ქართული პოლიტიკა და სექსშოპი - კვირის პალიტრა

ქართული პოლიტიკა და სექსშოპი

მიუნხენის აეროპორტი ყველა იმ აეროპორტისგან, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ, იმით გამოირჩევა, რომ მის ტერიტორიაზე არის სექსშოპი. მოგეხსენებათ, ასეთ მაღაზიებში სხვა საქონელთან ერთად ქალისა და მამაკაცის ხელოვნური სასქესო ორგანოები იყიდება. ზომა და ფერი არჩევაზეა.

მრავალფეროვნებაა ისეთი, თქვენგან მოწონებული. მგზავრები თვითმფრინავის მოლოდინში მათი თვალიერებით იქცევენ თავს. მაგრამ ერთი კვირის წინ მიუნხენის აეროპორტში შეკრებილ მგზავრებს სხვა გასართობიც გამოუჩნდათ. მოულოდნელად მათ თვალწინ ორი შუახნის მამაკაცი ერთმანეთს მათთვის გაუგებარ ენაზე აუყვირდა, შემდეგ ერთმა მეორეს ხელი მოუქნია და წიხლიც ზედ მიაყოლა. ბუნებრივია, მგზავრებს ასეთი სცენის აეროპორტში დანახვა იმაზე მეტად გაუკვირდებოდათ, ვიდრე ხელოვნური გენიტალიების. თუმცა მათი გაკვირვება მაშინ გენახათ, ის რომ გაეგოთ, ეს ორი კაცი, რომლებმაც საჩხუბრად აეროპორტის გარდა სხვა ადგილი ვერ მონახეს, პოლიტიკოსები არიან. უფრო სწორად, ერთი პოლიტიკოსია, მეორე - პოლიტიკოსის ქმარი;

KvirisPalitra.Geორივე ერთ დროს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გუნდში იყო, დღეს კი მის წინააღმდეგ რევოლუციის მოწყობას გეგმავენ, მაგრამ მანამდე ერთმანეთზე ვარჯიშობენ. შეიძლება მიუნხენის აეროპორტის მგზავრებს გაკვირვება ცოტა განელებოდათ, რომ გაეგოთ, ერთ-ერთი მოჩხუბრის პარტიას ტრადიციად აქვს, ევროპულ ქალაქებში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ჩხუბის ატეხა. რამდენიმე თვით ადრე ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც პარიზში ქართველმა სამართალდამცავებმა გაამგზავრეს, წადი, იქ დაგვემალეო (რა ყველაფერი უკვირთ ამ მგზავრებს?

დიახ, ჩვენ ასეთი ჰუმანური სამართალდამცველები გვყავს), ხელისუფლების ერთ-ერთ "მაღალჩინოსანს" მიუვარდა (მაღალჩინოსანი ვთქვი, თორემ მისი თანამდებობა ოფიციალურად დღეს ასე ჟღერს: "თავდაცვის მინისტრის ძმა", მაგრამ ესეც ნუ გაგიკვირდებათ, პატივცემულო მგზავრებო, ჩვენთან ესეც თანამდებობაა).

მოკლედ, მიუვარდა და სცემაო, ამბობენ. აბა, პარტიის პარიზელ ლიდერს ვაკელი ლიდერი ხომ არ ჩამორჩებოდა?!

თხა თხაზე ნაკლებიო და იგი, როგორც უკვე ვიცით, პოლიტიკურ ოპონენტს (უფრო სწორად, პოლიტიკური ოპონენტის ქმარს), პირდაპირ აეროპორტში ეძგერა.

არ იკითხავთ, ამ ამბავს როგორი გაგრძელება მოჰყვა? ყოფილმა პოლიციელმა განაცხადა, ჩემი ცემა ასე იოლი არ არის და ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია, სადაც უნდა, იქ შემხვდესო.

KvirisPalitra.Geგაუმარჯოს პროპაგანდას!

