წერილი საქართველოს პატრიარქს - კვირის პალიტრა

წერილი საქართველოს პატრიარქს

"მინდა წართმეული საქართველო ჩავიხუტო"

"დაწინაურებული "ვარლამები" ბაყაყებად გადაიქცნენ"

დაღლილი მიყურებს... ვისაუბრეთ და იმდენი ტკივილი გაიახლა და იმდენი ჭრილობის პირი გადაეხსნა, სულაც არ მიკვირს, რომ დაიღალა. ახლა სრულიად სხვა თვალით ვუყურებ მის ღაზლის სვიტერს - უბრალოს, გლეხურად მოქსოვილს. ქართველი ქალის ხელით ნაქსოვ მოზრდილ თვლებს ძველებურ ჯაჭვის პერანგს ვადარებ... ღაზლი რა არის, იქნებ არც იცოდეთ, ან დიდი ხნის წინათ მიგევიწყებინათ.

ღაზლი ბუნებრივი შალის ძაფია, მატყლისაგან ხელით დართული. თუშეთში, ფშავ-ხევსურეთსა და ქიზიყში ბაწარს ეძახიან, ქართლში - ღაზლს. ქართლურ ღაზლში გამოხვეული - აბჯრით შემოსილივით, ომიდან ახალმობრუნებულივით მიყურებს... კარგია, რომ აპარატი თან მაქვს და აი, ასეთს გადავიღებ...

- დაინგრა ყველაფერი! მამული ხომ დამაკარგვინეს თავიანთი ეგრეთ წოდებული მეომრობით... ქართლი დაამთავრეს უვიცობით და სიძულვილით...

მერე მაგიდაზე გაშლილ ფურცლებში იხედება, იქიდან ერთს არჩევს და უხმოდ მიწვდის. ვკითხულობ:

"ხმადაკარგული და ხმალდაკარგული, მხოლოდ კალმით მებრძოლი ქართველი მწერლისაგან, ათი მცნებითა და ცხრა ნეტარებით, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეთა უღელტეხილზე ამხედრებულ ქართველ ქრისტიანთა მღვდელმთავარს, თერგივით წყნარსა და ხანაც თერგივით მოქაფქაფე, მრისხანე მღვდელმთავარს, მწყემსმთავარს, უწმინდესსა და უნეტარეს პატრიარქს, ილია მეორეს ქართლის მომკილი ყანის ნაწვერალიდან მოქვიტკირე ბებერი მწერლის გაბზარული, მაგრამ გაუტეხელი გულის ჩივილი...

მოვრჩი გადათეთრებას და თქვენამდე მოვჩოჩორიკდი, ჩვენო უძლეველო პატრიარქო, ოცსაუკუნოვან ქართველ ქრისტიანთა ბურჯო-აუღებელო, გაუტეხელო მამაო-ჩვენო!...

კიდევ ერთხელ გეახელით ბებერი მწერალი და სამღვდელო დიაკონი, მამულებაჩეხილი ცხინვალის მკვიდრი, მკვდარივით ვერაფრისშემძლე მამა ელიოზი. ცისკარს ძლივს ამოვასწარ მწევრებდადევნებულმა და თქვენს კალთას ამოვეფარე, დაღლილი ჩრდილში მივეგდე და თქვენი გარჯით მოხიბლულმა მუხა გიწოდეთ, სულიერების ქართული მუხა. თქვენი მრევლი რკონი ვართ, თქვენი!

ტახის ეშვების კასკასი არ გვაშინებს, არც მისი წვრილჭუტა თვალები, ეკლესიამდე მწერალი გახლდით, ესეც ღვთის ნებით. თქვენგან წმინდანად წოდებული დიდი ილია მართალი გვასწავლიდა წერას: მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა, ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა...

საქართველოს ყველა კუთხეში ისმის თქვენი ლოცვა, ილიას სიტყვებთან ერთად, ქრისტესმიერი ტკივილებია ორივეს გულში.

ჩვენო მეუფევ, სულის საყვირო, თქვენს ეპისტოლეს უსმენს წირვად დამდგარი მთელი ერი.

"კაცი პატივსა შინა იყო და ვერა გულისხმაჰყო, ჰბაძავდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ".

ოცი წელია კონკიას ბროლის ქოშივით მიჭირავს რამდენიმე ათასი ჩემი წიგნი "ანდერძი" და "აღემართენით". არც მკითხველია, არც განმკითხველი, არც წამკითხველი... იქნებ როგორმე ხელი მომიმართოთ და სული ჩამბეროთ... ფერეიდანსა და შავშეთ-ურუშეთში მაინც ჩამატანინოთ. იმათ კარგი შენახვა იციან ქართული სიტყვისა, ისეთ დროს მოგვაშველებენ, როცა ჩვენს ენას დავიწყების ქვაზე ედება თავი...

XX და XXI საუკუნეთა უნაგირზე ორი ქართველი მგზავრი გვიზის წერილების წიგნით... ერთი ძველია - ილია მართალი, მეორეც ილიაა, ესეც მართალი"...

