"არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მართლა ასე ვფიქრობ და ამას ვნატრობ" - როგორია პოლიტიკოსების საახალწლო სურვილები - კვირის პალიტრა

"არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მართლა ასე ვფიქრობ და ამას ვნატრობ" - როგორია პოლიტიკოსების საახალწლო სურვილები

"ვერავის ვერაფერს მოვუწოდებ, მაგრამ თხოვნა მექნება ყველასთან, რომ შეძლებისდაგვარდ დავთმოთ ტრადიციები, რათა ამ ადამიანების შრომას პატივი ვცეთ"

მიილია პანდემიური და ყოველმხრივ მძიმე - 2020 წელი, რომელსაც სულ რაღაც ორ დღეში მომდევნო, ახალი წელი ჩაანაცვლებს. ბუნებრივია, ახალი წლის ღამე ისეთი ხალისიანი და ტრადიციული ვერ იქნება, როგორიც აქამდე გვქონდა, თუმცა მიმავალ წელს იმედი და უკეთესი მომავლის რწმენა თან არ მიაქვს, ჩვენ გვიტოვებს და ოცნებების ასრულებაში ერთმანეთის თანადგომა-სიყვარული თუ დაგვეხმარება. როგორ ხვდებიან ახალ 2021 წელს ჩვენი პოლიტიკოსები და რა ნატვრა აქვთ, ამაზე ისინი kvirispalitra.ge-ს მოუთხრობენ.

გია ბარამიძე, "ნაციონალური მოძრაობა": - პანდემიამ ყველას შეუცვალა ყველაფერი, მაგრამ მე ვერაფერს შემიცვლის. ტრადიციულად ისედაც ჩვენს დიდ ოჯახში, დედასთან და მამასთან ვხვდებოდით ახალ წელს და ამ წელსაც ასე შევხვდებით. დედაჩემმაც და ძმამაც გადაიტანეს კოვიდი, მამა ახლა უნდა გამოწერონ ჰოსპიტლიდან და მადლობა ღმერთს, ამ დღეს ყველანი ერთად ვიქნებით. რას ვინატრებდი? ჩემი მთავარი ოცნება და ცხოვრების მთავარი მიზანია, საქართველო იყოს თავისუფალი და გამთლიანებული. მინდა, ამ ქვეყანაში ყველას უხაროდეს ცხოვრება და ყველა ბედნიერი იყოს. როცა მშვიდობა და ნორმალური ვითარება იქნება, ყველას ექნება თავის მიხედვის საშუალება. შეიძლება პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ესაა ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი და არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მართლა ასე ვფიქრობ და ამას ვნატრობ.

ეკა ბესელია, პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი:

- ბოლო წლებში საახალწლო ტრადიციად მქონდა, რომ საღამოს 11 საათზე ჩვენს პატრიარქთან მივდიოდი და მასთან ვხვდებოდი ღამის 12 საათს. მისი დალოცვის შემდეგ მოვდიოდი და ყოველ წელს მეკვლე ვიყავი ჩემს სახლში. მერე ოჯახის წევრები ვიკრიბებოდით შინ და ერთმანეთს ვულოცავდით ახალ წელს.

ეს ტრადიცია განსაკუთრებული იყო ჩემთვის. ამაზე უფრო ლამაზი გარემო, რაც პატრიარქთან მხვდებოდა, არ მახსოვს. აი, წელს კი, პანდემიის გამო, ჩვენს სულიერ მამას უნდა გავუფრთხილდეთ ყველანი და ამიტომაც სახლში შევხვდები ახალ წელს, ჩემს შვილებთან და დედასთან ერთად. თუმცა მეკვლე, ტრადიციულად, ალბათ ისევ მე ვიქნები. ჩემი მთავარი ნატვრაა, სამართლიანი ქვეყანა და გამთლიანებული საქართველო.

