"ზონდერებსა და პოლიციას ვურჩევ, ხალხის მხარეს დადგნენ" - კვირის პალიტრა

"ზონდერებსა და პოლიციას ვურჩევ, ხალხის მხარეს დადგნენ"

"ვინც წაქცეულია და ადგომა არ უნდა, იწვეს მიწაზე"

რადგან ლევან გაჩეჩილაძემ "კვირის პალიტრაში" თავისი წერილის "რა იყო და არ იქნება" მეორე ნაწილის გამოგზავნა შეაყოვნა, დავინტერესდით, რა იყო მიზეზი და "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარეს მისი პოლიტიკური ძალის სამომავლო გეგმებზეც ვკითხეთ:

- არ ჩათვალოთ, რომ ზარმაცი ან უპირო ვარ, აი, ნახეთ, ფაქტობრივად, დაწერილი მაქვს წერილის მეორე ნაწილი, მაგრამ არა მაქვს რამდენიმე სერიოზული ინფორმაცია, როცა მექნება, მეორე ნაწილსაც დავასრულებ და მოგცემთ გამოსაქვეყნებლად.

ეჭვი არ მეპარება, ეს რეჟიმი ძალიან მალე შეიცვლება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ დაპირისპირებისა და მეტიც, სამოქალაქო ომის რისკები ნულამდე დავიყვანოთ. ჩემი სტატიის მიზანი და ამოცანა სწორედ ეს არის.

მგონი, ხელისუფლება მოდელირებულ გამწვავებებს, ტერაქტებს, იარაღის შეყრებსა და ხალხის დაჭერებს ამზადებს.

მოდელირებული სიტუაციების შექმნის მიზანი ხალხის დაშინებაა, რათა მიტინგზე არ მოვიდნენ. ხელისუფლება  მიანიშნებს ხალხს, მიტინგზე მისვლით სამოქალაქო დაპირისპირებას მიიღებთ, რითაც რუსეთი ისარგებლებსო. შესაძლებელია, მოდელირებული სიტუაცია ტრაგედიაში გადაიზარდოს,  უდანაშაულო ადამიანები დახოცონ და სხვას დააბრალონ. შეიძლება სადმე ხალხმრავალ ადგილას მოხდეს აფეთქება და ეს არა მხოლოდ საზოგადოებისთვის უცნობ რომელიმე რუსეთის აგენტთან დააკავშირონ, არამედ რომელიმე ოპოზიციონერთან.

- ამას კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე ამბობთ თუ თქვენი ვარაუდია?

- მაქვს ინფორმაცია, რა ხდება ხელისუფლებაში და რაზე მსჯელობენ. უკვე ვხედავთ, რომ მოდელირებული ტერაქტები იდგმება და შუქდება ტელევიზიით.

ხელისუფლების კონტროლირებული ტელევიზიები სრულ დეზინფორმაციას ეწევიან. სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, ჩემზე გავრცელდა აბსოლუტური სიცრუე, რომ თითქოს წყნეთში ბურჯანაძის აგარაკთან მივედი და მესერზე გადაძრომას ვცდილობდი.

ხელისუფლება მის ხელთ არსებული ნებისმიერი იარაღით (მედიასა და ნამდვილ იარაღსაც ვგულისხმობ) ეცდება აიცილოს მშვიდობიანი რევოლუცია. თუ ხალხს რეზინის ან ცხელ ტყვიას ესვრი, მიიღებ სამოქალაქო დაპირისპირებას და შენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს ურჩევნია, რუსებმა გააგდონ, ვიდრე მშვიდობიანმა ქართველმა მანიფესტანტებმა, ამიტომაც არ გამოვრიცხავ ისეთივე პროვოკაციაზე წავიდეს, რაც 2008 წლის აგვისტოში გააკეთა.

სანამ ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი იქნება, ნებისმიერი სახის პროვოკაცია და ვირტუალური სიუჟეტებია მოსალოდნელი. სწორედ აქედან გამომდინარე ვაგვიანებ სტატიის მეორე ნაწილის გამოქვეყნებას.

სააკაშვილის პროვოკაციები თავიდან რომ ავიცილოთ, ერთგვარი "ეროვნული თანხმობის  დეკლარაცია" უნდა შევიმუშაოთ, რომელზეც პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, რიგითი მოქალაქეები მოაწერენ ხელს და იტყვიან, რომ არ მიიღებენ სააკაშვილის იმ თამაშის წესებს, რომელიც ჩემი წერილის პირველ ნაწილში მაქვს გაშიფრული. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ამ ხელისუფლების აკვიატებული აზრი, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა არ სჭირდება, რადგან მხოლოდ ნატოს გზა არ არის საქართველოსთვის მშვიდობის მომტანი.

ჩვენ არ უნდა მივიღოთ ცენტრალური ტელევიზიებიდან გავრცელებული ამ ხელისუფლების დეზინფორმაცია, უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და ვთქვათ, რომ საქართველოში დღეს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია, ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმია და ავტოკრატიულ რეჟიმზე გამარჯვება პროგრესია და არა რეგრესი.

