"ნათელაშვილი და სააკაშვილი უშუალოდ კადიროვის ხელით იმართებიან, რომელიც დღეს კრემლის მთავარი ემისარია კავკასიაში" - კვირის პალიტრა

"ნათელაშვილი და სააკაშვილი უშუალოდ კადიროვის ხელით იმართებიან, რომელიც დღეს კრემლის მთავარი ემისარია კავკასიაში"

"სხვადასხვა პარტიაში არიან პატივსაცემი ადამიანები, თვით "ნაცმოძრაობაშიც" კი, ამიტომაც იმედს დავიტოვებ, წითელი პროკურორების მოწოდებებს არ აჰყვებიან, რომ საქართველოში კიდევ ერთი პუტჩი განხორციელდეს"

ოპოზიცია სახალხო პარლამენტზე ალაპარაკდა. "მიმდინარეობს კონსულტაციები სახალხო პარლამენტის შექმნასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი გუგავამ რამდენიმე დღის წინ. მწერალი ირაკლი კაკაბაძე ამ ტალღას ზვიად გამსახურდიას პერიოდის საქართველოში შექმნილ სიტუაციას ამსგავსებს."მაშინ ზუსტად ასეთი სცენარით წარიმართა მოვლენები - ეროვნულმა კონგრესმა გადაწყვიტა, პარალელური არჩევნები ჩაეტარებინა. 1990 წლის შემოდგომაზე საქართველოში ორი არჩევნები გაიმართა - ოფიციალური და არაოფიციალური, უზენაესი საბჭოს და ეროვნული კონგრესის. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე და შემდეგ გაყოფილმა ძალებმა განსხვავებული გზებით არჩიეს სიარული. ნაწილმა უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვება დაისახა მიზნად, მეორემ კი - ოფიციალური არჩევნების ბოიკოტი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მაკოორდინირებელი წარმომადგენლობითი არაოფიციალური ორგანოს - ეროვნული კონგრესის არჩევა (ეროვნული კონგრესის არჩევნები 1990 წლის 30 სექტემბერს გაიმართა).

ირაკლი კაკაბაძე "კვირის პალიტრასთან" ისტორიულ პარალელებს ავლებს და გვთავაზობს თავის ვერსიას, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

- ბატონო ირაკლი, ხედავთ თუ არა მსგავსებას მაშინდელსა და ახლანდელ ვითარებას შორის და რა მსგავსებაა ეს?

- ამ ეტაპზე, იმედია, არ იქნება ამ პარალელის სერიოზულად განსჯის აუცილებლობა, რადგანაც ბევრი ოპოზიციური პარტია, მათ შორის "ლელო" და სხვები, გადაჭრით უარს ამბობენ პარალელური სახელისუფლებო სტრუქტურების შექმნაზე. ალეკო ელისაშვილი ძალიან კონსტრუქციულად არის განწყობილი, ასევე "გირჩიც". ბატონი შალვა ნათელაშვილი - ყოფილი წითელი პროკურორი რას იტყვის, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეს ის კაცია, რომელიც შევარდნაძის გვერდით იდგა 1990-იანი წლების დასაწყისში და მას მოსკოვიდან მაშინაც იმავე ტიპის დავალებები ჰქონდა. სხვადასხვა პარტიაში არიან პატივსაცემი ადამიანები, თვით "ნაცმოძრაობაშიც" კი, ამიტომაც იმედს დავიტოვებ, წითელი პროკურორების მოწოდებებს არ აჰყვებიან, რომ საქართველოში კიდევ ერთი პუტჩი განხორციელდეს.

იმედი მაქვს, ოპოზიციის დიდი ნაწილი სააკაშვილისა და ნათელაშვილის მსგავსი რუსული დაზვერვის რეზიდენტების მოწოდებებს სისულელედ გამოაცხადებს და ქვეყანას უბედურების პირას არ მიიყვანს.

დღეს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელ უმრავლესობას ესმის, რომ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა უბედურების მომტანი იქნება და სახელმწიფოს დანგრევას გამოიწვევს.

- რა შეცდომები დავუშვით მაშინ?

