"ჯერ არა ვარ ახალ ამპლუაში, ახლა ვარ ახალი ამპლუის ბოიკოტის რეჟიმში"' - კვირის პალიტრა

"ჯერ არა ვარ ახალ ამპლუაში, ახლა ვარ ახალი ამპლუის ბოიკოტის რეჟიმში"'

ყველაზე ახალი პერსონა პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე სიტყვაძუნწი აღმოჩნდა გულახდილ საუბარში. "როგორია ჩემი წინასაახალწლო განწყობა?! მძიმე, კრიზისის გამო ძალიან მძიმე", - აი, ასეთი იყო ალეკო ელისაშვილის პასუხი.

- ალეკო, სად შეხვდებით, ახალ წელს, როგორ ემზადებით ამ დღესასწაულისთვის?

- როგორც ყოველთვის, სახლში. მეორე დღეს მშობლებს მოვინახულებ. ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელიც ოჯახთან ერთად უნდა გაატარო.

- ამბობენ, წელს განსაკუთრებული, მაგიური წელი იქნება, სურვილები უნდა ჩაუთქვათო. რა არის თქვენი მთავარი სურვილი? - რა თქმა უნდა, უკეთესი საქართველო. ეს არის ჩვენი პარტიის მთავარი სლოგანი. ისეთი საქართველო, სადაც საჭმელი სანატრელი არ უნდა ჰქონდეს არც ერთ ოჯახს. განათლებული და ჯანსაღი თაობა. როგორც დღეს აღარ გვახსოვს, როგორი იყო უშუქო და უგაზო საქართველო, ასე უნდა დაგვავიწყდეს დღევანდელი პრობლემები.

- 2021 წელს ახალ ამპლუაში ხვდებით. რა განცდაა ეს თქვენთვის? - ჯერ არა ვარ ახალ ამპლუაში. ახლა ვარ ახალი ამპლუის ბოიკოტის რეჟიმში. ისე კი უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, გამხდარიყავით პოლიტიკოსი? - ყველაფერი, რაც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, ჩემს ოჯახს ძალიან მძიმედ გადააქვს. თუმცა ყველა გამოწვევას ერთად ვიტანთ.

- ელოდით, რომ ახალდაარსებული პარტია, სადაც ცნობილი სახე მხოლოდ თქვენ იყავით, ორ სადეპუტატო მანდატს მოიპოვებდა? - იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე დავრეგისტრირდით როგორც პარტია და ორი კვირით ადრე მოგვცეს ნომერი, როცა სხვა პარტიებისგან განსხვავებით სასაცილო თანხა დავხარჯეთ, მეტ-ნაკლებად ნორმალური შედეგია.

- ხომ არ ნანობთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" მოთხოვნით ოპოზიციური ერთობის აქციებში ჩაერთეთ? - არა, პირიქით, ამ ბრძოლამ მოიტანა ის შედეგი, რომ "ოცნება" ბევრ დათმობაზე მიდის. საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური და ისტორიული მზაობაა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, მართლაც უდიდესი მიღწევა იქნება საქართველოსთვის. ამერიკის და ევროკავშირის ელჩების იმედი გვაქვს, "ოცნებას" არ ვენდობით.

- არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდით, როცა ოპოზიციურ ერთობას დაუპირისპირდით. გულშემატკივრების ნაწილი გააბრაზეთ. - რისიც გვწამს, მხოლოდ იმას ვაკეთებთ. დრო დაადასტურებს, რომ ჩვენ მართალი ვართ. პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს რთული გადაწყვეტილებების მიღება. მართალია, ბევრი კრიტიკა და ლაფის სროლა მივიღეთ, მაგრამ ძალიან მალე ყველა მიხვდება, რომ სწორ სახელმწიფოებრივ პოზიციაზე ვართ.

- მართლა ფიქრობთ, რომ თქვენი ბრძოლა ნაყოფს გამოიღებს და პარლამენტში სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების შეყვანას მოახერხებთ? - ალბათ, მოუსმინეთ ამერიკის ელჩს, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკება შედგება. თუ მოხდა შეთანხმება, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში. შეთანხმების გარეშე არ ვაპირებთ შესვლას, თუმცა, ვფიქრობ, გააანალიზებენ და მიიღებენ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მიიღებენ ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელიც დაასრულებს 30-წლიან წრეზე ტრიალს და ერთხელ და სამუდამოდ გაჩნდება ნდობა არჩევნების მიმართ.

- რას ელით მომავალი წლისგან? - სავარაუდოდ, პოლიტიკური კრიზისი გადაგვყვება, კორონაც არსად მიდის, ეკონომიკურად რთული მდგომარეობაა. რთული წელი გველოდება, თუმცა იმედი არ უნდა დავკარგოთ, ღვთის წყალობით, ჩვენი პარტნიორების დახმარებითა და თავდაუზოგავი შრომით ყველაფერს ეშველება!

ხათუნა ბახტურიძე