"შექმნილ ვითარებაზე ერთის თქმა შეიძლება..." - პანდემიურ-პოლიტიკური კრიზისი ანუ მძიმე 2020 - კვირის პალიტრა

"შექმნილ ვითარებაზე ერთის თქმა შეიძლება..." - პანდემიურ-პოლიტიკური კრიზისი ანუ მძიმე 2020

მთელ მსოფლიოსთან ერთად, ურთულესი წელიწადი უკან მოიტოვა საქართველომაც. კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლის წელმა, დიდ განსაცდელთან ერთად, თავდადებისა და წარმატების ახალი მაგალითებიც წარმოშვა, გაჩნდნენ ახალი გმირები. ისინი დიდწილად ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი მედიცინის მუშაკები და მეცნიერები არიან. როგორც ამბობენ, ახალი რეალობა აუცილებლად წარმოშობს ახალ მსოფლიო წესრიგს, თუმცა როგორს, ჯერ ამის თქმა რთულია. ეს წელიწადი პოლიტიკურადაც რთული გამოდგა. გადავხედოთ პროცესებს ჩვენი რუბრიკის პრიზმაში:

"ეს განსაცდელი შეიძლება ადამიანისთვის იქცეს შანსად, თავადაც შეიცვალოს და მსოფლიოც შეცვალოს"

დათო მაღრაძე: - ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში უცებ ასე უსუსურად წარმოჩნდებოდა მსოფლიო პანდემიის წინაშე. შექმნილ ვითარებაზე ერთის თქმა შეიძლება - ძველი წესრიგი იცვლება, მაგრამ არავინ იცის, როგორ იქნება ახალი მსოფლიო. ვხედავთ იმასაც, რაც გუშინ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემად მიგვაჩნდა, დღეს მეასეხარისხოვნად იქცა. პრობლემურ ყოველდღიურობაში ჩაფლულ ადამიანს ჰორიზონტი ეკარგება, სივრცეს ვეღარ აღიქვამს, მისი თვალსაწიერი ვიწროვდება, ამგვარი განსაცდელი კი ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანი მიისწრაფვის ამპარტავნებისა და ყოვლისშემძლეობისკენ და როცა ამპარტავნება მოიცავს სამყაროს და გაუსაძლისი ხდება ამის ატანა, განგება მოუვლენს ხოლმე ადამიანს განსაცდელს, რათა მისი უმწეო მდგომარეობა დაანახოს, რომ ამ ამპარტავნებაში არ დაკარგოს ის სახე, ზნეობა, რომლითაც ღმერთმა შექმნა. როგორც წესი, განსაცდელით გამოწვეული უმწეობა თავმდაბლობას ახსენებს ადამიანს, ახსენებს გულისხმიერებას, გაჭირვებულ მოძმეს... ამიტომ, მიუხედავად იმ ტკივილისა, იმ მსხვერპლისა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ, ვფიქრობ, ეს ვითარება შეიძლება ადამიანისთვის იქცეს შანსად თავადაც შეიცვალოს და მსოფლიოც შეცვალოს. ვფიქრობ, განსაცდელი გულისხმიერების მობლაგვებულ რეცეპტორებს გაგვიმძაფრებს, გვაპოვნინებს ერთმანეთისკენ სავალ გზას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ გზაზე ერთხელ გავივლით და დასრულდება - ჩვენ უკვე გადავრჩებით. არა, ყოველდღე ახლიდან იბადება ადამიანი და საკუთარ თავში ახლიდან უნდა ეძიოს ის საგულისხმო, მნიშვნელოვანი თვისებები, რომელთაც ყოველდღიური რუტინა გვავიწყებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ და ვიცოდეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ კეთილი ბოროტზე ვერ გაიმარჯვებს. ეს მარადიული ბრძოლაა და ჩვენ რომელ მხარეს დავიკავებთ, გულისხმიერების თუ გულგრილობის, ეს უკვე ინდივიდუალური არჩევანია. ჩემი აზრით, ეს გლობალური კრიზისი სამყაროში გამოწვეულია ჩვენი ეპოქის მახასიათებელი ნიშნით, რომელიც ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ჩვენმა ეპოქამ ცუდისა და კარგის გარჩევის გამოცდილებაზე თქვა უარი, რასაც ღირებულებათა ზნეობრივი სისტემის აღრევა მოჰყვა.

"ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო 8 მარტის შეთანხმება"

სანდრო თვალჭრელიძე: - ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო 8 მარტის შეთანხმება, რომელმაც შეცვალა საარჩევნო სისტემა და პატარა პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსი გაუჩინა. მაგრამ ოპოზიცია აქაც სრულიად არათანამიმდევრული აღმოჩნდა - ნაცვლად იმისა, ამდენი ხნის ბრძოლით მოპოვებული ცვლილებები საკუთარ გამარჯვებად ექციათ, პარლამენტში მხარი არ დაუჭირეს, რითაც ბურთი და მოედანი ისევ "ქართულ ოცნებას" დაუთმეს. უბედურება ის არის, ოპოზიციას მუდამ აქვს განწყობა, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერი ცუდიაო, ხელისუფლებაში კი ფიქრობენ, რასაც ოპოზიცია ამბობს და აკეთებს, მიუღებელიაო. ამგვარი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოებისთვის საზიანოა და განხეთქილების წარმოშობას უწყობს ხელს. საქმიან დისკუსიასთან კი არა გვაქვს საქმე, არამედ წვრილმან კინკლაობასთან. ქვეყანაში ძალიან ბევრი სერიოზული, გადაუჭრელი პრობლემა დაგროვდა და მოსახლეობის ინტერესის საგანი სწორედ მათი მოგვარებაა. ოპოზიციონერების წამოჭრილ ზოგიერთ საკითხს საზოგადოება უკვე ცინიკურად აღიქვამს. მაგალითად, თურმე 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება. პოლიტიკურ პატიმარს ეძახიან გიორგი რურუას. სწორედ ამის გამო არ დაუჭირეს მხარი უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს! როგორი პოლიტიკური პატიმარია ეგ ბატონი, თორაძეების ოჯახის გადარჩენილ წევრებს ჰკითხეთ. არა მხოლოდ ეს ოჯახი ეძებს დიდი ხანია სამართალს - გიორგი რურუას სხვა "საგმირო" საქმეც ბევრი ახსოვთ, მაგრამ ახლა პოლიტპატიმრად შერაცხეს, რადგან ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხის მფლობელია. არსებობს სამართალი, სამართლიანობა და ძალიან ბევრი ქართველისთვის, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა ის უმძიმესი წლები, ამ ადამიანის პოლიტპატიმრად შერაცხვა უსამართლობა და ცინიზმია! აი, ასე აქვს არეული ღირებულებები ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.

"ანაკლია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-არზრუმის პროექტების ტოლფასი პროექტია!"

თენგიზ ფხალაძე: - ანაკლიის კონსორციუმთან" ხელშეკრულების გაწყვეტა უპირველესად ცუდია ქვეყნისთვის და არა კონსორციუმისთვის, ხაზარაძის ან კიდევ ვინმესთვის. ეს უკიდურესად აზიანებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს და გარემოს. ანაკლია არ არის ჩვეულებრივი პროექტი და მისი რეალიზება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. თუ შევხედავთ შავი ზღვის აკვატორიას, დასავლეთ ნაწილში განთავსებულ დიდ პორტებს აღმოსავლეთ ნაწილში სრულფასოვანი პარტნიორი არა ჰყავს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ანაკლია. ამ პროექტის რეალიზების შემთხვევაში გაიზრდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური კავშირის ინტენსივობა, ასევე ტვირთების ოდენობა. ის, როგორც ეკონომიკური ჰაბი, საქართველოს სხვანაირად წარმოაჩენს. მისი რეალიზების შემთხვევაში ჩვენ გავხდებოდით უმნიშვნელოვანესი ადგილი აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორში. თავისთავად ცხადია, აქ იქნებოდა ბევრი ქვეყნის ინტერესი და ამ დროს, რა თქმა უნდა, იზრდება უსაფრთხოებაც. ანაკლია, შეიძლება ითქვას, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-არზრუმის პროექტების ტოლფასი პროექტია! ვთქვათ, დავუჯერეთ ხელისუფლებას და ყველაფერში დამნაშავე კონსორციუმი იყო, მაგრამ როცა საქმე ეროვნულ ინტერესს ეხება და ცხადი ხდება, რომ ვინმე რამეს სრულფასოვნად ვერ აკეთებს, სახელმწიფო იმთავითვე რატომ არ უნდა ქმნიდეს მექანიზმებს რისკების დასაზღვევად?! მას უნდა ჰქონოდა ალტერნატიული სცენარები, რომლებიც პრობლემების გაჩენისთანავე ამოქმედდებოდა.

რა გახდა საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკის მიზეზი

ხათუნა ლაგაზიძე: - მიზეზები, თუ რატომ გახდა "ქართული ოცნება" დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ობიექტი 2020 წლის დამდეგს, კომპლექსურია. ერთია ხელისუფლების რიტორიკა და მეორე ის ქმედებები, რასაც ამერიკელები ბოლო წლებში აკვირდებოდნენ. რას საყვედურობდა ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას? პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმას; დასავლური ინვესტიციებისთვის გარანტიების მიცემაზე უარს, რომელთაგან ძალზე მნიშვნელოვანი იყო ანაკლიის პორტის საკითხი; ეს იყო უკმაყოფილების მთავარი მიზეზები. კონგრესმენები პირდაპირ ამბობდნენ, ანაკლიის პორტის აშენება, საქართველოსთან ერთად, იყო ამერიკის ინტერესიც, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერაო. რესპუბლიკელი კონგრესმენის პიტ ოლსონის მოკლე წერილი, ვფიქრობ, განსაკუთრებულად მწვავე იყო. მან "ტვიტერზე" დაწერა, საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებსო. ამერიკელი კონგრესმენების განწყობასთან უნისონში იყო ევროპარლამენტარების განცხადებებიც. 27 წელია ვაანალიზებ პოლიტიკურ პროცესებს და შემიძლია ვთქვა, რომ ბუში-უფროსის განცხადების შემდგომ, როცა მან გამსახურდიაზე თქვა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო, ასეთი მწვავე შეფასებები ამერიკელებისგან არ მომისმენია.

"მთავრობამ აღარ, უფრო სწორად, ვეღარ შეძლო ეპიდემიოლოგების მოსმენა"

რამაზ საყვარელიძე: - ხელისუფლება გაზაფხულზე ეფექტიანად გაუმკლავდა პანდემიას. ფაქტობრივად, პირველი ტალღა არც გვქონია და ზედმეტად თავისუფლად ცხოვრების საშუალება მოგვეცა ზაფხულში, რამაც სექტემბრიდან უკვე მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება. ვფიქრობ, სექტემბრიდან შეიძლებოდა წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება, მაგალითად, აჭარის ჩაკეტვა, როცა იქ ეპიდემიოლოგიური ვითარება გამწვავდა. ასევე შეგვეძლო იმ მწვანე ზონების ჩაკეტვა, სადაც არ იყო კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ჩემი აზრით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების ერთი მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ მთავრობამ აღარ, უფრო სწორად, ვეღარ შეძლო ეპიდემიოლოგების მოსმენა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება. ამას უპირველესად პოლიტიკური მიზეზი აქვს - არჩევნები, რომლის გადატანა არ შეეძლო. ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა მოჰყვებოდა?! არადა, წინასაარჩევნოდ ხალხმრავალმა შეხვედრებმა, გაზრდილმა მობილობამ - ოპოზიციურ პარტიებს ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეში დაჰყავდათ ამომრჩევლები - და შემდგომ პოსტსაარჩევნო აქციებმა მოიტანა ეს შედეგი.

"დღეს საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის"

გია ხუხაშვილი: - საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ დარღვევები და გაყალბება არ ყოფილა. არა, იყო და ამას მაინცდამაინც ხელისუფლებაც არ უარყოფს, მაგრამ ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, იყო თუ არა ეს იმგვარი მასშტაბის, რაც შედეგს არსებითად შეცვლიდა. ამიტომაც მიმაჩნდა და ახლაც იმავეს ვფიქრობ, რომ მისი შესვლა პარლამენტში და შემდგომ ამ დარღვევების მასშტაბის საგამოძიებო კომისიასთან ერთად შესწავლა და დადგენა იქნებოდა ყველაზე სწორი გზა. მეტიც, სახელმწიფოებრივად სწორი, რაც აგვაცილებს რყევებს, გადაგვაგორებინებს რთულ ზამთარს. მართალია, კრიზისი არ გადაილახება, მაგრამ ცოტა ხნით დაიხურება. ოპოზიციას შეუძლია დარჩეს ბოიკოტის რეჟიმში. აუცილებელი არ არის სრულფასოვნად დაიწყოს პარლამენტში მუშაობა. მას შეუძლია იმუშაოს მხოლოდ კომისიასთან და მის დასკვნამდე არ მიიღოს მონაწილეობა სხვა საპარლამენტო პროცესებში. გამოიყენოს ეს კომისია თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, თუ დაამტკიცა, რა თქმა უნდა... ვფიქრობ, ეს არის შანსი ქვეყნისთვის, რათა ის ღრმა კრიზისში არ გადაიჩეხოს. ამას განსაკუთრებით პატარა პარტიების გასაგონად ვამბობ. არ არის აუცილებელი "ნაციონალებზე" მიწებება. მიშას სურვილები გასაგებია, ის რევოლუციური სცენარით მიდის, "პარადის" წაყვანა სურს, რასაც სხვანაირად ვერ შეძლებს. სააკაშვილის, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის მართვის ფილოსოფია დამყარებულია აბსოლუტურ ძალაუფლებაზე. ამის მოპოვება დემოკრატიულ საზოგადოებაში შეუძლებელია, ეს მხოლოდ რევოლუციას მოაქვს. ცივილიზებული გზა მულტიპარტიულობაა, ეს კი ბიძინასაც და მიშასაც მხოლოდ ფასადისთვის სჭირდებათ. ამიტომაც მიდის მიშას გზა რევოლუციისკენ. ის შეეცდება ბევრი ჩაითრიოს ამაში, გამოიყენოს ყველა, ბოლოს კი თვითონ მოაჯდება ყველაფერს. ასე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმაც - შექმნა ვითომ მულტიპარტიული სისტემა, საბოლოოდ კი მივიღეთ სრულიად უნიტარული მმართველობა, როცა ერთი კაცი იღებს გადაწყვეტილებას და რაზეც არ იღებს, იმასაც მისი თანხმობა სჭირდება. დღეს საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება გაჩნდეს. შეიძლებოდა რევოლუციური სიტუაცია ყოფილიყო კიდეც, ამ რევოლუციის ბელადობას რომ არ იჩემებდეს ძალიან კომპრომეტირებული ბრენდი - მიხეილ სააკაშვილი. სხვა ლიდერი რომ გამოჩენილიყო, შეიძლება შექმნილიყო კიდეც რევოლუციური ვითარება, რადგან ამის ინდიკატორები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე სხვა მიმართულებით, ჩანს.

"რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა"

მამუკა არეშიძე: - ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდგომ რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა - ახალი გამოწვევები და რისკები გაჩნდა. ბაქოში ერდოღანის განცხადებას "ექვსეულის პლატფორმის" შესახებ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არსებობს მოსაზრება, რომ თურქეთი, ირანი და რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენის ისეთ განაწილებას ცდილობდნენ, რაც დასავლეთის აქტიურობას მაქსიმალურად შეზღუდავს. ერდოღანმა ძალიან კარგად იცის, რასაც ამბობს. ცოტა უკან რომ დავიხიოთ, პანთურანიზმის იდეა ახალი არ არის, მაგრამ ერდოღანი ამას უკვე წარმატებით ასხამს ხორცს. სხვათა შორის, ამას დასავლეთმაც შეუწყო ხელი, რადგან თავისი ინტერესი ჰქონდა, მერე კი, როცა მასაც შეუქმნა პრობლემები, ეს მისთვის მიუღებელი გახდა. ამ სამეულის კონფიგურაციას თუ დავაკვირდებით, ფაქტობრივად, ერთმანეთის ინტერესების მტრები არიან. რაც უნდა სიტუაციური კონტაქტები და თანამშრომლობა მოახერხონ, თურქეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ კავკასიის საკითხზე ვერასდროს მოილაპარაკებენ. რუსეთს შეუძლია თურქეთის ამბიციები აიტანოს მაშინ, როცა თურქეთი ეჭიდავება დასავლეთს და მის მიმართ უკომპრომისო ხდება. აქ მოკავშირეები არიან, მაგრამ ყველა სხვა სივრცეში თურქეთი მიუღებელია კრემლისთვის, ისევე, როგორც ირანისთვის, რომელიც თვითონ მიიჩნევს თავს ისლამური სამყაროს ლიდერად. ახლა, რაც შეეხება ამ ექვსეულის პლატფორმას... ერთი შეხედვით, ეს ნიშნავს, რომ თურქეთსა და ირანს კავკასიაზე გავლენის საუკუნეების წინანდელი ტრადიციის აღდგენა უნდათ, რუსეთს კი თურქეთის მეშვეობით შავ ზღვაში დასავლეთის აქტიურობის დაბლოკვა სჭირდება. ერთი მოსაზრებით, ამ ინიციატივის რაღაც ნაწილი დასავლეთისთვისაც შეიძლება მოსაწონი იყოს - ბოლოს და ბოლოს, თურქეთი ნატოს წევრია და თუ აზერბაიჯანში გაჩნდება თურქული ბაზა, საითაც მიდის კიდეც საქმე, ეს ნატოს პირველი ბაზა იქნება სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. რაც შეეხება საქართველოს, გასაოცარია, მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს დამატებითი შანსი გაუჩნდა. საქმე ის არის, როცა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ყალიბდება, ყოველთვის ჩნდება შანსი, რომ შენი ინტერესების გათვალისწინებით პოლიტიკურად მომგებიანად ივაჭრო. სხვა საკითხია, შევძლებთ თუ არა ამას და გვეყოფა თუ არა ინტელექტუალური თუ დიპლომატიური რესურსი.