- 1990 წლის აპრილში "ეროვნული ფორუმი" ხელოვნურად დაიშალა კრემლის აგენტებისა და ამბიციური პოლიტიკანების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს შორის ყველა კა-გე-ბეს აგენტი ან თანამშრომელი არ იყო - ზოგს გულწრფელად სჯეროდა, რომ ე.წ. ეროვნული კონგრესი მართლაც შეძლებდა, გამოეხატა ქართველი ერის უმრავლესობის ინტერესები. მაშინ ჩვენ, "საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი", "ეროვნული ფორუმის" იმ შვიდ პარტიას შორის ვიყავით, რომლებმაც 1990 წლის მარტში მოამზადეს ეროვნული ყრილობა. მერე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლების ნაწილი აშშ-ში გავემგზავრეთ და სწორედ ამ დროს მოხდა ის საბედისწერო მოვლენები, რომლებმაც გამოიწვია ფორუმის დაშლა. გამსახურდიამ მალევე ჩამოაყალიბა "მრგვალი მაგიდა", რომელიც ღია ტიპის კოალიცია გახლდათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და უკვე პირდაპირ აცხადებდა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 1990 წლის ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნებში. გაჩნდა შანსი, რომ ეროვნულ ძალებს არჩევნების გზით გაემარჯვათ, რაც გამართლდა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, "ეროვნული ფორუმის" მეორე ნაწილმა, სადაც არაერთი ჩვენი თანამებრძოლი იყო, უარი თქვა ამ არჩევნებში მონაწილეობაზე და მას ბოიკოტი გამოუცხადა. ამის სანაცვლოდ მათ ჩაიფიქრეს ე.წ. ეროვნული კონგრესის არჩევნები, რომელშიც, მათი აზრით, მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მიეღო მონაწილეობა. ჩვენთვის მაშინვე აშკარა გახდა, რომ ეს იდეა ცუდის მეტს არაფერს მოიტანდა. 1990 წლის ივნისის დასაწყისში გამოვაქვეყნე წერილი მაშინდელ პერიოდიკაში, სადაც დაბეჯითებით ვამბობდი, რომ არ შეიძლებოდა ორი პარალელური პარლამენტის არჩევა, რადგან ეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანდა.

ჩვენ 1990 წლის ზაფხულში ბატონ აკაკი ბაქრაძესთან, ბატონ ზურაბ ჟვანიასა და ბატონ ნოდარ ნათაძესთან ერთად ვცადეთ "ეროვნული ფორუმის" ორი დაპირისპირებული მხარის მორიგება მხოლოდ ერთ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ეს ვერ მოხერხდა, რაც უპირველესად სწორედ ე.წ. ეროვნული კონგრესის შეურიგებელი ნაწილის დამსახურება იყო. იმ ბანაკშიც იყო ბევრი გულწრფელი ადამიანი, რომელსაც არ უნდოდა ძალადობა და მიაჩნდა, რომ პარალელური არჩევნები ცუდს არაფერს მოიტანდა. ეს გულწრფელი ადამიანები გულწრფელად შეცდნენ. იყვნენ კრემლის რეზიდენტებიც, რომლებიც მოქმედებდნენ დავალებით, არეულობა შეეტანათ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ზოგიერთმა მერე აშკარად დაიწყო კრემლის უშიშროებასთან თანამშრომლობა და ახლა ყველამ იცის, ისინი ვინც არიან. სწორედ ასეთი ადამიანების ხელშეწყობით ჩატარდა 1990 წლის შემოდგომაზე პარალელური არჩევნები - თავიდან ე.წ. კონგრესისა, რომელზეც მოსახლეობის მცირე ნაწილი მივიდა და ამ ორგანოს ძალიან შეზღუდული ლეგიტიმურობა მიანიჭა, მერე კი ჩატარდა უკვე საყოველთაო და საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი არჩევნები, რომელშიც "მრგვალმა მაგიდამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა. სამოქალაქო დაპირისპირებას და პუტჩს სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი.

- შეიძლებოდა იმის თავიდან აცილება? - რა თქმა უნდა! ე.წ. კონგრესის არჩევნები რომ არ ჩატარებულიყო და მერე, 1990-91 წლებში, ამ არალეგიტიმური სათათბირო ორგანოს მიერ ექსტრემისტული აქციები არ დაწყებულიყო, პუტჩი ასე ადვილად ვერ მოხდებოდა. საქმე ის იყო, რომ ე.წ. კონგრესმა შექმნა ილუზია, თითქოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ორი ფრთა იყო, ამან კი ხელი შეუშალა დიალოგის წარმართვას გამსახურდიას ლეგიტიმურ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რადგან ეს რადიკალური ფრთა ყველანაირ დიალოგს ხელს უშლიდა და თანაც პოსრაბინეკის ჯგუფის დახმარებით დეზინფორმაციას ავრცელებდა აშშ-ის კონგრესშიც და ევროპაშიც. ძმები გუდავები ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას. მათ კურირებდა საბჭოთა КГБ, მათ შორის, ამერიკაში КГБ-ს რეზიდენტი, გენერალი თემურ ალასანიაც, მიხეილ სააკაშვილი კი ამ "ოპოზიციის" ნაწერების გავრცელებას კიევიდან ეხმარებოდა. ამიტომაც დაიჩემა მან 1992 წლის იანვარში პოლონური გაზეთის, WPROST-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომ ხუნტის წარმომადგენელი იყო უკრაინაში.

