"ქართული პოლიტიკა კარიკატურულია"
"ქართული პოლიტიკა კარიკატურულია"
"კეთილდღეობა დღეს მხოლოდ პარლამენტში საკუთარი ბიზნესის "დამკრიშავ" ხალხს ეკუთვნის, საზოგადოების უმრავლესობა კი გაძვალტყავებულია"

ექსტრემალურ პირობებში ცხოვრების მიუხედავად, სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობად იქცა, თუმცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის თქმით, არსებობს სხვა, ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემა, რომელიც დღევანდელ სიტუაციაში იგნორირებულია, მისი გაცნობიერებისა და გადაჭრის გარეშე კი კეთილდღეობა და პროგრესი ვერასოდეს იქნება.

- ინტერვიუ საქართველოში მიმდინარე უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური პროცესებით დავიწყოთ. თქვენ ბევრ პრობლ­ემას ხშირად კარიკატურულ კონტექსტში განიხილავთ. მაგალითად
მოვიყვან­ "გირჩსა" და გირჩელებს, რომლებმაც, თქვენი თქმით, თავისუფლების სანუკვარი ცნებაც კი კარიკატურად აქციეს.

- შემიძლია დავადასტურო, რომ კარიკატურულ ასოციაციას იწვევს არა მხოლოდ "გირჩი", არამედ ყველა ის პარტია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და არა აქვს მნიშვნელობა, პარლამენტში შევლენ თუ არა. მიზეზი ის არის, რომ არც ერთი
მათგანი არ გამოხატავს საზოგადოების ინტერესს. რადგან "გირჩით" დავიწყეთ, უპირველესად, მის სასარგებლოდ ვთქვათ, რომ ეს ერთადერთი პარტიაა, რომელმაც განაცხადა, ძველებურად ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება და რაღაც უნდა შეიცვალოსო, მაგრამ რა შეიცვალოს და როგორ, ისე აურიეს ერთმანეთში, რომ გამოვიდა აბსურდი. კი ბატონო, ვიცით, რომ ეს პარტია ლიბერტარიანიზმის იდეების გამომხატველია, რაც პიროვნების თავისუფლების ზრდას და სახელმწიფოს ფუნქციების მინიმუმამდე შემცირებას (ფაქტობრივად, ლიკვიდაციას) ითვალისწინებს, თუმცა ამის მიღწევის გზები ისე პრიმიტიულად წარმოადგინეს, რომ თავისუფლების სანუკვარი იდეაც კი ტაკიმასხრობად აქციეს. თუმცა არა მხოლოდ "გირჩში", არამედ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ფენაში თავისუფლებამ დამახინჯებული მნიშვნელობა შეიძინა. ადამიანები მიახლოებითაც ვერ აცნობიერებენ ამ ცნების შინაარსს.

კონკრეტულად "გირჩისა" და გირჩელების თავისუფლება განიხილება ბავშვის ინფანტილური მოთხოვნილებების ჭრილში, რომელსაც ვუკრძალავთ, ესა და ეს არ ჭამოო, ის კი გარბის და ჭამს. "გირჩის" თავისუფლების ლოგიკაც სწორედ ასეთია. "ჩემი სხეული ჩემია და და რასაც მინდა, იმას ვუზამ"" - ამბობენ ისინი და ვერ აცნობიერებენ, რომ ეს არ არის თავისუფლება! რეალურად ამ ყველაფრის უკან დგას დაბალი აზროვნება, რომელიც, არა მგონია, მთლად უსაფრთხო იყოს. საილუსტრაციოდ ცნობილი მწერლის გამონათქვამს მოვიყვან, რომელიც ამბობს, რომ ბრიყვი­ ბოროტზე საშიშია, რადგან ბოროტი დროდადრო ისვენებს.

- თუმცა მათ იდეებს ათასობით მომხრე ჰყავს...
- "გირჩის" მომხრე ახალგაზრდობაა და მესმის, რატომაც. ხედავენ, რომ პერსპექტივა არა აქვთ, რომ მათ უნარებს არაფრად აგდებენ და ამ ყველაფრის შეცვლა უნდათ, რაც კარგია. ამიტომაც შეეკედლნენ "გირჩს", მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აზროვნების პრიმიტიული საფეხურიდან "გირჩი" ამ ცვლილებებს ვერასოდეს განახორციელებს... ისიც უნდა ითქვას, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების საქმიანობაც ზუსტად ისეთივე კარიკატურულია, როგორიც "გირჩის", რადგან საზოგადოების ინტერესების დაცვა არც ერთი მათგანის მიზანი არ არის. ისინი მხოლოდ იმ ერთი მუჭა ხალხის ინტერესებს იცავენ, რომელიც პარლამენტში თავისი ბიზნესის "დასაკრიშად" აღმოჩნდა. გასაგებია, რომ მათაც სჭირდებათ ინტერესების დაცვა, მაგრამ გაუგებარია, საქართველოში, სადაც 80%-ზე მეტი გაჭირვებულია, მთელი პარლამენტი რატომ უნდა გვევლინებოდეს მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფის დამცველად. ასეთი ქვეყნის პარლამენტში რომ 23 მილიონერი ბიზნესმენი მოხვდა, ჩემთვის პაროდია და სიმახინჯეა. ქვეყნისთვის ბიზნესის როლი ხომ სულ სხვაა! ის სახელმწიფოს კეთილდღეობასაც უნდა ქმნიდეს, მაგრამ ბავშვური გულუბრყვილობა იქნება იმაზე ფიქრი, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ბიზნესს "კრიშავენ", ოდესმე ხალხზე იფიქრებენ. ამას არასდროს გააკეთებენ არც ხელისუფლება, არც "ნაციონალური მოძრაობა"­ თუ მისი განშტოებები. ისინი ყოველთვის მიიღებენ კანონებს, რომლებიც მათვე აწყობთ.

მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ წინა ხელისუფლების მიერ 2011 წელს მიღებული კონსტიტუციის უანალოგო­ 94-ე მუხლი, რომელიც ახალი გადასახადის შემოსაღებად რეფერენდუმის გამართვას ითვალისწინებს, დღევანდელმა ხელისუფლებამაც კბილებით დაიცვა. ეს იმიტომ, რომ თავადაც სწორედ ასე სჭირდებოდა. განსხვავება, ჩემი აზრით, მხოლოდ ის არის, რომ ხელისუფლება სააკაშვილის სადისტური ძალადობით შეწუხებულ ხალხს დაჰპირდა, მსგავსს არასოდეს გავიმეორებთო. თუმცა ბოლო წლებში ზეწოლაც ვნახეთ და ძალადობაც, მაგრამ, როგორც თავად უწოდებენ, უფრო კორექტული, შერბილებული, დანარჩენი თითქმის ყველაფერი საერთო აქვთ, მათ შორის ისიც, რომ თავიანთ კონტროლს დაქვემდებარებული ტელევიზიები დეზინფორმაციის საშუალებებად აქციეს, რომელთა მოსმენით ვერაფრით გაიგებ, რა ხდება შენს ქვეყანაში. ასე რომ, ჩვენ ვართ პოლიტიკურ კრიზისში და ამ ვითარებაში არაფერს შეცვლის ის, ვინ შევა პარლამენტში. უნდა მოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის დაცვას შეძლებს. კეთილდღეობა დღეს მხოლოდ პარლამენტში საკუთარი ბიზნესის­ "დამკრიშავ" ხალხს ეკუთვნის, საზოგადოების უმრავლესობა კი გაძვალტყავებულია. ქვეყანას არსებობის პერსპექტივა ეკარგება... ჩვენი განათლების სისტემა მკვდარია. ისიც იმავე ბიზნესად იქცა, რომელიც ცოდნაზე­ არ არის ორიენტირებული­, რადგან სახელმწიფოს არ გააჩნია ნება, განათლების სტრატეგიული პროგრამა შექმნას.

- იგივე ხდება კულტურაშიც...
- ესეც იმ რეალობის გამოა, რომელშიც ვცხოვრობთ. ევროპული სახელმწიფოები უამრავ ფულს ხარჯავენ კულტურის განვითარებაზე და ამას კერძო ბიზნესსაც ავალებენ (ამ უკანასკნელსაც მომზადებული ხალხი ურჩევნია უვიცების ყოლას), ჩვენთან კი რა ხდება? მე ვიცნობ თეატრის მსახიობებს, რომლებიც სპექტაკლზე მხოლოდ 12-16 ლარს იღებენ, საათობით გაგრძელებულ რეპეტიციებში კი - არაფერს. ამის გამო იძულებული არიან იმუშაონ კურიერებად ან სადმე სხვაგან, ანდა სულაც ქვეყნიდან გაიქცნენ. იგივე ხდება სამედიცინო სფეროშიც, რომელიც ასევე­ პრივატიზებულია და სახელმწიფოს არ ემორჩილება.­ ამ პანდემიის დროს ხომ კარგად დავინახეთ, რა ხდება კერძო სამედიცინო ბიზნესში? კლინიკები დაავადებულ პაციენტებს არ იღებენ! და ამ დროს სამედიცინო პერსონალს, რომლის გარეშე ხშირად ვერც გადავრჩებით, მონური ხელფასი აქვს, სააფთიაქო ქსელის მფლობელი პარლამენტის დეპუტატი კი ტელევიზიით გამოდის და ამაყობს, რომ თურმე წამლების კარგი "ბარიგაა"­ და ადამიანებს სიცო­ცხლეზე ცეცხლის ფასად ევაჭრება. იგივე­ ხდება სუპერმარკეტებში, სადაც პროდუქტს წარმოუდგენლად არაადეკვატური ფასი აქვს. გერმანიაში 16 წელიწადი ვცხოვრობდი და ძალიან კარგად ვიცი, რა რამდენი უნდა ღირდეს. ის პროდუქტი, რომელიც გერმანიაში ერთ ევროდ იყიდება­, ჩვენთან მინიმუმ 15 ლარი ღირს! აი, ამ დროს ხელისუფლება თავს ბრწყინვალე მენეჯერად წარმოგვიდგენს და მაგალითად საახალწლოდ მდიდრულად გაჩახჩახებული რუსთაველი მოჰყავს, არადა, პანდემიის გამო ბევრ მდიდარ სახელმწიფოში ახალი წელი არც კი აღინიშნება! ეს არის ბრწყინვალე მენეჯმენტი, რომ ხელისუფლებამ პანდემიის გავრცელებას ხელი შეუწყოს და ისედაც გაღარიბებულ ადამიანებს პრობლემები დაუმატოს?!

- რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? რატომ გვაქვს ასეთი სახელმწიფო ან პოლიტიკა?
- მიზეზი ბევრია, თუმცა, ალბათ, ყველაფერი მაინც 90-იან წლებში უგუნური, იმპულსებზე გათვლილი ომებით დაიწყო, რა დროსაც ქვეყანა ნანგრევებად იქცა. 90-იანი წლების ბოლოს ოდნავი სტაბილურობა­ გაჩნდა, თუმცა მერე მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, რომელმაც სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ გაეყიდა ყველაფერი, რაც გვქონდა და რისი გამოყენებაც თავადვე შეგვეძლო. ბენდუქიძემ, რომელიც ახლა ლამის ეკონომიკის მამად შეირაცხა, თქვა, მე ვყიდი ყველაფერს, რაც არსებობსო! და გაყიდა! გაყიდული ობიექტების უმეტესობა რუსეთს ჩაუვარდა ხელში, მიღებული ფული კი დაიხარჯა და გაქრა. მომდევნო ხელისუფლებამ იმავე შინაარსით, ოღონდ სხვა ფორმებით დაიწყო თავისი მომხრე ბიზნესმენების ლობირება, ხალხი კი ისევ ღატაკია.

- ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ. გამოსავალი სად არის?
- ყველაფრის მიუხედავად, ამ არჩევნებმა დამანახა, რომ ხალხს ვეღარ მოატყუებ. ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არჩევნებზე არ მივიდა და ამით ყველა პარტიის მიმართ პროტესტი გამოხატა, ანდა ოპოზიციას არ მისცა იმდენი ხმა, რამდენსაც რატომღაც ისინი ელოდნენ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, დანარჩენი ხმები როგორ იქნა მოპოვებული... ვიმეორებ, ქვეყნის კეთილდღეობისთვის პოლიტიკაში რადიკალურად განსხვავებული­ ძალა უნდა მოვიდეს და ის აუცილებლად მოვა, ოღონდ ამას დრო სჭირდება. მე თუ მკითხავთ, ვინ არის ეს ძალა, გიპასუხებთ, რომ მას იმ ახალგაზრდებში ვხედავ, რომლებიც ჯიბეში მხოლოდ საკუთარი გროშებით მიემგზავრებიან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დასაცავად - თუნდაც ნამახვანჰესის მშენებლობის შესაჩერებლად...

ხალხმა ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ტყუილი და დანაშაულია იმის მტკიცება, თითქოს ამ ჰესების გარეშე კეთილდღეობა ვერ იქნება, მით უფრო, რომ მათი ალტერნატივა არსებობს. სამეცნიერო გათვლების გარეშე ამ ობიექტების მშენებლობა ისევე ემსახურება კონკრეტული სუბიექტების ინტერესებს, როგორც სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაში. ვიღაცები ბედავენ და ხალხს ეუბნებიან, ჩამორჩენილები და უკულტუროები ხართ, რადგან ჰესების აშენება არ გინდათ, ამიტომაც საკუთარი მიწიდან უნდა აგყაროთ და "ცივილიზებულებად" გაქციოთ, ქვეყნის ისტორია და ბუნება კი გავანადგუროთო. ზუსტად ასევე ექცეოდნენ თავის დროზე აფრიკის ქვეყნებს, რომლებიც ისეთ კოლონიებად აქციეს, განვითარების საშუალება აღარ მისცეს, ახლა კი ზემოდან დასცქერიან და ეუბნებიან, რომ თურმე განუვითარებლები არიან. ჩვენც სწორედ ეს ბედი გველოდება, თუ არ მოვძებნით ალტერნატივას და არ მოვა სხვა ძალა, რომელიც ქვეყანაზე იზრუნებს. თუმცა ეს აუცილებლად მოხდება, რადგან როდესაც გაქრობის პირას დგები, მაშინვე იწყებს ამუშავებას გადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ ხსნის გზა გაპოვნინოს. ამ გზას ჩვენც აუცილებლად ვიპოვით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები