"მიშა ორივეს აქტიურად უჭერდა მხარს... ვიცოდი, რომ ნიკა მელია გახდებოდა თავმჯდომარე" - კვირის პალიტრა

"მიშა ორივეს აქტიურად უჭერდა მხარს... ვიცოდი, რომ ნიკა მელია გახდებოდა თავმჯდომარე"

27 დეკემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.

როგორც ცნობილია, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ნიკა მელიას აირჩევა იმაზე მეტყველებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის, საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების გარკვეული ნაწილი დათმოს მელიას სასარგებლოდ. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, ნიკა მელიას შეუძლია პარტიაში იმ ძალების კონსოლიდირებაც კი მოახერხოს, რომლებიც სააკაშვილის მიმართ გარკვეულ სკეპტიციზმს გამოხატავენ. საინტერესოა, როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა პოლიტიკური ლიდერების პოზიცია.

თაკო ჩარკვიანი, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი:

- ორივე ძალიან ძლიერი კანდიდატი იყო, თუმცა ვიცოდი, რომ ნიკა მელია გახდებოდა თავმჯდომარე. ვულოცავ ნიკას, ენერგიული, მოტივირებული ახალგაზრდაა და ახალი ენერგიით შეუდგება პარტიაში საქმის კეთებას.

- როგორ გგონიათ, რა შეიცვლება ამით "ნაციონალურ მოძრაობაში", მოუწევს თუ არა სააკაშვილს აბსოლუტური ძალაუფლების გარკვეული ნაწილის დათმობა მელიას სასარგებლოდ? - მე ასე არ ვფიქრობ. მიშა ძლიერი პოლიტიკოსია, რომელსაც ძალიან დიდ ანგარიშს უწევს თავისი პარტია. დათმობაზე ან არ დათმობაზე არ არის ლაპარაკი. უბრალოდ, ის აქ არ არის და, შესაბამისად, ის და ნიკა კოორდინირებულად იმუშავებენ.

გიორგი ბარამიძე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი: - გახარებულები ვართ, რომ წარმატებული აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, საყოველთაო ჩართულობით მომხდარიყო პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა. ყველას, მათ შორის - მხარდამჭერებსაც, შეეძლოთ, არჩევნებში მონაწილეობა პარტიის ოფიციალური "ფეისბუკის" გვერდიდან  მიეღოთ. გვყავდა ორი ღირსეული კანდიდატი - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე, რომლებიც პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ შეარჩია. განსხვავებული ბიოგრაფიისა და ტემპერამენტის ადამიანები არიან, მაგრამ ორივე კარგად გაართმევდა თავს პარტიის თავმჯდომარეობას.

- რამდენად ეთანხმებით ვერსიას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება გარკვეულწილად ნიკა მელიას გადაუნაწილოს? - ანალიტიკოსები ნაკლებად არიან ჩახედულები შიდაპარტიულ საქმიანობაში. როდესაც არჩევნებს ვატარებდით, ვიცოდით, რომ ლევანი იქნებოდა ის თუ ნიკა, მისი თავმჯდომარეობა ფორმალური ხასიათის არ იქნებოდა. ცხადია, პარტიის თავმჯდომარე წარუძღვება პარტიის საქმიანობას. მიშა ორივეს აქტიურად უჭერდა მხარს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველაზე ძლიერი პარტიაა.

- ალბათ, გინდოდათ გეთქვათ, - ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა? - არა, "ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტია საქართველოში. "ქართულ ოცნებას" პარტიად არც კი მივიჩნევ, იმიტომ, რომ ეს არის ფულის შოვნას დახარბებული ადამიანების ერთობლიობა. "ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომელსაც ქვეყანაში ახალი ტენდენციების დამკვიდრება სურს, მაგალითად, მოახდინოს მშვიდობიანი რევოლუცია, ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცეს სხვა პოლიტიკურ გუნდს და პარტიის თავმჯდომარის არჩევნებიც ახალი ტექნოლოგიებით, პროცესში ხალხის აქტიური ჩართულობით განახორციელოს. იმედია, ელექტრონული ვერსიით არჩევნების პრეცედენტს სხვა პოლიტიკური პარტიებიც გაიზიარებენ, მათ შორის - "ქართული ოცნებაც".

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)