რასაც ესენი ითხოვენ, იმას საკონსტიტუციო შესწორებები სჭირდება...

მათი შესვლით პარლამენტი 2/3 ვერ გახდება, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მიიღებს და მათი შესვლაც აზრს კარგავს, მაგრამ კარგია, რომ ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი. რაღაც ახალი გაჩნდა ოპოზიციურ სპექტრში. ერთპარტიული პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, ყოველ შემთხვევაში, გაზაფხულამდე ასე იქნება, თუმცა არა მგონია, გაზაფხულზე სიტუაცია ისე დაიძაბოს (თუ "ოცნებამ" დიდი შეცდომები არ დაუშვა), რომ ეს რაღაც "მშვიდობიანი რევოლუცია" მივიღოთ. ჩვენ ეს სცენარი და კინოც ნანახი გვაქვს 2008 და 1990 წელსაც კი. მაშინაც იყო პოლიტიკური პარტიების ჯგუფი, რომლებიც უარს ამბობდნენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და კონგრესის არჩევნების ჩატარებას აპირებდნენ. ჩატარდა ეს არჩევნები, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კონგრესი იყო სრულიად უფუნქციო, ანუ საპარლამენტო არჩევნების დროს ბოიკოტის ამ იდეამ არ გაამართლა. ასე იყო 2008 წელსაც, მაგრამ იცით, რა არ მესმის? ადამიანები, რომლებიც ახლა ერთად არიან ოპოზიციაში, 2008 წელს ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იყვნენ. ნაწილი - ხელისუფლებაში იყო, ნაწილი - ოპოზიციაში, იმ ოპოზიციაში, რომელმაც მანდატები დახია. საპროტესტო ტალღა გრძელდებოდა 2011 წლის 26 მაისამდე. 26 მაისს გახსოვთ, ალბათ, რაც მოხდა რუსთაველზე. ეს გრძელდებოდა ოთხი წლის განმავლობაში.

შედეგად მივიღეთ ის, რომ ქუჩაში დარჩენილი პარტიები და მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები საერთოდ გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან. ვინც გადარჩა, გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილმა შეიკედლა. ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, არ გამოუჩენია - მას აუცილებლად სჭირდებოდა როგორც "რესპუბლიკელები", ისე "თავისუფალი დემოკრატები" იმისათვის, რომ ძალაუფლება ხელში აეღო, მაგრამ მივიღეთ ეს შედეგი და არ მესმის, რატომ ჰგონია დღევანდელ ოპოზიციას, რომ მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე მაშინ ჰქონდა, ან რომ ახლა უფრო აგრესიულია ხალხი, ვიდრე მაშინ იყო. მე დღეს ამას ვერ ვგრძნობ.