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცი, რაც მელოდება ხოლმე, ჩვენს ტელევიზიებს რომ ვუყურებ, ზოგჯერ თავის ჩამოხრჩობა მაინც მინდება. ასე დამემართა პარასკევ საღამოს. მოგეხსენებათ, ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰააგის სასამართლომ ჩვენი სარჩელის განხილვაზე უარი თქვა. ეს ძალიან საწყენი და სამწუხარო ამბავი კიდევ უფრო მძიმედ ასატანი საქართველოს ხელისუფლებისა და მისი პროპაგანდის მანქანების, "რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და "პირველი არხის" ქმედებებმა გახადა. ერთი უბედურებაა, რომ რუსეთთან კიდევ ერთხელ დავმარცხდით, მაგრამ მეორე უბედურებაა საქართველოს ხელისუფლების ჩვევა, მარცხი გამარჯვებად გაასაღოს და ამაში "საკუთარი" ტელევიზიები გამოიყენოს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთხმად დაიწყეს მტკიცება, რომ ჰააგის სასამართლოში საქმე არ შეწყვეტილა, მხოლოდ შეჩერდა და რაც მთავარია, რუსეთი კიდევ ერთხელ აღიარეს მხარედ. სამივე ტელეარხი ამ ამბის თხრობას იმ ინფორმაციით კი არ იწყებდა, რომ სასამართლომ სარჩელის განხილვაზე თუნდაც ამ ეტაპზე უარი თქვა, არამედ იწყებდნენ რუსეთის მხარედ აღიარების ცნობით და შემდეგ, ბოლოს, გვიამბობდნენ (ან საერთოდ არ გვიამბობდნენ), რომ სარჩელის განხილვაზე უარი გვითხრეს. "იმედმა", როგორც ყოველთვის, ყველას აჯობა და სიუჟეტის წარსადგენ ტექსტში სარჩელის დაუკმაყოფილებლობაზე სიტყვაც არ დაძრა.

როდესაც ჩვენი ნაციონალური ტელევიზიების სიუჟეტებს უსმენ, გექმნება შთაბეჭდილება, რომ სამივე არხის ტექსტი ერთი კაცის დაწერილია. სამივე არხის სიუჟეტებში ერთი და იგივე რესპონდენტები საუბრობდნენ: ბუნებრივია, ყველა ამტკიცებდა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენი გამარჯვებაა. არც ერთი არხის სიუჟეტში არ თქმულა არც ერთი განსხვავებული აზრი და შეფასება.

ქართული ოპოზიციის მოსაზრებებს ვინ ჩივის, ნეიტრალურ ექსპერტებსაც არ გამოუთქვამთ აზრი. თუნდაც ისეთს, როგორიც არის საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ლევან ალექსიძე, რომელმაც იმავე დღეს "ინტერპრესნიუსს" უთხრა: "მოულოდნელი არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რუსეთი არის დავის მხარე. დიდი ხანია, რაც საერთაშორისო სასამართლომ რუსეთი მხარედ აღიარა, ევროკავშირი და ევროსაბჭოც ადასტურებენ, რომ რუსეთი ამ დავაში მხარეა. მაგრამ აქ მთავარი იურიდიული მხარეა - ჩვენ თავიდანვე შეცდომა დავუშვით, როცა ამ სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ".

თუმცა, როდესაც საქმე პროპაგანდასა და სინამდვილის მოდელირებას ეხება, ხელისუფლების შეცდომებზე ვინ მოგიყვება? როდესაც ნეიტრალური ექსპერტის აზრს არ გაცნობენ, ვინ გაგაცნობს ოპოზიციონერი თეა წულუკიანის მოსაზრებას, რომელიც აცხადებს: "ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოსთვის წამგებიანია და მტკიცება იმისა, რომ მომგებიანია, არის არა მხოლოდ სიცრუე, არამედ სახელმწიფოებრივად უპასუხისმგებლო განცხადება.

გადაწყვეტილებაში კარგად ჩანს, რომ რუსეთის ერთ-ერთი არგუმენტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სარჩელი პროცედურულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, სასამართლომ გაიზიარა, ხოლო საქმე - დაუშვებლად ცნო... ანუ იუსტიციის სამინისტრომ პროცედურული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ეს უკეთეს შემთხვევაში არის არაკვალიფიციურობა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობისა, რომელიც პირადად წარმოადგენდა ჰააგის სასამართლოში საქართველოს ინტერესებს".

ახლა დიდი ბოდიში! იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობას ნუ შეეხებით. ამ სამინისტროს ხომ საქართველოს ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი ფიგურა - ზურაბ ადეიშვილი მართავს? თქვენ ვინ ხართ მასთან შედარებით?! როგორ შეიძლება მთავარი ტელევიზიების სიუჟეტებში მასზე აუგის მთქმელი მოხვდეს?! ეს დაუშვებელია! ამას ისევ პროპაგანდა ჯობია!