"მექსიკელი ყაჩაღი კალვერა ხომ გახსოვთ!" - კვირის პალიტრა

"მექსიკელი ყაჩაღი კალვერა ხომ გახსოვთ!"

"აქაც თუ მშიერი ბუნტი დაიწყო, პოლიტიკოსებს არავინ არაფერს ჰკითხავს"

"ადამიანი ღმერთს სამათხოვროდ არ გაუჩენია"

"ევროპაში, სადაც ჩავედი, ყველგან ეს გაუბედურებული ქართველები არიან მშენებლობებზე, ბაზრობებზე და მტვირთავებად - პორტებში", - მითხრა "მრეწველთა" ლიდერმა და კომპანია "ყაზბეგის" პრეზიდენტმა გოგი თოფაძემ. რამდენად ხედავს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით ("მრეწველები" არ მონაწილეობენ ე.წ. რვიანის ფორმატში) საარჩევნო გარემოს შეცვლის შანსს და როგორ აფასებს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ინიციატივებს ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში, გოგი თოფაძესთან ინტერვიუში შეიტყობთ:

- სამწუხაროდ, დღეს ბევრ ჩემს კოლეგას ჰგონია, რომ ბიომეტრიული მოწმობები მოაგვარებს სამართლიანი არჩევნების პრობლემას.  ხელისუფლება მხოლოდ თბილისში ეთანხმება ბიომეტრიული სიით (და არა მოწმობით) არჩევნების ჩატარებას, მაშინ როდესაც მთავარი დარღვევები რეგიონებში ხდება. ეჭვი მაქვს, ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებისგან აქვს დავალებული, ამ წინადადებას დაეთანხმოს, რომ ხელისუფლებას სათქმელი ჰქონდეს, ბიომეტრიული სიებით ჩავატარე არჩევნები თბილისშიო.

დავუშვათ აბსტრაქტული აზრი, რომ სამართლიანად ჩაატარეს არჩევნები, მაინც ხელისუფლება მოიგებს, რადგან ქვეყანაში 600 ათასი არაქართველი ცხოვრობს, რომელიც მას მისცემს ხმას.

სავალუტო ფონდს, რომელიც ჩვენს ეკონომიკას კლავდა, პირველად მე დავუპირისპირდი და ვთქვი, ბასილია მექრთამეა-მეთქი. მაშინ არავინ მისმენდა, ახლა კი ეძებენ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთხელ მითხრა, ბასილიაზე დიდი ქეში არავის აქვს საქართველოში, მაგან დაღუპა საქართველოო. აბა, ტყუილად კი არ ვლანძღავდი!  ხელს იმიტომაც ვერ ჰკიდებენ, რომ აშშ მფარველობს. რომ დაეჭირათ, ყველაზე კარგად მაგას მოწველიდნენ, ამის დიდოსტატები არიან, მაგრამ ვერ იჭერენ.

- მაგრამ დამოკიდებულება ბიზნესისადმი მას შემდეგაც არ შეცვლილა, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, მეწარმის დამსჯელი კი არა, პარტნიორი ვხდებიო.

- ამათ რომ ვუყურებ, ფილმ "შესანიშნავი შვიდეულის" ერთი ეპიზოდი მახსენდება:  ყაჩაღი კალვერა სოფელს დააწიოკებს, ზოგს მოკლავს, ზოგს ქონებას წაართმევს და ბოლოს ეუბნება, ბოლო ქათამს არ წაგართმევთ, რადგან კიდევ ვაპირებ მოსვლას და არ მინდა შიმშილით დაიხოცოთო. Aამ ხელისუფლებას ჯერჯერობით იქამდე არ მივყავართ, რომ ფეხები გავფშიკოთ, რადგან კიდევ ხომ უნდა მოგვწველოს.

- პრეზიდენტმა ამას წინათ სოფლის მეურნეობა გამოაცხადა პრიორიტეტად და 150 მილიონი გამოყო ამ დარგის განსავითარებლად.

- საიდან ჩანს, რომ სოფლის მეურნეობის დახმარება  უნდა ხელისუფლებას? ახლა ხვნა-თესვა ჩამთავრებული უნდა იყოს. ესენი გენმოდიფიცირებულ სიმინდს ძალით აჩეჩებენ მოსახლეობას, ჩვენს ინსტიტუტებში კი მეცნიერებს საუკეთესო ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი გამოჰყავდათ. წვეთოვან მორწყვაზე რომ ლაპარაკობენ, რატომ არ ითვალისწინებენ, რომ ეს სისტემები უდაბნოში აქვთ, სადაც წყალი არ არის. ჩვენ კი იმდენი წყალი გვაქვს, ხვალ-ზეგ ჩვენი მთავარი სიმდიდრე გახდება და გამოგვიყვანს გაჭირვებიდან. რაში ჩანს ეს 150 მილიონი (სომხეთს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 230 მლნ ევრო აქვს გამოყოფილი)?

