"იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის მიერ ატეხილ სკანდალს არ გასცდება" - კვირის პალიტრა

"იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის მიერ ატეხილ სკანდალს არ გასცდება"

ეს არის კიდევ ერთი აურზაური სალომეს გამო,-ასე შეაფასა პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ "კავკასიური პლატფორმის" ინიციატივის მხარდაჭერა.

როგორც შარაშენიძემ "პალიტრატრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" აღნიშნა, როდესაც პრეზიდენტი უცნაურ განცხადებებს აკეთებს, საქართველოში აურზაურია ხოლმე. თუმცა, თორნიკე შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ არავითარი მსგავსი ფორმატი არ შედგება.

"ეს არის კიდევ ერთი აურზაური სალომეს გამო. შექსპირის კომედიის არ იყოს, "აურზაური არაფრის გამო". ბოლო 2 წელიწადია საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გამო, აურზაური დაგვიგროვდა, როდესაც ის უცნაურ განცხადებებს აკეთებს ხოლმე. დარწმუნებული ვარ, არავითარი მსგავსი ფორმატი არ შედგება, თუნდაც იმიტომ, რომ სომხეთი და თურქეთი ერთ ფორმატში არ დასხდებიან. საქართველოს მთავრობას ამის სურვილი რომც ჰქონდეს, ის რუსეთთან ერთად ერთ ფორმატში ვერ დაჯდება. ეს პირდაპირ განაცხადა კიდეც დავით ზალკალიანმა, რომ სანამ რუსეთი თავის საერთაშორისო ვალდებულებს არ შეასრულებს, საქართველო არ აპირებს, რომ რაიმე მსგავს ფორმატში შევიდეს. იდეის დონეზე ეს მაინც რჩება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მან ახსენა. პირველი შემთხვევა 2008 წელს, ომიდან სულ რაღაც 2 კვირაში იყო, როცა თურქეთიდან წამოვიდა მსგავსი ინიციატივა, რომ "კავკასიური მშვიდობის პლატფორმა" შექმნილიყო",- განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე შეფასებით, "საქართველოს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ კავკასიის რეგიონი დაივიწყოს".

"სამწუხაროდ, ზოგიერ ადამიანს რომ ვუსმენ, ისე საუბრობენ, თითქოს საქართველო აშშ-ის 51-ე შტატი იყოს, თითქოს ამ რეგიონში არ ვცხოვრობდეთ. ბუნებრივია, კავკასიაში ჩაკეტვა ჩვენთვის კარგის მომტანი არ იქნება. ჩვენ არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა ვართ",-განაცხადა შარაშენიძემ. ექსპერტის შეფასებით, შავი ზღვის რეგიონში დასავლეთისთვის საკმაოდ რთული სიტუაციაა და თუ ამ სიტუაციაში საქართველომ საკუთარი როლი და ნიშა იპოვა, ეს კარგი იქნება. "ჩემი აზრით, ამ ფორმატის ინიციატივამ შეიძლება კარგი სამსახური გაგვიწიოს და უფრო გამოაფხიზლოს აშშ ან მთლიანად დასავლეთი. ნუ დავპანიკდებით ამ პლატფორმის გამო, რადგან მსგავსი ინიციატივა ერთხელ უკვე იყო და იქედან არაფერი გამოვიდა. ვერც გამოვა, რადგან ეს სამწუხაროდ ისეთი რეგიონია, სადაც ყოველი მეორე მეზობელი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანს", - განაცხადა შარაშენიძემ.

შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდში კიდევ უფრო გაქტიურდება, ხოლო "კავკასიური პლატფორმის" ფორმატს მომავალი არ აქვს.

"იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის მიერ ატეხილ სკანდალს არ გასცდება. ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდებდი, ასე სერიოზულად ნუ აღიქვამენ პრეზიდენტის გამონათქვამებს. ასე მძიმედ რეაგირება საჭირო არ არის, რადგან არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მის რიტორიკას არ იზიარებდა მინისტრთა კაბინეტი. მგონი, ქალბატონი სალომეს განცხადება ერთ-ორ დღეში დაგვავიწყდება. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავივიწყოთ, რა ხდება რეგიონში", - განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 21 დეკემბერს, "ელჩების კონფერენცია 2020"-ისადმი ონლაინ მიმართვაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "საქართველო ვერ იქნება პასიური კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ". პრეზიდენტის ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არაერთხელ გამოვიდა.

"ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არაერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი", -აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

www.palitravideo.ge იხილეთ ვიდეო: