"სალომე ზურაბიშვილი, ფაქტობრივად, კავკასიის უსაფრთხოების ფორმატში, რუსეთის მონაწილეობას დაეთანხმა" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილი, ფაქტობრივად, კავკასიის უსაფრთხოების ფორმატში, რუსეთის მონაწილეობას დაეთანხმა"

პრეზიდენტის განცხადება იყო ჰაერში გასროლილი სიტყვები, როცა მხარი დაუჭირა კავკასიაში შესუსტებული რუსეთის პოზიციების გამყარებას, - ასე შეაფასა ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "ელჩების 2020 წლის კონფერენციაზე" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის შექმნის ინიციატივას ეხებოდა.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ზურაბიშვილი, ფაქტობრივად, კავკასიის უსაფრთხოების ფორმატში, რუსეთის მონაწილეობას დაეთანხმა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს მორალური უფლება, რუსეთი ჩახსნას კავკასიიდან.

"დღევანდელი პრეზიდენტი უკვე აღარაა ქვეყნის პირველი პირი, ის უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ქვეყანაში უკვე საპარლამენტო მმართველობაა და პრემიერ-მინისტრს უფრო მეტი უფლებამოსილებები აქვს. ეს უფრო სიმბოლური ხასიათის ინსტიტუტია, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მეტად უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს და მკაფიოდ ამბობდეს თავის პოზიციებს. მე ვაკვირდები მის რიტორიკას რაც ეხება უსაფრთხოებასა და კონფლიქტის მოგვარებას. მას მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია, რომ ის არის ინიციატორი კავკასიაში შეიკრას რაღაც გარკვეული უსაფრთხოების პლატფორმა. ეს მან პირველად გააჟღერა და პრაქტიკულად, ერდოღანის ნათქვამი გაიმეორა. გასაგებია, რომ ერდოღანსა და თურქეთს თავისი ინტრესები გააჩნია, ჩვენ ყურადღებით უნდა ვუყურებდეთ რას ამბობს თურქეთი, მაგრამ ერდოღანმაც კი პრაქტიკულად შეუძლებელი ფორმულა გააჟღერა, ცოტა ხნის უკან ბაქოში, სადაც რუსეთიც მოიწვია. მან უფრო რევერანსი გააკეთა რუსეთის მიმართულებით. ერდოღანს ეს განცხადება პირველად არ გაუკეთებია. 2008 წელსაც თქვა მსგავსი რამ, როცა კავკასიას მშვიდობის პლატფორმა შესთავაზა. მაშინაც რუსეთი მოიწვია და საქართველო წინააღმდეგი იყო. მაშინ საქართველოს პოზიციამაც და თურქეთის პოზიციამაც მკაფიოდ გაიჟღერა. ახლა კი სალომე ზურაბიშვილმა ცოტა გაურკვეველი პოზიცია გააჟღერა, რომ თითქოს ერდოღანის პოზიციას ეთანხმება. არადა ეს მკვდარი ინიციატივაა თურქეთიდან. შეუძლებელია, სომხეთი ასეთ ფორმატში თურქეთთან ერთად არ იმუშავებს! და სადაც სომხეთი არ იქნება, იქ რუსეთიც არ იქნება, ამიტომ საქართველოს თავის გამოდება იმ მკვდარ ფორმატში, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, ისედაც არ იმუშავებდა, უადგილოა. თან მკვდარ ფორმატშიც კი რუსეთი დაუშვა შემოვიდეს კავკასიაში, როცა რეალურად გადის, და თან იმის ნაცვლად, რომ გასვლას ხელი შევუწყოთ, ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, კავკასიის უსაფრთხოების ფორმატში, რუსეთის მონაწილეობას დაეთანხმა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან წინდაუხედავი ნაბიჯი.

"მას ეს განცხადებები ადრე არ გაუკეთებია, ის უფრო ჟენევის ფორმატზე აკეთებდა ხოლმე წყალწყალა განცხადებებს, რომ საჭიროა ჟენევის ფორმატის შეცვლა, მაგრამ არაფერი არ შემოუთვაზებია გარდა ჰაერში გასროლილი სიტყვებისა. ახლაც ჰაერში გასროლილი სიტყვები იყო, როცა მხარი დაუჭირა შესუსტებული რუსეთის პოზიციების გამყარებას კავკასიაში. სწორედ ამიტომ ყოფილი ელჩების რეაქცია ამერიკიდან იყო აბსოლუტურად სამართლიანი და ზუსტი. მეც მიმაჩნია, რომ იყო წინდაუხედავი და უადგილო ადგილზე გაკეთებული განცხადებაა. მკვდარ ფორმატს დაუჭირა მხარი, რომელიც ისედაც ვერ იმუშავებდა. საქართველოს აქვს კარგი რესურსები ელაპარაკოს ცალკე თურქეთს და ცალკე ბაქოს. შესთავაზოს შუამავლის როლი სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. საქართველოს აქვს ამაზე მორალური უფლება, რუსეთი ჩახსნას კავკასიიდან. თუ ვინმეს შეუძლია რუსეთზე ილაპარაკოს ცალსახად და პირდაპირ, ეს არის საქართველო. ძალიან უცნაურია საქართველოს პრეზიდენტი ენის მოჩლექით რომ ლაპარაკობს და ბუნდოვნად, რუსეთი იქნება თუ არ იქნება კავკასიაში უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ეს უნდა იყოს მკაფიოდ ნათქვამი, რომ რუსეთი ვერ იქნება კავკასიაში და უნდა გავიდეს კავკასიიდან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ის იმედოვნებს, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი. პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ გამოვიდა.

"ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი", -აღნიშნულია განცხადებაში.