მხარდამჭერთა რაზმები ჩვენ არ გვჭირდება! - კვირის პალიტრა

მხარდამჭერთა რაზმები ჩვენ არ გვჭირდება!

"თუ მთავრობა არ შეასრულებს თავის დაპირებას, რაც საჯაროდ პარლამენტიდან გასცა, მას პრობლემა შეექმნება"

"პოლიტიკური პარტიების ნაწილი გამუდმებით ამბობს, ამ ხელისუფლებას უკვე ჩემოდნები აქვს ჩალაგებული და ცალი ფეხით თურქეთშია გადასულიო. არიან პარტიები, რომლებიც მუდმივად რევოლუციას აანონსებენ და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ მომხრეებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოების უმეტესობას რევოლუცია კი არა, სტაბილური განვითარება უნდა", - განგვიცხადა პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ, რომელთან საუბარიც გასული კვირის საპარლამენტო დებატების შეფასებით დავიწყეთ:

- დებატების მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ გამოჩნდა, რამდენად ესმით ხალხის პრობლემები მთავრობასაც, საპარლამენტო უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც. შესაძლოა, დებატებისას მთავრობა და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ, რა გზით უფრო სწრაფად გადაიჭრება პრობლემები, მაგრამ ის ფაქტი, რომ დებატებში მონაწილე მხარეები აცხადებდნენ, გვაქვს გეგმა, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემაო, უკვე შედეგია.

- ხომ არ დარჩება ეს დებატები მხოლოდ სანახაობად, გააკონტროლებს პარლამენტი იმ ვალდებულებებს, რაც მთავრობამ აიღო დებატებისას?

- რა თქმა უნდა. საზოგადოებამ მოისმინა კითხვებიც, პასუხებიც და აღებული ვალდებულებებიც. თუ მთავრობა არ შეასრულებს თავის დაპირებას, რაც საჯაროდ პარლამენტიდან გასცა, მას პრობლემა შეექმნება.

- ოპოზიციის წინადადებებიდან რამე თუ იყო მისაღები თქვენთვის?

- ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროში იყო რამდენიმე წინადადება, რომელსაც მთავრობის ადგილას სერიოზულად შევისწავლიდი.

- საარჩევნო კოდექსზე ოპოზიციასთან დიალოგი თქვენი ინიციატივა იყო, მაგრამ ე.წ. რვიანის ფორმატი ფაქტობრივად ჩაიშალა.

- ბოლომდე ვერ გავიგე იმ ოპოზიციური პარტიების პოზიცია, რომელთაც მოლაპარაკებათა მაგიდა მიატოვეს, არ გამოცხადდნენ შეხვედრაზე და ამბობენ, მოლაპარაკებას არ გავაგრძელებთ, სანამ ხელისუფლება არ დათმობსო. რამდენადაც ვხვდები, ოპოზიციის ნაწილსა და უმრავლესობას შორის ძირითადი  წინააღმდეგობა უკავშირდება მაჟორიტარი დეპუტატების ინსტიტუტს. უმრავლესობის პრინციპული პოზიციაა, რომ მაჟორიტარის ინსტიტუტი უნდა შენარჩუნდეს.

მაჟორიტარი პირდაპირ არჩეულია და ეს არის არჩევნების ყველაზე დემოკრატიული გზა. საქართველოს პარლამენტი ერთპალატიანია და თუ მაჟორიტარის ინსტიტუტს გავაუქმებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში რეგიონები არ იქნებიან წარმოდგენილნი, რაც არასწორია. რადგან რეგიონებს თავიანთი წარმომადგენელი ჰყავთ პარლამენტში, მიდიან თავიანთი არჩეული დეპუტატის ოფისში და პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. ამის მოშლა ნიშნავს, რომ ყველა რეგიონს ხმა ჩამოვართვათ, ხალხს აღარ ეცოდინება, ვინ წარმოადგენს მას პარლამენტში და ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი. ამ ინსტიტუტის გაუქმებისთვის საფუძვლიანი არგუმენტი არ არსებობს.

- გეტყვით არგუმენტს, რომელიც ყველაზე ხშირად მოჰყავთ. როგორც წესი, მაჟორიტარები სახელისუფლებო პარტიის წევრები ხდებიან.

- ამას მაჟორიტარის ინსტიტუტის მოშლა კი არა, რეგიონებში გასვლა და ხალხის დარწმუნება უნდა. რადგან ხალხი ხელისუფლების წარმომადგენელს ირჩევს, არჩევანის უფლება ჩამოვართვათ და მაჟორიტარს ნუღარ ავარჩევინებთო. ეს არის ლოგიკა?

- თუ მოლაპარაკება მაინც ჩაიშალა, 2012 წლის არჩევნებზე ძველი კოდექსით მივალთ?