- მიგაჩნიათ, რომ დღეს პოლიტიკური კრიზისია? და რა უნდა გაკეთებულიყო, რომ ეს კრიზისი აგვერიდებინა? - ამ პოლიტიკურ კრიზისზე უცნაური წარმოდგენები გვაქვს, იმიტომ, რომ მისი დეფინიცია არ ხდება და ვინ რას გულისხმობს ამ ტერმინში, არ ვიცი. პოლიტიკურ კრიზისს უწოდებენ იმ ვითარებას, როცა პარლამენტში პარტიები ვერ ახერხებენ შეთანხმებას, შესაბამისად, ვერ ქმნიან აღმასრულებელ ხელისუფლებას და თანხმდებიან რიგგარეშე არჩევნებზე - კლასიკური გაგებით ეს არის პოლიტიკური კრიზისი. ახლა რატომ არის პოლიტიკური კრიზისი, არ მესმის. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს უნდოდათ შეთანხმება - ასე რომ ყოფილიყო, გამოსავალს მოძებნიდნენ, მაგრამ აქ ერთი მომენტია სავარაუდო და სათქმელი: ძირითად პარტიებს - "ოცნებას" და "ნაცმოძრაობას" - არ აძლევს ხელს დღევანდელი პოლიტიკური ლანდშაფტი, ანუ ორივე ცდილობს, არ დაუშვას მესამე ძალის გაჩენა. შესაბამისად, რაც უფრო რადიკალური გზით წავა ოპოზიცია, "ნაცმოძრაობას" მით მეტი შანსი აქვს, ამომრჩეველი დაიბრუნოს და მხოლოდ ის დარჩეს "ოცნების" მოწინააღმდეგედ. "ოცნებაც" ფიქრობს, რომ მისგან წასულ ამომრჩეველს, რომელსაც "ნაცმოძრაობა" არ მოსწონს და წვრილ პარტიებზე გადანაწილდა, უკან დაიბრუნებს. მე ამ დიდი პარტიების მესმის, მაგრამ არ მესმის იმ პოლიტიკური ჯგუფების, რომელთაც 1-4% აქვთ - ისინი ხომ ამომრჩეველს კარგავენ! თუ პროცესების რადიკალიზაცია მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ეს პატარა პარტიები კარგავენ ამომრჩეველს. მაგალითად, "ევროპული საქართველოს" ამომრჩეველი მთლიანად გადაბარგდება "ნაცმოძრაობის" მხარეს. ამას რატომ ვერ ხვდებიან? "ლელოს" ამომრჩეველიც მობრუნდება "ოცნებისკენ". ერთადერთი, ვისაც შეეძლო თავისი სპეციფიკური ამომრჩეველი შეენარჩუნებინა, იყო "გირჩი", ისიც იმ შემთხვევაში, რომ არ გაყოფილიყო. ელისაშვილის პარტიას აქვს 1-1,5%. მათი ამომრჩევლები, ვფიქრობ, "ოცნებიდან" წამოსული რადიკალები არიან და ალბათ, ისიც დაკარგავს ამომრჩეველს.

- თუ შეიძლებოდა კიდევ რამის გაკეთება, რომ პროცესები ასე არ გაგრძელებულიყო? - ელჩები ცდილობენ, მოაგვარონ საკითხი, მაგრამ თუ ოპოზიციის დღევანდელ განცხადებებს დავუჯერებთ, ეს შეუძლებელია. ოპოზიცია ცდილობს, ელჩები არბიტრის როლში ჩააყენოს. ხშირად გაიგონებთ, რომ გავა დრო და ისინი პოზიციას შეიცვლიან. იტყვიან, არჩევნები გაყალბდაო? ეს ხომ არარეალურია! დღევანდელი ოპოზიციის 90% ხელისუფლებაში ნამყოფია. თავის დროზე მათთვის რომ ყველაფერი "მისაღები" და "დასაშვები" იყო, დავივიწყოთ? ის მაინც ხომ იციან, 2012-ში რა და როგორ მოხდა?! 2003 წელიც უნდა ახსოვდეთ. არ ხდება ასე, ვიღაცას მოუნდება და ელჩები პოზიციას შეიცლიან. ბაიდენი კი არა, ობამაც რომ დააბრუნონ ხელისუფლებაში, ნათქვამს უკან არავინ წაიღებს.

რაც შეეხება იმას, რომ "ოცნება" დასთანხმდება რიგგარეშე არჩევნებს... ეს არ არის გამორიცხული, ოღონდ არა იმიტომ, რომ ესენი პარლამენტში არ შევიდნენ, არამედ იმიტომ, რომ უამრავი პრობლემაა.

მეც გამიჭირდება "ოცნებაში" დავინახო ის რესურსი - გნებავთ ადამიანური, გნებავთ იდეური და გნებავთ ფინანსური, რომ ამ პრობლემების დაძლევა კარგად შეძლოს, თუმცა, აქვს შანსი, არსებული სიტუაცია შეინარჩუნოს და გადააგოროს.