იაგო ხვიჩია, "გირჩი": - ეს ის შემთხვევაა, როცა ახალ წლამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და მე ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ ვხვდები მას. ისეთი საგიჟეთია ამ ქვეყანაში, ჯერ ვერაფერი დავგეგმე. ტრადიციულად ვცდილობ, მშობლები ვნახო, რომლებიც სამეგრელოში ცხოვრობენ. მათ, ზოგადად, იშვიათად ვნახულობ ხოლმე, ამიტომ ვცდილობ, ან მე ვიყო სამეგრელოში, ან ისინი - ჩემთან. უბრალოდ, ისეთი საგიჟეთი დატრიალდა, რომ ჯერჯერობით არ მიფიქრია ამაზე. სიმართლე გითხრათ, ახალი წელი ჩემთვის არ არის განსაკუთრებული ზეიმი და მისთვის საგანგებოდ არ ვემზადები ხოლმე. უბრალოდ, დიდი ხანია, რაც ვშრომობ და ახალი წელი მაძლევს საშუალებას, საკუთარ თავს შვებულება მოვუწყო. განსაკუთრებული ამ დღეს არასდროს არაფერი დამიგეგმავს. ჩემი სურვილი და ნატვრაა, ამ ქვეყანაში რამე დალაგდეს. 2020-მა კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებაში დაგვტოვა, გვეგონა, რომ არჩევნების შედეგად გავიგებდით, რა და როგორ იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ესეც ვერ გავიგეთ. ყველაზე მეტად ის ბუნდოვანება მაწუხებს, რა იქნება ხვალ და ღირს თუ არა ქვეყანაში დარჩენა. მინდა, ამ კითხვაზე მქონდეს პასუხი...

ხატია დეკანოიძე, "ნაციონალური მოძრაობა": - ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, სად შევხვდები ახალ წელს... ჩემს მშობლებს ვუფრთხილდები, თავისთან არიან, აგარაკზე და რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. 1 იანვარს, ალბათ, შინ შევხვდები. ადრე, ტრადიციულად, ყველანი ჩემთან ვიკრიბებოდით ხოლმე - ჩემი ოჯახი, ძმა, რძალი, ძმისშვილი, მაგრამ ახლა ყველანი ვუფრთხილდებით ერთმანეთს და ისე ვეღარ მოვიქცევით. ვისურვებდი, საქართველოში დასრულდეს ეს რეჟიმი და აღარ იყოს ადამიანებს შორის დაყოფა, მინდა კეთილდღეობა და ის, რომ ადამიანებს აღარ უჭირდეთ. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ხშირად ვიყავი ოჯახიდან წასული და რამდენიმე წელი საქართველოში არც შევხვედრივარ ახალ წელს. ვისურვებდი, მალე გადაიაროს ამ ყველაფერმა, ვაქცინაც შემოვიდეს და ძველებურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.

ხათუნა სამნიძე, "რესპუბლიკური პარტია":

- 2021 წელს, ტრადიციულად, შინ და ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდები. ოჯახში შეხვედრის შემდეგ, მეგობრები ვიკრიბებოდით ხოლმე, მაგრამ ახლა ამას ვეღარ მოვახერხებთ. ვინატრებდი, 2021 წელი კოვიდის გარეშე და პოლიტიკურად ჯანსაღი ყოფილიყოს.

ნინო წილოსანი, უმრავლესობის წევრი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე: - ახალი წელი ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან შეხვედრას უკავშირდება. მას ყოველთვის ოჯახთან ერთად ვხვდები ხოლმე, ძალიან ვიწრო წრეში. შემდეგ აუცილებლად მივდივართ მშობლებთან, ჩემს ძმასთან, მეგობრებთან და ერთმანეთს ვულოცავთ. გამომდინარე რეგულაციებიდან, რომელიც წელს მოქმედებს, აუცილებელია, დავიცვათ ჩვენ გარშემო მყოფები და, რა თქმა უნდა, მსგავს აქტივობებს შევეშვებით. ახალ წელს მშობლებს ვერ მივულოცავ, რაზეც გული მწყდება. ვნატრობ, რაც შეიძლება მალე დასრულდეს პანდემია იმიტომ, რომ ჯანმრთელობის და სიცოცხლის ზიანის გარდა, უამრავ ადამიანს დაუმძიმდა სოციალური მდგომარეობა, უწევს ფინანსურ პრობლემებთან ბრძოლა, ქვეყნის ეკონომიკაც საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ამ ყველაფერმა ადამიანურად ძალიან დაგვთრგუნა. ეს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ჩვენს ყოფაზე და ქცევის წესებზე... აქედან გამომდინარე, ძალიან მინდა, პანდემიას დროზე მოვუგოთ ომი. სიმართლე გითხრათ, ამ დღეს განსაკუთრებული სამზადისი არ მაქვს ხოლმე. ერთადერთი, ბავშვებისთვის ვცდილობ სათანადო განწყობის შექმნას. ქვეყანაში თითქოს ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ 31 დეკემბრამდე ყველანი ვმუშაობთ და მერე ფაციფუცით და დაჩქარებულად ვხვდებით ხოლმე ახალ წელს. ასე რომ, წინასწარ არანაირი განსაკუთრებული სამზადისი არ მაქვს. უბრალოდ, ახალი წელი ერთი ძალიან თბილი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ვიწრო წრეში ვატარებთ. შემდგომი დღეები კი არის განტვირთვის და დასვენების, ქალაქგარეთ გასვლის პერიოდი და ამ რიტუალის მიხედვით ვხვდები ხოლმე ახალ წელს, სტანდარტულად.