- იმედია, დარჩებიან პოლიტიკური პარტიები, ვისთანაც მოლაპარაკება გაგრძელდება. ოპოზიციამ ბოიკოტიც რომ გამოაცხადოს, ნებისმიერ შემთხვევაში გავითვალისწინებთ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რომელიც წინა არჩევნებიდან გვაქვს მიღებული.

-  ოპოზიციის ნაწილმა მოლაპარაკებაზე იმიტომ ხომ არ თქვა უარი, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილი მაინც წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას აპირებს?

- ყველას თავისი გზა აქვს. 3-4 წლის განმავლობაში კარგად გამოჩნდა, რომელ გზას უჭერს მხარს საზოგადოება. ჩვენ ვემზადებით იმისათვის, რომ ქვეყანა მშვიდობიანად მივიყვანოთ შემდეგ არჩევნებამდე. შემდეგ არჩევნებზე საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ უკეთესი ქვეყანა, უფრო მეტი დასაქმებული, უკეთესი ინფრასტრუქტურა, უკეთესი განათლების სისტემა და ამით მივიღოთ მხარდაჭერა. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ამას რადიკალური ქმედებები სჯობს, მისი ნებაა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეფიცულთა რაზმების პარალელურად ხელისუფლებაც ქმნის მხარდამჭერთა რაზმებს.

- ასეთ ჭორს საფუძველშივე გამოვრიცხავ. მხარდამჭერთა რაზმები არ გვჭირდება. ჩვენი რაზმი ყველა ის ადამიანია, რომელიც ხმას აძლევს ხელისუფლებას. რაზმებსა და  საძმოებს ხელისუფლება არ ქმნის. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც წესრიგს პოლიცია იცავს.

- გასულ კვირას ქუთაისში ტერაქტების  მცდელობას რას უკავშირებთ?

- ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და  კვალი ყოველთვის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიდიოდა. სამწუხაროდ, რუსულმა მხარემ ნახევარი ნაბიჯიც კი არ გადმოდგა ამ ფაქტების გამოსაძიებლად და ეჭვის გასაქარწყლებლად. ეს არის უსუსური ცდა იმისა, რომ საქართველოში შიშის განცდა შეიქმნას.

- ცოტა ხნის წინ ჯერ თქვენი, შემდეგ  ვერა ქობალიას ვიზიტი გადაიდო ისრაელში.  ისრაელის მხარემ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ თქვენი ვიზიტის გადადების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავებაა.

- ჩემი ვიზიტი ემთხვეოდა შიდაპოლიტიკურ დებატებს და პალესტინასთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დაწყებას. არ დაგიმალავთ, რომ ქნესეთის თავმჯდომარესთან სატელეფონო საუბრისას შევეხეთ ებრაელი ბიზნესმენების დაკავების თემას და ამაში უცნაური არაფერია. მერწმუნეთ, ინდონეზიის პარლამენტის თავმჯდომარესთან რომ მქონოდა საუბარი, მეც შევეხებოდი იქ დაკავებული ქართველების საკითხს...

ებრაელი ბიზნესმენები ბრალდებული არიან დანაშაულის ჩადენაში. საქართველოში, სადაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 2 ათასი სახელმწიფო მოხელეა დაკავებული ქრთამისა და კორუფციისთვის, იმუნიტეტს ვერ მივანიჭებთ რომელიმე თუნდაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის მოქალაქეს.

- ჩემთან საუბრისას გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ებრაელმა ბიზნესმენებმა მათთვის სასურველი ხელშეკრულების მიღებაში 25 ათასი დოლარი გადაუხადეს საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. თუმცა ამის გამო არ დაუკავებიათ და არც გამოძიება დაინტერესებულა, ვის მისცეს ქრთამი. მათ ბრალად დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლისათვის ქრთამის შეთავაზება ედებათ.

- წინა კონტექსტს სამართლებრივად არ შევეხები, ფაქტია, რომ ებრაელ ბიზნესმენებს არ ედავებიან 20 წლის წინ საეჭვო პირობებში მიღებულ მონოპოლიაზე. მათ ედავებიან დღევანდელ კორუფციულ სქემაზე(?!).

- ებრაელი ბიზნესმენების დაკავება და გნებავთ, ნოღაიდელის პრემიერობის დროს "შირნჰოფერთან" დაკავშირებული სკანდალი, რომლის საფუძველი, როგორც ამბობენ, არასასურველი კონკურენტის მოშორება იყო, რამდენად წაახალისებს უცხოელებს, საქართველოში ჩადონ ფული?

- "შირნჰოფერის" ამბავი იმდენი წლის წინ იყო, აღარც მახსოვს. ქრთამისა და კორუფციის გამო ადამიანის დაკავება არის სიგნალი, რომ ქვეყანაში კორუფცია დანაშაულია და აქ მხოლოდ წესიერი მუშაობა შეიძლება. მე და ჩემმა ებრაელმა კოლეგამ მოვილაპარაკეთ, რომ მალე ვიზიტის ახალ თარიღს შევათანხმებთ.