სატკივარს რომ მიჰყვეს - რომელი ერთი ახსენოს, იმდენია! აბა, თუნდაც აქვე, "დარჩენილ" საქართველოში გადავიხედოთ:

- სხვების სოფლები ჯარია... ჯარად დგანან ჩვენი ძმები სომხებიცა და აზერბაიჯანელებიც... სოფელში რომ ოთხი ათასი კომლი იქნება, იმაზე უკეთესი ჯარი სად თქმულა! ახლა ქართველების სოფლები ნახეთ, ჯარია? ამას წინათ, ტელევიზორში აჩვენეს, ორმოცი შვილიშვილი რო ჰყავს კაცს აჭარაში... კიდევ მეტი შვილთაშვილი. იმათზე ვლაპარაკობდი და აქ, დედაქალაქში, გამეპასუხნენ, იქაო - აჭარაში, ნეტა როგორ ცხოვრობენ, მიწა იძვრის, მეწყერიაო... შენ რო ვერა გრძნობ, მიწა განა აქ არ გვეძვრის ფეხქვეშ? ძალა აღარ გვყოფნის, რო დავინახოთ... აღარც იმის თავი გვაქვს, რომ ჩვენი სიტყვა მივიტანოთ ბოლომდე.

- რა სიტყვას გულისხმობთ?

- მართალ და გონიერ სიტყვას... ერთი ამბავი მახსენდება და ახლაც მეტირება: ჩემს ლიახვის ხეობაში მაქვს ნანახი, ჯაურაზე ისხდნენ ხოლმე არწივები. ვიღაცამ ესროლა და ერთი ჩამოაგდო. წავაწყდი. მკვდარი მეგონა. ისე, დაუფიქრებლად ავიღე იარაღი და კიდევ ვესროლე... ცოცხალი ყოფილა... შეიფრთხიალა. იმას კიდევ სროლა უნდოდა? ეს უვიცობა, უგუნურებაა... და ასეთი უვიცობა და უგუნურებაა, რომ გვახოცვინებს არწივებს... ვერ გავიგეთ, - წყაროზე რომ მიხვალ, უნდა დაიჩოქო და ისე დალიო... დასაჩოქებელი გვაქვს და იმიტომ! თუ ცხენზე ზიხარ და მოთარეშე ხარ, ვერ დაიჩოქებ, გადაუთხლაშუნებ იმ წყაროსაც... მერე ყველაფერი წუმპედ გადაგექცევა: აბა, თუნდაც დაწინაურებულ "ვარლამებს" შეხედე... ბაყაყებად გადაიქცნენ, პირი აქვთ წუმპეში წარგული და ყიყინებენ.

- უკეთესის მოლოდინს ახლო წარსულში ოპოზიციას უკავშირებდნენ ხოლმე...

- ტყუილად! არაფერი გვეშველება, იმიტომ, რომ ეგენი არ არიან ის ქართველები, ვინც ხელისუფლებას უნდა დაუპირისპირდეს... სხვა - ჯიშიანი ქართველები გვჭირდება!

მამაჩემს იმხელა კოჟრები ჰქონდა ხელისგულზე, რომ ის კოჟრები ედგა მცველად! ის იყო მიწის, ვენახის მცოდნეცა და მესაიდუმლეც... მიწაზე რომ მუშაობდა, ისიც ომი იყო, აბა, რა? ჯერ ერთი, ოსები აბლაბუდებივით ეკიდნენ გვირაბის თავზე და ცოცებ-ცოცებით ჩამოდიოდნენ... ნელ-ნელა ჩამოიქსოვა ლიახვის ხეობა აბლაბუდით. ყველაზე ცუდი დრო ახლა დადგა ოსებისათვის. მაგათი დრო აღარ იქნება, რუსის დრო დაიყენეს და დაგვიყენეს.

ქართლი რომ მახსენდება, გული მეგლიჯება: სიცოცხლე იქ დავიწყე, იქ ვიგრძენი პურის ყანის სუნი და იმასთან ერთად ცხოვრების აზრიც.

რატომ დავკარგეთ? - იმიტომ, რომ იქაური ოსი ცეკას მდივნების მეორე მდივნებად, ანუ ყმებად თბილისიდან გამოგზავნილ ქართველებს ნიშნავდნენ. ჩამოვიდოდა, გადაავლებდა თვალს, სად იყო კარგი კაკალი, რომლის ჩრდილშიც შეიძლებოდა კარგი პურის ჭამა. მერე დაიანგარიშებდა: მეორე მდივანს რა ეკუთვნისო. აქედან აქამდეო... კარგია, მეყოფაო...

დღესაც ვდგავართ და ვიღაცის იმედი გვაქვს - მოვა და დაგვეხმარება, შეგვინახავს. ვინ შეგინახავს? მე, მერაბ ელიოზიშვილი გამოვალ ქუჩაში და ვიყვირებ, შემინახეთ ერთი კვირით-მეთქი. არავინ გამომეგებება... მით უმეტეს, ქვეყანას ვინ შეგინახავს, თუ თვითონ არ გავანძრიეთ ხელი...

ფერეიდნელებზე ვწერდი, - ქართულს ეგენი გადაგვირჩენენ-მეთქი. კარგად იციან ენის შენახვა და გადარჩენა და იმიტომ! როგორ მინდოდა, ჩავსულიყავი, მენახა მაგათი საქართველო, მიწაში ღრმად ჩარგული ვაზი... მაგათი თვალები დამეკოცნა! მაგრამ როგორ წავალ... შარშან რომ მეუღლეს ოპერაცია გავუკეთე, იმისი ვალი დღემდე კისერზე მაწევს. მინდა წართმეული საქართველო ჩავიხუტო.

მინდა ჩამოვიარო და გულში ჩავიკრა ჩემი ფეხშიშველი და დავიწყებული გლეხებიც, თითო-ოროლად რო შერჩენიან ქართულ სოფლებს ჩვენსავ მიწაზე... "ქვეყანა" რისგან შედგება? ქვე - ყანა - არა? მაჩვენეთ ერთი, სად არის ყანა ჩვენი დამუშავებული... ზეყანა კი ის არის, სადაც უფალი სუფევს, იქიდან დაგვყურებს ცოდვილთ...