ლევან იოსელიანი, "მოქალაქეები": - როგორც ყველა, ალბათ, ახალ წელს ვერ შევძლებთ საყვარელ ადამიანებთან სტუმრად მისვლა-მოსვლას და უფრო თავშეკავებულად მოგვიწევს ყველაფრის აღნიშვნა. ჩვენ, ტრადიციულად, ოჯახში ვხვდებით ხოლმე ახალ წელს. აქამდე მეგობრები მოდიოდნენ ჩვენთან. მინდა, რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ ამ პრობლემიდან, რასაც პანდემია ჰქვია, ეს არის ყველაზე მთავარი. სადაც ადამიანები არიან ცუდად, იქ არავის ედღესასწაულება. სამი შვილი მყავს და ისინიც ხვდებიან, რომ განსხვავებული ახალი წელი იქნება, თუმცა ყველანაირად ვეცდებით, რომ მათ სადღესასწაულო განწყობა მაინც შევუქმნათ, საჩუქრები დავახვედროთ და, შეძლებისდაგვარად, მივამსგავსოთ ძველ ახალ წლებს, რომლებიც აქამდე იყო. მჯერა, ხალხიც და პოლიტიკოსებიც თუ მოვინდომებთ, დავძლევთ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კრიზისს და იქითა წელს ბევრად უფრო უკეთეს განწყობაზე შევხვდებით. ალბათ, ეს წელი იყო ყველაზე რთული, რომელიც 1992 წლის მერე მახსენდება, როდესაც იყო ომი, თუმცა მაშინ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი არ იღუპებოდა. ადამიანების დანაკარგის თვალსაზრისით ახლა უფრო ცუდი მდგომარეობაა.

ანა ნაცვლიშვილი, "ლელო":

- ამ ახალ წელს, ბუნებრივია, არატრადიციულად შევხვდები. ეს დღე იმითაცაა ჩემთვის გამორჩეული, რომ 31 დეკემბერს მაქვს დაბადების დღე. შესაბამისად, ნათესავები თუ ახლობლები, როგორც წესი, ჩვენთან ხვდებოდნენ ახალ წელს ან ჩვენგან 11 საათზე მიდიოდნენ, 12-მდე შინ რომ მიესწროთ მისვლა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. წელს, რასაკვირველია, ვერ მივცემ ჩემს თავს ამის უფლებას, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელიც და დაბადების დღეც ძალიან ძვირფასი თარიღებია და ამ სიტუაციაში ყველას უფრო მძაფრად გვენატრება ერთმანეთი, ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, ვინც შინ ვერ მივა, რადგანაც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

ვერავის ვერაფერს მოვუწოდებ, მაგრამ თხოვნა მექნება ყველასთან, რომ შეძლებისდაგვარდ დავთმოთ ტრადიციები, რათა ამ ადამიანების შრომას პატივი ვცეთ. წელს შედარებით მოკრძალებული ახალი წელი გვექნება, მაგრამ - არა უშავს. სამწუხაროდ, წელს ბევრ ოჯახში სუფრაც საკმაოდ მოკრძალებული იქნება და უნდა ვიყოთ სოლიდარულები, ძალიან მოზომილები, მეტი ვიფიქროთ ერთმანეთზე. ამ წელმა დაგვანახა, რომ ყველაზე ძვირფასი მაინც ადამიანი და მისი სიცოცხლისთვის ბრძოლაა. ვეცადოთ, ვიყოთ იმედიანები და პოზიტიურები, მით უმეტეს - ჩვენს შვილებთან. ახალი წელი ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია და ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება მუხტი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 ძალიან მძიმე წელი იყო, მგონია, რომ ამ წელმა გვაჩვენა ის, რომ ადამიანში არის ძალიან დიდი ძალა და თანადგომით და ერთმანეთის გატანით ქვეყანაც უნდა გავიტანოთ. ეს იქნება ახალი წლის სიმბოლიკაც, ეთიკაც და ესთეტიკაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

(სპეციალურად საიტისთვის)