"ბიძინა ივანიშვილი ისე მართავს ქვეყანას, როგორც რუსეთში პუტინი" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი ისე მართავს ქვეყანას, როგორც რუსეთში პუტინი"

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისევე მართავს, როგორც ვლადიმერ პუტინი რუსეთს.

როგორც ხაზარაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, ივანიშვილი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია, რის შედეგიც უმუშევრობა, არაკომპეტენტურობა და იდეის არქონაა.

მისი თქმითვე, საქართველომ ყველაფერი დაკარგა და მაჩანჩალა ქვეყნების რიგში გადავიდა.

"ჩვენი ქვეყანა არსად არ მიდის. სამწუხაროდ, მიდის იმ მიმართულებით, სადაც არ არის ევროპული ღირებულებები, არ არის თავისუფალი საქართველო, თავისუფალი მართლმსაჯულება. არ არის თავისუფალი ბიზნესი, ეს შექმნა "ქართულმა ოცნებამ". ქვეყანა წავიდა იქ, სადაც უცხოურ ინვესტორებს ექსპროპრეაციებს უკეთებენ, აჩერებენ ქვეყნისთვის სტრატეგიულ ობიექტებს და ამას ემატება ის, რომ არანაირი იდეა, პროექტი ან რეფორმა არ დევს ამის საპირწონედ, რომ ვიღაცამ თქვას - სამაგიეროდ რაღაც კეთდება. ამის მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილის რუსული მენტალობა. ის ისევე მართავს ქვეყანას, როგორც რუსეთში მართავს პუტინი. მას ისევე ჰგონია ქვეყნის მართვა, თითქოს ერთი ბიზნესია და ასე უნდა იმართოს. თუმცა არცერთი ბიზნესი ასე არ იმართება. ის რომ კლასიკურად მიდგომოდა ამ საკითხს, ჩვენი ქვეყანა გაცილებით წინ იქნებოდა. ეს არის ერთპიროვნული მმართველი, რომლის კონტროლის ქვეშ არის ყველა ინსტანცია საქართველოში. შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - უმუშევრობა, არაკომპეტენტურობა, არანაირი იდეა და მისია ამ ქვეყნის - რა მისია აქვს ამ ქვეყანას რეგიონში. ქართველისთვის მარტო ეკონომიკური მდგომარეობა საკმარისი არასდროს არ არის და არც იქნება. ქართველი ხალხისთვის ყოველთვის მეტია საჭირო, რაც მის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამს. ესაა სულიერი მდგომარეობა, კულტურა, ლიდერშიპი რეგიონში, რომ საქართველო იყოს მიზიდულობის ცენტრი, რომ ადამიანები ჩვენთან მოდიოდნენ და ჩვენ გვბაძავდნენ. ეს ყველაფერი დავკარგეთ და გადავედით მაჩანჩალა ქვეყნების რიგში", - განაცხადა ხაზარაძემ.