"პირველი ადამიანი, ვისაც ივანიშვილი შეხვდა­ პოლიტიკაზე სასაუბროდ, მე გახლდით. "მინდა მე და შენ დავიწყოთ" - ზუსტად მახსოვს ეს სიტყვები" - კვირის პალიტრა

"პირველი ადამიანი, ვისაც ივანიშვილი შეხვდა­ პოლიტიკაზე სასაუბროდ, მე გახლდით. "მინდა მე და შენ დავიწყოთ" - ზუსტად მახსოვს ეს სიტყვები"

"ლიდერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ "ვარდების რევოლუციაში" აქტიურად ვიყავი ჩართული. ზურაბ ჟვანიასთან ახლო ურთიერთობა მქონდა", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი "კვირის პალიტრასთან" ვრცელ ინტერვიუში.

- სააკაშვილი თავიდანვე მაშფოთებდა, მაგრამ ზურა იყო გარანტი, რომ პროცესი ნორმალურად განვითარდებოდა. მისი თხოვნით სამეთვალყურეო საბჭოშიც ვიყავი. ჩემი მთავარი მიღწევა რკინიგზაში შავი სალაროს ამოძირკვა იყო. მაშინ ლევან ვარშალომიძე იყო დირექტორი და ერთად ვიბრძოდით. შემდეგ ლევანი აჭარაში წავიდა, დირექტორი დავით ონოფრიშვილი გახდა და ძალიან მალე მოვიდა ახალი სქემების დალაგების დირექტივა. იქიდან დაიწყო ჩემი კონფლიქტი ხელისუფლებასთან.

წამოვედი რკინიგზიდან და საჯარო განცხადებები გავაკეთე, რის შემდეგაც თავს დამესხნენ. სხვათა შორის, პირველი პოლიტიკური თავდასხმის მსხვერპლი მე ვიყავი. ეს დღეს არავის ახსოვს - ქვედა და ზედა ყბა დამსხვრეული მქონდა, 6 საათს მიკეთებდნენ ოპერაციას. ამ შემთხვევიდან 10 დღეში დაიღუპა ზურაბ ჟვანია და ამის მერე დაიწყო ჩემი დაპირისპირების ეპოპეა რეჟიმთან.

- ალბათ, ამ ეპოპეამ განაპირობა თქვენი პერსონით ბიძინა ივანიშვილის დაინტერესება.

- პირველი ადამიანი, ვისაც ის შეხვდა პოლიტიკაზე სასაუბროდ, Dმე გახლდით. "მინდა მე და შენ დავიწყოთ" - ზუსტად მახსოვს ეს სიტყვები. სამი დღე ვუყურე ტელევიზორს და შენ აგარჩიეო. შევპირდი, დავეხმარებოდი, მაგრამ პოლიტიკაში არ შევიდოდი. მეორე დღიდანვე გავმართე კონსულტაციები იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვისთან ერთადაც ბიძინა ბრძოლის დაგეგმვას აპირებდა. პირველი შეხვედრა გავმართე რესპუბლიკელებსა და "თავისუფალ დემოკრატებთან". საჯარო მონაწილეობაზე თავიდანვე უარი მქონდა ნათქვამი, მაგრამ კულისებში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული.

- ამიტომაც მოგიხსენიებდნენ რუხ კარდინალად.

- დიახ, მახსოვს. პირველი ნაბიჯები ნამდვილად მე გადავდგი კოალიციის ფორმირებაში. შემდეგ ვიფიქრე, კულისებში ყოფნა სწორი აღარ იქნებოდა და საჯაროდ ჩავერთე საქმეში. დღეს აღარავის ახსოვს და შეთქმულების თეორიებს აწყობენ, მაგრამ მე მაშინვე ვთქვი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე გავდგებოდი განზე. სამწუხაროდ, არჩევნები მოვიგეთ. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ დროულად ვერ მოვახერხე განზე გადგომა.

დავაპირე, მაგრამ ივანიშვილმა მთხოვა რამდენიმე თვე არ წავსულიყავი, რადგან იყო საკითხები, რომელთაც ჩემ გარდა ვერავინ მოაგვარებდა. სწორი იქნებოდა, რომ არ დავთანხმებულიყავი. ასე ვერ მოვიქეცი. ამიტომაც მივიღე რეპუტაციული ზიანი. ბინძური კამპანია დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ, არა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, არამედ თავად გუნდში. რატომ? იმიტომ, რომ მავანთ ეკონომიკური ინტერესები ჰქონდათ, ხელისუფლების გამოყენებით ფულის შოვნა უნდოდათ და მე ხელს ვუშლიდი. ვიცოდი, ჩემს წინააღმდეგ ბინძური კამპანია რომ წამოიწყეს, საქმის კურსში ბიძინაც ჩავაყენე, მაგრამ ზერელედ შეხედა ამ პრობლემას. მაშინ მივხვდი, უკვე პრინციპული გადაწყვეტილების მიღების დრო იყო. ისევ მთხოვა დარჩენა, ამის გამო ურეკშიც ჩამიყვანა, მაგრამ მე აზრი აღარ შევიცვალე.

- თავად ივანიშვილმა თქვა, რომ არასწორ პროგნოზებს აკეთებდით, თითქოს არჩევნებში ნინო ბურჯანაძის წარმატება ივარაუდეთ.

- სიმართლე გითხრათ, აღარც მახსოვს, რა ვთქვი ბურჯანაძეზე ერთ-ერთი სადილის დროს, არასაქმიანი საუბრისას. ივანიშვილი ჩემთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ვერასდროს გადავხაზავ იმ ადამიანურ ურთიერთობას, რაც ერთად ბრძოლის დროს ჩვენ შორის ჩამოყალიბდა. ძალიან მაკლია როგორც მასთან, ასევე მის ოჯახთან ურთიერთობა. ვერ დავივიწყებ მის კეთილ საქმეებს როგორც ქვეყნის, ისე პირადად ჩემთვის. მატერიალურ სიკეთეებზე არაფერს ვამბობ, შეუფასებელი რამ გამიკეთა - ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე. ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ისე დააფინანსა, არც მითხოვია მისთვის. მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე, რომ დღეს ასევე ჩემთვის შეუფასებელ ღირებულებებს აზიანებს. არ მიხარია მისი გაკრიტიკება, არც ჩასაფრებული ვარ. ხვალ რომ დაცვა დასჭირდეს, ისევ მე დავიცავ, ირაკლი კობახიძე კი არა. კობახიძე დაჯდება პროკურატურაში და დაწერს, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალი იყო, ის მავალებდა ცუდ საქმეებსო.

- ფიქრობთ, რომ დაცვა დასჭირდება?

- ისე მიდის პროცესები, მგონი, კი.

- როგორ წარმოგიდგენიათ, შეინარჩუნებს პრინციპულ პოზიციას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არაფრით არ დაუშვებს?

- ივანიშვილი ტაქტიკოსია, სტრატეგიებზე არ ფიქრობს. ის ასე უყურებს ცხოვრებას: გაჩნდა პრობლემა, გადაწყვიტე. მერე შეხედავს, როგორ განვითარდება მოვლენები და შესაძლოა რაიმე დააკორექტიროს. ამ წუთში ფიქრობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ტაქტიკური ამოცანა გადაწყვიტა. ახლა აკვირდება მოვლენებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. არანაირი გრძელვადიანი გეგმა არა აქვს. (იხილეთ სრულად)