ამ ხელისუფლების მრჩევლებმა ერთხელ მითხრეს, ქართველები ზარმაცები ხართო. მაგას როგორ ბედავთ, სად გინახავთ, ამერიკაში ან საფრანგეთში ვინმე ხელით ცელავდეს, ჩვენი გლეხები კი ამ შრომატევად საქმეს ხელით აკეთებენ.  ქართველ გლეხს ტექნიკა არა აქვს და მიწას ხელით ებრძვის. თითოეული ვაზის ძირთან და ჩაის ბუჩქთან მიდის და ამას ეძახით სიზარმაცეს-მეთქი? ჩვენს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ალბათ, უცხოური განათლება აქვს, ძალიან გაუჭირდება, თუ გვერდით არ დაიყენა გამოცდილი კადრი, რომელმაც იცის, რომელ რეგიონში რომელი კულტურა უნდა მოიყვანოს.

დასავლეთში ადამიანს იმის მიხედვით აფასებენ, ანგარიშზე რამდენი ფული აქვს. არ გვინდა, ნუ გადავალთ ასეთ წესზე. ამას წინათ გერმანიაში მითხრეს ერთ კაცზე,  კარგი ადამიანია, მოხუცთა კარგ თავშესაფარში გადაიყვანა მშობლები და წელიწადში ორჯერ ნახულობსო. ჩვენთან მშობელს ვინ გაუშვებს სახლიდან? არ მინდა ეს თვისება მოკვდეს ქართველში.

ქართველი კაცი ცრემლიანია, შეწყალება იცის. მეგობრისა და მეზობლის დახმარება სჩვევია, მაგრამ ვგიჟდები, ქუჩაში ამდენ მათხოვარს რომ ვხედავ. სულ ვამბობ, ფულს ნუ აძლევთ, რადგან ამით რყვნით და ხელის განძრევის სურვილს უკლავთ-მეთქი. ადამიანი ღმერთს სამათხოვროდ არ გაუჩენია.

ჩვენი შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი     სოფლის მეურნეობას რომ მისცენ, მაშინ დაეტყობა რაღაც, მაგრამ ვიღაც "მეგობარს" უნდა, რომ ჩვენ თანამედროვე შეიარაღება გვქონდეს და არა სოფლის მეურნეობა.

ყველაზე წარმატებული რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა და ძალიან ბევრი პრობლემაც მოიხსნა საქართველოში. აი, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს რეფორმას კი არა, კატასტროფას ვუწოდებ.

გავიხედოთ, რა ხდება ირგვლივ. კუჭმა აამხედრა ლამის ნახევარი მსოფლიო. აქაც თუ მშიერი ბუნტი დაიწყო, პოლიტიკოსებს არავინ არაფერს ჰკითხავს. ღმერთმა ნუ ქნას, ეს მოხდეს, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გადაიტანს, მაგრამ სამწუხაროდ, აქეთ მიდის ყველაფერი.

მინდა ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრონ და უცხოელების მონები არ გახდნენ. ამბობენ, უცხოური ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთო, მაგრამ ვინ ჩამოვა აქ, რომ ნახავენ, მეწარმე რა დღეშია და როგორ ექცევიან უცხოელ ბიზნესმენებს.

- 16 წელი იყავით ზამთრის ოლიმპიური სპორტის სახეობათა პრეზიდენტი. რას იტყვით  პრეზიდენტის ნათქვამზე, მსოფლიოში უნიკალური  სათხილამურო ბაზების აშენება შეიძლება სვანეთშიო.

- ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ სვანეთი მართლაც უნიკალური ადგილია. ზამთრის სახეობებში მოასპარეზე სპორტსმენი წელიწადში 11 თვე უნდა იდგეს თხილამურზე, მაგრამ ძალიან უჭირთ ისეთი ადგილების ნახვა, სადაც აგვისტოშიც კი თოვლზე ივარჯიშებენ. ასეთი ადგილები ალპებში, ჩილესა და კანადაშია. მაგრამ სპორტსმენისთვის სავარჯიშოდ მაღალი ადგილი არ ვარგა, ამ თვისებებით სვანეთი მართლაც შეუდარებელია. 1988 წელს ჩამოვიყვანე უცხოელი ექსპერტები და ნახეს მესტიასთან ერთი ხეობა, სადაც მთელი წელი თოვლი დევს. აგვისტოშიც კი ქვასავით მყარი თოვლია, თანაც ზღვის დონიდან ძალიან მაღლა არ არის.

წლების წინ ბახმაროზეც იყო ლაპარაკი. იქ ზაფხულშიც ორმეტრიანი თოვლი იცის, მაგრამ ექსპერტებმა თქვეს, ეს სველი თოვლია და კარგად არ იტკეპნებაო. მანგლისიდან წალკისკენ რომ წახვიდეთ, თბილისიდან ერთი საათის სავალზე არის 20 კმ-იანი მონაკვეთი, გადაირივნენ უცხოელი სპეციალისტები, ამ ადგილს როგორ კარგავთო. იქ ისეთი სათხილამურო ტრასის მოწყობა შეიძლება, მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ.

ტურიზმის პერსპექტივა თხუთმეტწლიანია, სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიცია კი მეორე წელსვე იძლევა ნაყოფს. კარგია, რომ ტურიზმს ვავითარებთ, მაგრამ სოფლის მეურნეობასაც მივხედოთ და აქ ჩამოსულ სტუმარს ქართული ხილ-ბოსტნეული შევთავაზოთ. ავიღოთ მაგალითი თურქეთისაგან, რომელიც ტურისტული ქვეყანაა. თურქეთში ვინ შეგატანინებს ბოსტნეულს? თავიანთ მოწეულს ყიდიან და ამით მდიდრდება ქვეყანა და ხალხი.