- რა ხდება დღეს, რამ გაგახსენათ ეს ამბები? - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გადმოსახედიდან კარგად მახსოვს, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ხელს უწყობდნენ სააკაშვილის მაგვარი КГБ-ს ლეიტენანტები და ნათელაშვილის მაგვარი წითელი პროკურორები. ახლაც ისინი უდგანან სათავეში "ბოიკოტს" და "ეროვნულ კონვენტს". ზუსტად იგივე ხელწერაა არეულობისა და სისხლის ღვრის დასაწყებად.

- ამ ყველაფერში (მაშინაც და ახლაც) ხედავთ თუ არა გარეშე ძალის კვალს? - რა თქმა უნდა. ნათელაშვილი და სააკაშვილი უშუალოდ კადიროვის ხელით იმართებიან. მათ ფულს აქ და უკრაინაში უხდიან კადიროვის მეგობარი "ისლამური სახელმწიფოს" დამფინანსებლები. ამ დამფინანსებლებს მოქრთამული ჰყავთ უშიშროების სამსახურის ბევრი წარმომადგენელიც, რომლებიც მათ მფარველობენ. დღეს კადიროვია კრემლის მთავარი ემისარი კავკასიაში და ეს კარგად გამოჩნდა ყარაბაღში სისხლიანი მოვლენების დროს, რომელშიც რუსეთის ტერიტორიიდან გადაყვანილი "ისლამური სახელმწიფოს" სირიელი მებრძოლები განსაკუთრებული დაუნდობლობით გამოირჩეოდნენ. ეს "ბოევიკები" მზად არიან, საქართველოში მყისიერად შემოვიდნენ, როგორც კი სიტუაცია აირევა.

- არის ქვეყანა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე? - როგორც მოგახსენეთ, ქვეყანაში მოქმედებს კადიროვისა და მისი მეგობარი შეიხების მიერ ორგანიზებული იარაღის გადაზიდვის გზები; მათი ინიციატივით კავკასიაში შემოყვანილია 5000-ზე მეტი "ისლამური სახელმწიფოს" დაქირავებული მებრძოლი. მათ თვეში 1000 ამერიკულ დოლარზე მეტს უხდიან. ეს სამოქალაქო ომი კი არა, საგარეო აგრესიაა, რომელსაც შეიძლება სააკაშვილის ან ნათელაშვილის მაგვარი ფიგურები ჩაუდგნენ სათავეში, რადგან ისინი საბჭოთა იმპერიის ნარჩენები არიან ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და მათთვის ძალიანაც სასურველია საგარეო აგრესია. აი, ამ აგრესიის წინააღმდეგ უნდა იმუშაონ უპირველესად ქვეყნის ძალოვანებმა, დაზვერვამ და ოპოზიციის ჯანსაღმა ნაწილმა, რომელშიც ბევრი პატივსაცემი ადამიანია და მათ არანაირი კავშირი არ აქვთ უცხო ქვეყნის რეზიდენტურასთან.

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? - თუ ყველაფერი ცუდი სცენარით წარიმართა, შეიძლება 1992 წელზე გაცილებით დიდი სისხლის ღვრა მივიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ რეგიონში შემოსულია 5000-ზე მეტი კბილებამდე შეიარაღებული "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი, რომელთაც კადიროვი ხელმძღვანელობს. ამას თან ერთვის ის დანაშაულებრივი წრე, რომელსაც დავით კეზერაშვილი და გიორგი უდესიანი უწევენ კოორდინირებას... ძალოვანმა სტრუქტურებმა დროულად უნდა მოახდინონ ამაზე რეაგირება. საგარეო აგრესიის საფრთხე სერიოზულია. იმედია, მათ ჯერ არ შეუღწევიათ უშიშროების სამსახურში და დღევანდელ ხელისუფლებაში თავიანთი ხალხი არ ჰყავთ. გიორგი გახარიამ ამ საფრთხეს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. ქართველი საზოგადოება ძალიან ფხიზლად უნდა იყოს, რომ არ დაუშვას საგარეო აგრესია და სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა საზოგადოებაში დაპირისპირების საშიშროებას ნაკლებად ვხედავ, ეს მუხტი ხელოვნურად იქმნება. იმედია, სახელმწიფო უფრო მტკიცედ იმოქმედებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ და არ მოერიდება ზოგიერთ ე.წ. ინვესტორს, რომლებიც იარაღის გადაზიდვაში არიან ჩართული.

- რას გვისურვებთ 2020-ისა და 2021-ის გზაგასაყარზე? - უპირველესად გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, პანდემიის დამარცხებას. იმედია, არც ერთი პესიმისტური მოსაზრება არ გამართლდება და ჩვენი მომავალიც აწმყოზე უკეთესი იქნება. როგორც დიდი ილია ამბობს: "აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია". ამინ.