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ პოსტულატებისა, რომელიც ჩაიწერება  "ეროვნული თანხმობის დეკლარაციაში".

ვინც ამ დეკლარაციას შევუერთდებით, პასუხისმგებლობას ავიღებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების რაც შეიძლება მინიმალური რისკით შევცვალოთ ხელისუფლება.

- ხალხს ატყობთ მზაობას, რომ ხელისუფლების შესაცვლელად გამოვა?

- ხელისუფლების შეცვლა  უხალხოდ შეუძლებელია. რამდენიმე დღის წინ ზუგდიდელებს ვკითხე, თუ წაიქცევით, რომელი არ ადგებით-მეთქი? ყველამ მიპასუხა, წაქცეული ვერ დავრჩებითო. ვინც წაქცეულია და ადგომა არ უნდა, იწვეს მიწაზე. მე არ ვაპირებ წაქცეული დავრჩე, ავდგები და სხვასაც მოვუწოდებ, ადგეს.

ქართველები არა ვართ იმ მოდგმის ხალხი, რომ სააკაშვილივით მიწაზე ფორთხვა იყოს ჩვენთვის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა.

ხალხი ამ ხელისუფლებამ თავისივე სამშობლოში ზედმეტ ადამიანებად აქცია: ბიზნესი წაართვეს, გაყარეს სამსახურებიდან,  სახლებიდან, მიწებიდან და ყველაზე უარესი -  გაყარეს ქვეყნიდან. ასეთი ემიგრაცია არასოდეს მინახავს საქართველოში. ერთმა მუჭა ბანდამ როგორ უნდა გაყაროს 3 მილიონი კაცი? არ სჯობს, ეს ათი დამნაშავე გავყაროთ თანამდებობებიდან.

- როდესაც განაცხადეთ, "ქართული პარტია" მრავალათასიან ლაშქარს ქმნისო, ისე გაიგეს, თითქოს რაზმებს ქმნით ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად.

- მე ვახსენე "პოლიტიკური ჯარი", რაც გულისხმობს დისციპლინირებულ პოლიტიკურ არმიას, რომელიც ქუჩაში აქციებისა და პროტესტის დროს ადეკვატური იქნება. თავზე ამ ხელისუფლების ნასროლი ტყვიის რამდენიმე ნაიარევი მაქვს. სააკაშვილისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ამიტომაც მასთან ბრძოლაში მაქსიმალური  დისციპლინა და მობილიზება გვჭირდება. გაიხსენეთ ამ ხელისუფლების ზონდერები, დონეცკში რომ მიავლინეს. გგონიათ ახლა გულხელდაკრეფილი არიან? საკუთარ ხალხზე გადავლისთვის ემზადებიან. ზონდერებსა და პოლიციას ვურჩევ, ხალხის მხარეს დადგნენ.

სახელმწიფოს სამსახური ერთი ადამიანის სამსახური არ არის. სამსახურსა და ხელფასს იმით უფრო შეინარჩუნებენ, თუ სააკაშვილს კი არა, ქართველ ხალხს ემსახურებიან. ისინი ქართველმა ხალხმა დაიქირავა და არა მიხეილ სააკაშვილმა. თავად მიხეილ სააკაშვილიც ხალხმა დაიქირავა და ვატყობ, დრო მოვიდა, სამსახურიდან უნდა გააგდოს.

- მინდა მიუნხენში ბადრი ბიწაძესთან დაპირისპირებაზე გკითხოთ.

- გადაწყვეტილი მქონდა, ბადრი ბიწაძისთვის არ მეპასუხა, მაგრამ მიუნხენის აეროპორტში რომ დავინახე, ვერ მოვითმინე... მეორე დღეს ცოტა სინანული შემეპარა. თან ჩემმა მეუღლემაც მითხრა, დაგავიწყდა, რომ ბაბუა ხარ, საპრეზიდენტო კანდიდატი იყავი და ამდენმა ადამიანმა დაგიჭირა მხარიო. მეც ვიფიქრე, ვაიმე... მაგრამ ის, რაც მიუნხენში მოხდა, გულის სიღრმეში ასიდან ასს მოეწონება, მაგრამ შეიძლება არ თქვან.

- რა მოხდა მიუნხენში?

- ეს საჯარო თემა არ არის. მას წერტილი დავუსვი.

- წყნეთის ინციდენტზე რას მეტყვით?

- ეს ინციდენტი არ ყოფილა. იმ დროს სტუმრები მყავდა და შინ ვიყავი.

P.S. ჩვენ ვეცადეთ, მიუნხენში მომხდარ ინციდენტზე ბადრი ბიწაძისგან მიგვეღო კომენტარი, მაგრამ როგორც ბიწაძის მხარემ განგვიცხადა, ბატონი ბადრი მედიასაშუალებებით გავრცელებულ კომენტარებს ახალს ვერაფერს დაამატებდა.