ოპოზიცია უკან ვერ დაიხევს. ისე მაღლა ასწიეს თამასა, რომ ეს მათთვის კატასტროფა იქნება. იმავე პრობლემის წინაშე დგას ხელისუფლებაც. თუ ის იტყვის, არჩევნებს დავნიშნავო, ეს ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, აღიარებს არჩევნების გაყალბებას, ამას კი არ გააკეთებენ. ამას ჯობია, კრიზისამდე მივიდნენ და მართლაც სოციალური ან ეკონომიკური ფაქტორების გამო დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები, ან "ოცნებაში" გათამაშდეს განხეთქილება. ჩვენ სპექტაკლების მოყვარული ხალხი ვართ, ყველგან ვთამაშობთ. ამიტომ შეიძლება ეს გათამაშდეს, მაგრამ ოპოზიციის მოთხოვნით ამას არ დასთანხმდებიან.

- ყველაზე ცუდ სცენარად რას მიიჩნევთ? - დაპირისპირებამდე საქმის მისვლას, მაგრამ მგონია, რომ ეს არ მოხდება რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, პანდემიაა და უკეთეს ვარიანტში გაზაფხულის ბოლოს, შესაძლოა, გამოჩნდეს ვაქცინა. ამიტომ ოპოზიციამ ძალიანაც რომ მოინდომოს საპროტესტო მოძრაობის დაწყება, არ გამოუვა. სხვა საკითხია, რომ ცუდი სანახავია ერთპარტიული პარლამენტი, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ჩავუღრმავდებით, ჩვენ 30 წელია, ერთპარტიული პარლამენტი გვყავს. მეტსაც გეტყვით - 30 წელია, ქვეყანას ერთი პიროვნება მართავს.

დღეს ლაპარაკია ივანიშვილზე, მაგრამ მისი წინამორბედებიც თითო იყვნენ: გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი... არასდროს ყოფილა უმრავლესობის სიტყვა გადამწყვეტი და არც დღეს არის. ოპოზიციას კი არასდროს ჰქონია ბერკეტები. თუ ზოგადად კანონებსა და საპარლამენტო მექანიზმებზე ვილაპარაკებთ, დღეს გაცილებით მეტია კანონში ჩაწერილი, ვიდრე "ნაციონალების" დროს ან უფრო ადრე იყო. დღეს ოპოზიციას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მაინც შეუძლია, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არ უნდა ეს უმრავლესობას.

დღეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ხელისუფლება პრობლემებთან გამკლავებას. იმედი არ მაქვს, რომ განახორციელებს ძირეულ რეფორმებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს აამუშავებს, თუმცა ოპოზიცია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, არც მაშინ მექნება ამის იმედი... ასეთი სამწუხარო ტრადიცია გვაქვს. ასე რომ, თუ თავიდან ავიცილებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, არც არაფერი მოხდება.

ცუდი ის არის, რომ ოპოზიციამ, შესაძლოა, იქამდე მიგვიყვანოს, ისევ ვიღაც გამოჩნდეს, როგორც ივანიშვილი გამოჩნდა და ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში.

- ხედავთ ვინმე კონკრეტულს? - არა, კონკრეტულად ვერავის ვხედავ, მაგრამ ასეთი პროცესები ასე მთავრდება...

- სახელმწიფო არ ზარალდება? - რა თქმა უნდა, მაგრამ თუ საქმე დაპირისპირებამდე არ მივა, კატასტროფა არ გველოდება.

საერთაშორისო ასპარეზზე ცუდად ვჩანვართ, ოღონდ ეს არ არის ისეთი სიცუდე, რის გამოც ისეთივე სანქციებს მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ, როგორიც მაგალითად, ბელორუსიის წინააღმდეგ მიიღეს. პრობლემა არ არის ქუჩის დაპირისპირება, მაგრამ როცა რეგიონში სიტუაცია იცვლება, ეს უკვე სახიფათო ხდება, რადგან ვიღაცებს მუდმივად ჰქონდათ და დღესაც აქვთ ინტერესი საქართველოს პოლიტიკაში ჩარევის და ახლა ამის შანსი ეძლევათ. გამოსავალი არის ის, რასაც ელჩები მოუწოდებდნენ - შესულიყვნენ პარლამენტში და იქიდან გაეგრძელებინათ ბრძოლა, მაგრამ რატომღაც ქუჩა ამჯობინეს.